დისციპლინით და წესების დაცვით, მაგრამ არა შეზღუდვებით და ეკონომიკის გაჩერებით, ხელი უნდა შევუშალოთ გავრცელებას და ვისწავლოთ ვირუსთან თანაცხოვრება

24/09/2020

მობილობის ზრდის შედეგია ის, რაც დღეს ხდება, განსაკუთრებით აჭარაში, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს იყო აბსოლუტურად პროგნოზირებადი და ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფიქსირდება ინფიცირების რაოდენობის მკვეთრი ზრდა, თუმცა ეს მოსალოდნელი იყო.

„ჩვენ, ჩვენს მოქალაქეებთან ყოველთვის ვიყავით აბსოლუტურად ღია, გულწრფელი და ყოველთვის ვამბობდით, რომ შეზღუდვების მოხსნას ლოგიკურად მოჰყვებოდა ინფიცირების რაოდენობის ზრდა. რა თქმა უნდა, მობილობის ზრდის შედეგია ის, რაც დღეს ხდება, განსაკუთრებით აჭარაში, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს იყო აბსოლუტურად პროგნოზირებადი და ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით. ჩვენ, თავიდანვე, თანმიმდევრულად განვაცხადეთ, რომ ვირუსთან ბრძოლა შედგება რამდენიმე ეტაპისგან. რა თქმა უნდა, ჩვენი პირველი ამოცანა იყო შეკავება, რაც გულისხმობდა, ვირუსის დროში სწრაფი გავრცელების მაქსიმალურად შეკავებას, ამას თავისი ლოგიკური ახსნა ჰქონდა და ეს გახლდათ ის, რომ მაშინ, არა თუ საქართველოში, მსოფლიოში ვირუსის შესახებ ცოდნა იყო მინიმალური. რა თქმა უნდა, რესურსებიც იყო მინიმალური და ჩვენ გვჭირდებოდა დროის მოგება, რაც თანმიმდევრულად და ეფექტურად განვახორციელეთ, რის შედეგადაც, მოგეხსენებათ, ჩვენი ბევრი მოქალაქის სიცოცხლე გადავარჩინეთ. ეს საერთაშორისოდაც იყო აღიარებული და დღესაც აღიარებულია. დღესაც, საქართველო მწვანე ქვეყნად რჩება”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც საუბარია რისკების მართვის, ადაპტაციის ეტაპზე, ეს მოიცავს სწრაფი გამოვლენის და გავრცელების შენელების ეტაპს, კლინიკურ მართვას და ადამიანის სწრაფ დაბრუნებას ნორმალურ ცხოვრებაში.

„დღეს ადაპტაციის და მართვის ეტაპზე ვართ. პირველ ეტაპზე, ჩვენი ძირითადი ამოცანა იყო ვირუსის გავრცელების შეფერხება დროში. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადეთ, მკვეთრად დავაგდეთ მობილობა, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, მოგვეგო დრო. ამ დროის განმავლობაში, პირველი ამოცანა იყო, პირველ რიგში ჯანდაცვის სისტემის მომზადება, ტესტირების სისტემის მომზადება, პერსონალის გადამზადება და კიდევ ბევრი სხვა მიზანი, რომელიც უნდა განგვეხორციელებინა და რომელიც განვახორციელეთ. თუმცა, გასაგები იყო, რომ ეკონომიკის ინტერესებიდან გამომდინარე, საგანგებო მდგომარეობის და მკვეთრი შეზღუდვების დიდხანს გაგრძელება იყო შეუძლებელი და ყველამ ერთად, ამ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დავიწყეთ. ეს იყო აბსოლუტურად გამართლებული და სწორი ნაბიჯი. დღეს, ინფიცირებულების რაოდენობა გულისხმობს იმას, რომ ჯანდაცვის სისტემა სრულად არის მზად იმისთვის, რომ კლინიკურად მართოს ეს პროცესი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, მესამე, ყველაზე მნიშვნელოვან, ვირუსის მართვის ეტაპზე, უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება სისტემა, რომელმაც სწრაფად უნდა გამოავლინოს ინფიცირების შემთხვევები, რითაც პირველ რიგში, უნდა შეანელოს ინფექციის გავრცელება და შემდეგ, კლინიკურმა ჯგუფმა ეფექტურად უნდა უმკურნალოს, გამოაჯანმრთელოს მოქალაქეები, რომლებიც სწრაფად დაუბრუნდებიან ნორმალურ ცხოვრებას. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, სრულფასოვნად მუშაობს ცხელების ცენტრები, რომლებიც ვირუსის გამოვლენაში პირდაპირ მონაწილეობენ, ეფექტურად მუშაობს 112-ის სისტემა, რომელიც მოქალაქეების პირველივე ზარზე რეაგირებს და შემდგომ, პროტოკოლის მიხედვით მათ ჩვენებების შესაბამისად ამისამართებს.

„ეფექტურად მუშაობს სწრაფი კონტაქტების დადგენის სისტემა, რომელშიც მონაწილეობს სხვადასხვა უწყება, რაც ნიშნავს იმას, რომ გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევაში სისტემა იწყებს მის ირგვლივ კონტაქტების სწრაფ გამოვლენას და რისკების დაზღვევას. ასევე, მოგეხსენებათ, რომ ეფექტურად მუშაობს საკარანტინო სისტემა და რაც მთავარია, ყველა ამ შედეგის, ამ ეტაპების შემდეგ ეფექტურად მუშაობს ტესტირება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მაშინ, როდესაც ვირუსის გავრცელება დაიწყო, თებერვალ-მარტის თვეში, ქვეყანაში ვაკეთებდით 200 PCR-ტესტს, მარაგებიც კი არ გვქონდა. დღეის მდგომარეობით, სექტემბერში საქართველოს ჯანდაცვის სიტემა დღეში საშუალოდ აკეთებს 9 000 ტესტს. რა თქმა უნდა, დრო იყო საჭირო, რომ მოვმზადებულიყავით და ამას სჭირდებოდა, როგორც რესურსები, ასევე ადამიანების გადამზადება. გარდა ამისა, მარტში PCR-ტესტს ქვეყანაში აკეთებდა მხოლოდ ერთი – ლუგარის ლაბორატორია, დღეს არის 22 ლაბორატორია, სადაც PCR-ტესტის გაკეთება შესაძლებელია”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის განმარტებით, ვირუსის მართვის კუთხით დაგროვილი საერთო ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით, გარკვეული ცვლილებები შევიდა კლინიკური მართვის ნაწილშიც და ამოქმედდა როგორც ბინაზე, ასევე – კოვიდ-სასტუმროებში მკურნალობა, ხოლო მძიმე პაციენტები სტაციონარში რჩებიან. კლინიკური მკურნალობის ახალი სქემა, რომელიც ბოლო 4 თვის განმავლობაში მომზადდა, გულისხმობს მძიმე შემთხვევების, მათ შორის, რისკ-ჯგუფების, ქრონიკული დაავადებების მქონე, ან 65 წელს გადაცილებული მოქალაქეების სტაციონარში მკურნალობას, შედარებით მსუბუქი შემთხვევები, რომელთაც არ სჭირდებათ 24-საათიანი სამედიცინო დახმარება, კოვიდ-სასტუმროებში გადადიან, ხოლო საერთოდ მსუბუქი, ან უსიმპტომო შემთხვევები – სახლში მკურნალობენ. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, პირველადი ჯანდაცვის სისტემა კლინიკური მკურნალობის ახალი სქემაზე უკვე გადამზადებულია.

„კლინიკური მკურნალობის ახალი სქემა უკვე ამოქმედებულია აჭარაში და ეფექტურად მუშაობს. კლინიკური მართვის მიმართულებით სრულ მენეჯმენტს ახორციელებს ჯანდაცვის სამინისტრო და ამას ეფექტურად აკეთებს ქვეყნის მასშტაბით. ეს საკმაოდ კარგად გამოჩნდა აჭარაშიც,”- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მნიშვნელოვანია მოქალაქეები სწრაფად დაუბრუნდნენ აქტიურ ეკონომიკურ ცხოვრებას და ისწავლონ ვირუსთან თანაცხოვრება.

„სწორედ აქტიური ეკონომიკური ცხოვრება და სამუშაო ადგილების შენარჩუნება იყო ძირითადი მიზეზი, რის გამოც ჩვენ სწრაფად დავიწყეთ შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად, ფრთხილად, მაგრამ საკმაოდ სწრაფად სხვებთან შედარებით. ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, ვირუსი არსად წასულა, ჩვენთან არის და როდესაც ვამბობთ, რომ ადაპტაციის ეტაპზე ვართ, ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა ვისწავლოთ ვირუსთან თანაცხოვრება. ეს მარტივი წესების დაცვას ნიშნავს – უნდა ვატაროთ პირბადე, დავიცვათ ჰიგიენის ელემენტარული წესები და დისტანცია. რაც უფრო მაღალი დისციპლინა გვექნება ამ მოთხოვნების დაცვაში, მით უფრო დაბალი გვექნება გავრცელება და მით უფრო ნაკლები იქნება დაწოლა როგორც ეკონომიკაზე, ისე ჯანდაცვის სისტემაზე. ჩვენ ადაპტაციის და მართვის ეტაპზეც უნდა ვიყოთ მაქსიმალურად დისციპლინირებულები, რათა მოვიგოთ დრო, ვიდრე მსოფლიოში ვაქცინა შეიქმნება და არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ცალკე აღებული რომელიმე სახელმწიფო, მათ შორის საქართველო ვირუსს დაამარცხებს,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მკაცრი სისტემური შეზღუდვები ქვეყანაში არ დაწესდება და ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც თეორიულად შეიძლება საჭირო გახდეს, მხოლოდ მიზნობრივი და ლოკალური იქნება.

„როდესაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და მკაცრი შეზღუდვების დაწესების შესახებ, რა თქმა უნდა, გავითვალისწინეთ როგორც ქვეყნის რესურსები, ასევე ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობა. მოგეხსენებათ, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ბევრ განვითარებულ ქვეყანასთან შედარებით სუსტია, მაგრამ ამ შემთხვევაში საკმაოდ კარგად გაუმკლავდა ამ გამოწვევას. არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ 6 თვეში ჯანდაცვის სისტემა რადიკალურად შეიცვალა და უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ მკაცრი წესებით, დისციპლინით, მაგრამ არა შეზღუდვებით და ეკონომიკის გაჩერებით, ელემენტარული წესების დაცვით, პირბადით, დისტანციით ხელი შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას. ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც თეორიულად შეიძლება დაწესდეს, იქნება მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივი და ლოკალური. ეს არ იქნება სისტემური შეზღუდვები ქვეყნის მასშტაბით, ეს ვერ იქნება სისტემური შეზღუდვები ჩვენი ცხოვრების ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის ეკონომიკა, განათლება, ან თუნდაც პოლიტიკური პროცესი, საარჩევნო პროცესი,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის, უნდა აღდგეს სასწავლო პროცესიც და მოსწავლეები სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ. სასწავლო პროცესის აღდგენის ეტაპებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.

„რისკების გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვებით, ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის, სასწავლო პროცესიც უნდა აღდგეს და ბავშვები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის მოსწავლეები, სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0