სამხარეო ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

21/08/2020

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გამართა. სხდომას შიდა ქართლის რეგიონში შემავალი ოთხივე მუნიციპალიტეტის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე 2020 წელს რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებაზე იმსჯელეს. ასევე, შიდა ქართლში 2014-2021 წლებში რეგიონული განვითარების სტრატეგიის 2019-2021 წლების სამოქმედო გეგმაში ცვლილებების შეტანა განიხილეს. კერძოდ, 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმას გორის მუნციპალიტეტის ორი, კასპის მუნიციპალიტეტის ორი და ხაშურის მუნიციპალიტეტის 11 ახალი პროექტი დაემატება. იგეგმება გორში, FIFA-ს სტანდარტების დაცვით, ხელოვნურსაფარიანი ორი სტადიონისა და საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა, კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ფერმასა და ჩანგილარში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა, ხოლო ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების – ნაბახტევის, ქინძათის, მონასტერის, წრომის, ზეკოტის, ურთხვის, დუმაცხოვოს, რუსაანთუბნის, ვაყის ხიდიდან სოფელ ტკოცამდე და სავანისუბნამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაცია, ასევე, სოფელ დიდ ფლევში ჭაბურღილის სათავე ნაგებობისა და ქსელის მოწყობა. განსახორციელებელი პროექტების ჯამური ღირებულება 20 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0