პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მკაცრი რეკომენდაციით მიმართავს, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, პირბადე ღია სივრცეშიც ატარონ. ზედამხედველობას პირბადეების გამოყენებაზე, განსაკუთრებით იმ სივრცეებში, სადაც სოციალური დისტანციის დაცვა შეუძლებელია, შესაბამისი უწყებები გააკონტროლებენ. როგორც საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, დადგენილი წესების 90%-ით შესრულების პირობებში, რომელიც მათ შორის პირბადის სწორად გამოყენებას მოიცავს, ინფექციის გავრცელების რისკი 70%-ით მცირდება. შესაბამისად, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან დადგენილი რეგულაციები, ხელი შეუწყონ ვირუსის გავრცელების პრევენციას, გაუფრთხილდნენ საკუთარ და გარშემომყოფთა ჯანმრთელობას.
საკოორდინაციო საბჭომ ასევე განიხილა ცხელი ხაზის გადატვირთულობასთან დაკავშირებული და პირველად ჯანდაცვაში არსებული ხარვეზები და მათი ეტაპობრივი აღმოფხვრის საკითხი. აღინიშნა, რომ ყველა შესაბამისი უწყება, საოპერაციო შტაბის კოორდინაციით, ჩართულია გამოკვეთილი ხარვეზების დროულად გამოსწორების პროცესში, შესაბამისად, ვითარება სულ უფრო უმჯობესდება. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს კლინიკებში არსებული მდგომარეობა. აღინიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო დამატებითი საწოლების მობილიზაციის კუთხით აქტიურ მუშაობას განაგრძობს. ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით დღეს დამატებით 400-ზე მეტი საწოლის მობილიზაცია განხორციელდება. ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გათვალისწინებით, საწოლფონდი რეგიონების შესაბამისად გამოიყოფა. გარდა ამისა, საგარეჯოს, თეთრიწყაროს, ქუთაისის, ახალციხისა და ლანჩხუთის კლინიკებს „ცხელების ცენტრები” დაემატება.
საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ კლინიკური მართვის ახალი მოდელი იძლევა საშუალებას, საჭიროების მიხედვით საწოლების საჭირო რაოდენობა არსებობდეს, რამდენადაც, მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტები, ოჯახის ექიმების მეთვალყურეობით, სახლში, ან ე.წ. „კოვიდ სასტუმროებში” მკურნალობენ, ხოლო სტაციონარში მძიმე პაციენტები რჩებიან. ამასთან, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსის დიაგნოსტიკისთვის, PCR-ტესტის მსგავსი პროტოკოლით, ამიერიდან ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებიც გამოიყენება, რომელიც ზუსტად PCR-ტესტის მსგავსად ტარდება და დღეს უკვე აღიარებულია, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო რეკომენდაციებით, ასევე – აშშ-ის წამლის სააგენტოს მიერ. საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა სასწავლო პროცესის კლასებსა და აუდიტორიებში მიმდინარეობის პროცესში გამოვლენილ ინფიცირების შემთხვევებზე. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, თითოეულ ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილებები ოპერატიულად და ინდივიდუალურ რეჟიმში, ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციის საფუძველზე მიიღება. ამასთან, საბჭოს გადაწყვეტილებით, ვინაიდან ზოგიერთი საარჩევნო უბანი სკოლაშია განთავსებული, ის სკოლები, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული, არჩევნებისთვის მოსამზადებელი და შემდგომი სამუშაოების ჩატარების გამო, 28 ოქტომბრიდან, სავარაუდოდ ერთი კვირით, დროებით, სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ. აღნიშნული გადაწყვეტილება გავრცელდება უმაღლეს სასწავლებლებსა და საბავშვო ბაღებზეც. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24 562 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 9 751 პირი გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაცვლილია 183 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 4 408 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში – 1 848 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 3 155 პირი. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მკაცრი რეკომენდაციით მიმართავს, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, პირბადე ღია სივრცეშიც ატარონ
23/10/2020