სამშენებლო კომპანიების მხრიდან პროექტების წინასწარ დატაცების მცდელობას აქვს ადგილი

04/11/2020

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე და სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე, თბილისის საჯარო ბაღები ხვალიდან მუშაობას დროებით შეაჩერებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

„ბაგა-ბაღებში სწავლა განვაახლეთ, თუმცა ძალიან მალე, 40-მდე ბაღის დახურვა მოგვიწია. არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გუშინ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, ამ საკითხთან დაკავშირებით, ბევრი მსჯელობა იყო. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ხვალიდან საჯარო ბაღები დროებით დაიხურება, ვიდრე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გამოსწორდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი შვილების, მომავალი თაობების ჯანმრთელობის მდგომარეობას ვუფრთხილდებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა თავის მოადგილეს, ილია ელოშვილს დაავალა, ბაღებში ის სოციალური პროექტი გაგრძელდეს, რომლის თანახმადაც, მშობლებს აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი რაციონის სახლში წაღება შეეძლებათ.

„მინდა, ილია ელოშვილს დავავალო, რომ უზრუნველყოს კვების საკითხი, ისევე, როგორც ამას პანდემიის პერიოდში ვაკეთებდით და მშობლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, საკვები რაციონი სახლში წაეღოთ. პროდუქტებით უზრუნველყოფა მოვახდინოთ ისე, როგორც ეს წინა თვეების განმავლობაში გვქონდა“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, ყველა საჯარო ბაღი მუშაობას შეაჩერებს იქამდე, ვიდრე საკოორდინაციო საბჭოსა და ეპიდემიოლოგების მიერ სხვაგვარი რეკომენდაცია არ გაიცემა. თბილისის მერმა იმ სამშენებლო კომპანიებზეც ისაუბრა, რომლებიც ვარკეთილის მესამე მასივის ავარიული საცხოვრებელი სახლების მოსახლეობასთან, მერიის მიერ დაგეგმილი განაშენიანების კონცეფციის გვერდის ავლით, მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

„თბილისში ავარიული შენობა-ნაგებობები, სამწუხაროდ, ბევრია. მათგან ნაწილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. არსებობს ჩვეულებრივი შენობა-ნაგებობები, რომლის ავარიულობა კატეგორიების მიხედვით განისაზღვრება. ეს პრობლემა ყველა რაიონში არსებობს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ სამგორის რაიონში, ვარკეთილის მესამე მასივზე, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობით არის განთავსებული მესამე და მეოთხე კლასის ავარიული შენობები, რამდენიმე მეხუთე კლასიც არის. ამ ტერიტორიის განაშენიანების კონცეფცია დედაქალაქის მერიამ უკვე შეიმუშავა. ჩვენ დავდეთ ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს კონკრეტული არეალები და რა უნდა აშენდეს ამ ავარიული შენობა-ნაგებობების ნაცვლად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, კონცეფცია საკრებულოში უახლოეს მომავალში გაიგზავნება რის შემდეგაც, სამშენებლო სექტორთან კომუნიკაცია შედგება და კონკურსი გამოცხადდება. მანამდე კი, დედაქალაქის მერმა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ცრუ დაპირებებისგან.

„სამშენებლო კომპანიების მხრიდან პროექტების წინასწარ დატაცების მცდელობას აქვს ადგილი, რომლითაც ვღებულობთ იმას, რომ მოსახლეობა შეჰყავთ შეცდომაში და არასწორ მოლოდინებს აჩენენ. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, მინდა მოვუწოდო იმ ადამიანებს, რომლებიც ცრუ ინფორმაციისა და არასრული მონაცემების საფუძველზე იწყებენ მოლაპარაკებას და გარკვეულ დაპირებებს აძლევენ მოსახლეობას, რომ თავი შეიკავონ ასეთი ქმედებებისგან, ნუ აზარალებენ მთლიანად პროცესს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერი მოსახლეობას ურჩევს, კონცეფციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე ხელშეკრულებები არ გააფორმონ.

„მინდა, ადგილობრივ მოსახლეობას ვთხოვო, ვიდრე კონცეფციასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, არავისთან კომუნიკაციაში არ შეხვიდეთ და ხელშეკრულებები არ გააფორმოთ. ჩვენ ვიცავთ მოსახლეობის ინტერესებს და გვინდა, სწორად მოხდეს ამ არეალების განვითარება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ყურადღება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალ მარშრუტებზეც გამახვილდა. კერძოდ, აღინიშნა, რომ 7 ნოემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს კიდევ 13 მარშრუტი ემატება, რომელთაგან საქალაქო მნიშვნელობის ავტობუსების ხუთი მარშრუტი და მიკროავტობუსების რვა საუბნო მნიშვნელობის ხაზია.

„24 ოქტომბერს გვქონდა პრეზენტაცია, სადაც მოსახლეობას საზოგადოებრივი ტრანსპორტის 10 ახალი მიმართულება წარვუდგინეთ. მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია ახალ ქსელზე, რომელიც ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა რაიონში გადანაწილდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს 13 ახალი მარშრუტი ემატება. ეს არის საქალაქო მნიშვნელობის ავტობუსების ხუთი და მიკროავტობუსების რვა ხაზი, ანუ საუბნო მნიშვნელობის მარშრუტები. აღნიშნულ მარშრუტებზე მხოლოდ და მხოლოდ ახალი ტრანსპორტი ივლის. მინდა, დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიაწოდოს მოსახლეობას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

7 ნოემბრიდან ჯამში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინფრასტრუქტურას 47 ერთეული მიკროავტობუსი და 42 ერთეული ავტობუსი ემატება. ავტობუსების მარშრუტები შემდეგნაირად ნაწილდება: N343 ზემო ფონიჭალა – ვაზისუბნის დასახლება; N344 ზემო ფონიჭალა – ბარათაშვილის ქუჩა; N363 თხინვალა – მეტროსადგური „დელისი“ – უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი; N383 ქავთარაძე – ზემო ვაკე – ბარათაშვილის ქუჩა; N387 წრიული – საბურთალო – ვაკე – საბურთალო.
რაც შეეხება მიკროავტობუსებს, ისინი შემდეგ მარშრუტებზე იმოძრავებენ: N482 ახალდაბა – წყნეთი; N483 წყნეთი – წრიული; N419 სოფ. აგარაკი – მეტრო „სახელმწიფო უნივერსიტეტი“; N463 – ზაჰესი (ჭიჭინაძისა და ცქიტიშვილის ქუჩები); N464 – ბილფელდის, ჩიქოვანის ქუჩა, სპორტის სასახლე; N408 აეროპორტის დასახლება – ალექსეევკას დასახლება – მეტროსადგური „ისანი“; N457 „სადგურის მოედანი“ – ჯავახიშვილის ქუჩა – ბესიკის ქუჩა; N476 მეტროსადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტი“, ანჯაფარიძის, ქავთარაძის, ნუცუბიძის, შარტავას ქუჩა, სადგურის მოედანი. ამასთან, მგზავრები ახალ ხაზებთან დაკავშირებულ ინფორმაციას გაჩერებებზე განთავსებული ბილბორდების საშუალებით მიიღებენ. გარდა ამისა, თბილისის მერმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში პანდემიასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებით ისაუბრა. კახა კალაძემ გასული დღის სტატისტიკური მონაცემები წარადგინა.

„გუშინ, ავტობუსში ასვლას პირბადის გარეშე 1 489 მგზავრი შეეცადა, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვა. 1 567 მგზავრს მიეცა გაფრთხილება პირბადის სწორად ტარებასთან დაკავშირებით, ორ შემთხვევაში, საჭირო გახდა საპატრულო პოლიციის გამოძახება. 63 მოქალაქებს ჰქონდა მცდელობა, მიკროავტობუსით პირბადის გარეშე ემგზავრა. გამოვლინდა ფეხზე დგომით მგზავრობის სამი შემთხვევა, მგზავრებს მიეცათ რეკომენდაცია, ხოლო ამ კონკრეტული მიკროავტობუსების მძღოლებს ორი დღით აეკრძალათ მუშაობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მოსახლეობას პირბადის ტარებისა და რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„მინდა, კიდევ ერთხელ თხოვნით მივმართო ადამიანებს, ვინც ყოველდღიურად იყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს და მოვუწოდო პირბადის ტარებისკენ. ეს არის აუცილებლობა იმისთვის, რომ დავიცვათ საკუთარი და ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობა. დღეს ყველაზე ძლიერი საშუალება და შესაძლებლობა ვირუსის დაცვისგან პირბადის ტარებაა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველდღიურ რეჟიმში გავაკონტროლებთ მგზავრებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტმა სამგორის რაიონში მდებარე ევროპის ქუჩის რეაბილიტაცია დაასრულა.

„ევროპის ქუჩის რეაბილიტაცია შარშან დავიწყეთ და წელს დავასრულეთ. თავისი გზაგამყოფებით, ახალი სანათებით, მთლიანად განახლებული და მოწესრიგებულია. იქ არის ერთი მონაკვეთი – ხიდი, რომლის ქვეშაც სარკინიგზო ინფრასტრუქტურა გადის. დავიწყეთ ამ ხიდის განახლებაც, რადგან უმძიმეს მდგომარეობაში იყო. ფაქტობრივად, ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოები 2021 წლის იანვარში უნდა დასრულდეს. პროექტის ღირებულება 1 328 000 ლარია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერი თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებს, განსაკუთრებით კი ქონების მართვის სამსახურს სთხოვს, მოიძიოს ყველა შესაძლებლობა, რათა საპრივატიზაციო გეგმა შესრულდეს და ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში არსებული დანაკლისი დაბალანსდეს.

„ჩვენ მომდევნო წლების განმავლობაშიც გავაგრძელებთ მუშაობას ყველა მიმართულებით, როგორც ინფრასტრუქტურული სამუშაოების, ისე სატრანსპორტო პოლიტიკის, ეკოლოგიური მდგომარეობის მიმართულებით. გარდა ამისა, გაგრძელდება იმ ოჯახების დახმარება, ვისაც გვერდში დგომა ყველაზე მეტად სჭირდება – მაქსიმალურად შეეწყობა ხელი ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განხორციელებას. ამ ყველაფერს კი, რა თქმა უნდა, რესურსები სჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ კი აღნიშნა, რომ პანდემიის პირობებში, დაბალი ეკონომიკური აქტივობის გამო, საგადასახადო ნაწილში შემოსავლები მნიშვნელოვნადაა შემცირებული და მუნიციპალიტეტს სავარაუდოდ, საპრივატიზაციო გეგმის გაზრდა და საპრივატიზაციო აქტივის მეტად მობილიზება მოუწევს.

„ხარჯვითი ნაწილი ეფექტურად მიმდინარეობს. მივყვებით იმ გეგმას, რომელიც დამტკიცებულია, მაგრამ საშემოსავლო ნაწილში პრობლემები გვაქვს. პანდემიისა და დაბალი ეკონომიკური აქტივობის გამო, საგადასახადო ნაწილში შემოსავლები მნიშვნელოვნადაა შემცირებული. თქვენი დავალებით, პრივატიზაციის მიმართულებას საკმაოდ ეფექტურად ვამუშავებთ, გეგმას ვასრულებთ, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, სავარაუდოდ, საპრივატიზაციო გეგმის გაზრდა და საპრივატიზაციო აქტივის კიდევ უფრო მეტად მობილიზება მოგვიწევს, იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტმა წლევანდელ ფინანსურ გამოწვევებს სრულად უპასუხოს“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

თბილისის მერმა ყველა საქალაქო სამსახურს, განსაკუთრებით კი ქონების მართვის სამსახურს სთხოვა, მოიძიოს ყველა შესაძლებლობა, რათა საპრივატიზაციო გეგმა შესრულდეს და მაქსიმალურად დაბალანსდეს ის დანაკლისი, რაც ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილშია.

„ეს ყველაფერი აისახება ქალაქზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, იმ პროგრამებზე, რაც სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით გვაქვს. ამიტომ, მაქსიმალური მუშაობა გვმართებს, რათა შემოსავლები როგორმე გავზარდოთ, იმისთვის, რომ დავეხმაროთ ქალაქს და იმ ადამიანებს, ვისაც მუნიციპალიტეტის და ხელისუფლების თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0