პროფესიონალი და კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე არის ქვეყნის ეფექტური განვითარების გარანტი

01/09/2020

პირველ რიგში, მინდა მივულოცო საჯარო რეესტრის სააგენტოს და ციფრული მმართველობის სააგენტოს თანამშრომლებს. უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორ გარემოში ვშრომობთ და ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს არის სწორად, ეფექტურად დალაგებული სერვისები რომელიც რაც შეიძლება ახლოს უნდა მივიდეს თითოეულ მოქალაქესთან, ეს არის ის, რასაც დღეს იუსტიციის სამინისტრო აკეთებს და ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა გავაგრძელოთ და რაზე შრომაც არ უნდა დაგვეზაროს არცერთი დღე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, საჯარო რეესტრისა და ციფრული მმართველობის სააგენტოს სათაო ოფისის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, მაღალი პროფესიონალიზმის მატარებელი და კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე არის გარანტი ქვეყნის ეფექტური განვითარების.

„საჯარო მოხელე ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი გახდება ქვეყნის წარმატებაში და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მაღალი პროფესიონალიზმის მატარებელი და კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე არის გარანტი ქვეყნის ეფექტური განვითარების. ამიტომ, რაც უფრო მეტი მსგავსი შენობა გვექნება, მით უფრო წარმატებულ სახელმწიფოში ვიცხოვრებთ. გარდა ამისა, ეს არის ინსტიტუციონალური რეფორმის ნაწილიც. ყველამ კარგად ვიცით, ის რეფორმები, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ატარებს, როგორც ინსტიტუციონალურად, ადმინისტრაციულად, საკანონმდებლო ნაწილში და ამ რეფორმების შედეგებს ჩვენ ყველანი ვხედავთ. მაგალითად 81 საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც რეგიონებშია გაშლილი, იუსტიციის სახლები. მარტივი რამ მინდა გითხრათ, ის რასაც მე თვითონ შევეხე, როდესაც ეკონომიკის სამინისტროში ვმუშაობდი. ყველანაირად ვცდილობდით, რომ სხვადასხვა სამინისტროს სერვისები მიგვეტანა რაც შეიძლება ახლოს მოქალაქესთან. იდეალური არხია ის, რაც იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრებით და იუსტიციის სახლებით აქვს გაკეთებული. ეს არის ის შესაძლებლობა, როდესაც მოქალაქეს შეუძლია მივიდეს, გეოგრაფიულად გაშლილ მთელ ქვეყანაში თავის დაბაში, თავის რაიონში სადაც ცხოვრობს და შეეხოს იმ სერვისებს, რომელსაც სახელმწიფო მათ აწვდის. ეს არის იდეალური ვარიანტი და თითოეულ სამინისტროს ვეუბნებით, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ეს არხები იმისთვის, რომ ახლოს მივიდნენ მოქალაქესთან”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა ახალ პროგრამაზე, „სახელმწიფო შენი პარტნიორია”.

„იუსტიციის სამინისტროს ნაწილში, აუცილებლად უნდა გავიხსენო ახალი პროგრამა – „სახელმწიფო შენი პარტნიორია”, რომელიც ჩვენ ახლა დავიწყეთ – ეკონომიკის სამინისტროს და აწარმოე საქართველოს პროგრამები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ტურიზმის სააგენტოს. თითოეულ მოქალაქეს, ამბროლაურში, ჩხოროწყუში, ზუგდიდში, ყვარელში, თელავში შეუძლია, თავის ქალაქში მივიდეს და მიიღოს სრული ინფორმაცია, ასევე მიიღოს კონსულტაცია და კონტრაქტიც კი გააფორმოს იმ ნაწილში, რომ გახდეს ამ პროგრამების მონაწილე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ცხოვრების ხარისხი და სერვისების ხარისხი, თბილისში იქნება, ბათუმში, თელავში, თუ დაბაში, არანაირად არ უნდა განსხვავდებოდეს მოქალაქეებისთვის. არ შემიძლია არ გავიხსენო მიწის რეფორმა და მარტივი რამ მინდა ვთქვა, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში, იუსტიციის სამინისტრომ, რა თქმა უნდა, საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა მილიონზე მეტი ჰექტარი მიწა, რაც არის დამოუკიდებლობიდან 25 წლის განმავლობაში დარეგისტრირებულზე ცოტა უფრო მეტი რაოდენობაც. არ შემიძლია არ გავიხსენო სისტემური მიწის რეგისტრაცია, რომელიც ამ ზაფხულს დაიწყო და რომელსაც აქვს უკიდურესად დიდი მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, რამეთუ, დღეს, მიწა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი ჩვენი ქვეყნის და ის, სასწრაფოდ უნდა იყოს ჩართული ეკონომიკურ ბრუნვაში. ზედაპირულად, ერთი შეხედვით, ეს ის გამოწვევებია, რომლებსაც თქვენ უნდა გაუმკლავდეთ. როგორც გავიგე, ამ გარემოში იქნება საბავშვო ბაღიც. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საჯარო მოხელე იყოს ეფექტიანი, მაღალკვალიფიციური და რაც მთავარია, კეთილსინდისიერი. ასეთ საჯარო მოხელეს შეუძლია განავითაროს ეფექტური სახელმწიფო და ასეთი საჯარო მოხელე იქნება ყველაზე კარგი მსახური თითოეული მოქალაქის. კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0