საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დიდი ბრიტანეთის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში, მარკ კლეიტონს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, გიორგი გახარიამ ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ მისი საქმიანობა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობის კიდევ უფრო განვითარებას. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებულ პოლიტიკურ ურთიერთობებს და სტრატეგიულ თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მისასალმებელია, რომ რთული პერიოდის მიუხედავად, წარმატებით ჩატარდა უორდროპის ქართულ-ბრიტანული სტრატეგიული დიალოგის მეშვიდე რაუნდი, რაც საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებული მაღალი დონის პარტნიორობის კიდევ ერთი დადასტურებაა. გიორგი გახარიამ დიდ ბრიტანეთს მადლობა გადაუხადა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს დიდი ბრიტანეთის უმნიშვნელოვანეს როლს კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. შეხვედრაზე აღინიშნა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, ასევე ხაზი გაესვა საქართველოს ახალ როლს შავი ზღვის ფართო რეგიონში. საუბრისას, ყურადღება დაეთმო საჯარო მმართველობის რეფორმას და ამ მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას. შეხვედრას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი დაესწრო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
07/10/2020