ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპის ბიუჯეტში 130 მლნ Stopcov-ის ფონდის თანხაა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის პირადი შემოწირულობა, საიდანაც დიდი ნაწილი ბავშვების დახმარებას მოხმარდება

06/08/2020

„ანტიკრიზისული გეგმის მესამე, ახალი ეტაპის მთლიანი საბიუჯეტო პაკეტი 410 მლნ ლარია, საიდანაც 130 მლნ ლარი Stopcov ფონდში აკუმულირებული თანხებია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ 410 მლნ ლარში, რომელიც ბიუჯეტიდან იხარჯება ამ პროგრამის დასაფინანსებლად, 130 მლნ ლარი არის Stopcov ფონდში აკუმულირებული თანხები და, პირველ რიგში, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ პირადი შემოწირულობის სახით – 100 მლნ ლარის ოდენობის შენატანი, ასევე სხვადასხვა ქართული ბიზნესის მიერ გაღებული შენატანები. ეს თანხები რამდენიმე მიმართულებით დაიხარჯება, მათ შორის 17 წლის ჩათვლით ბავშვების 200-ლარიან დახმარებაზე“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მინისტრმა ასევე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა კომუნალური გადასახადების სუბსიდირების ნაწილზე. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ზამთრის პერიოდში, 4 თვის განმავლობაში მოხდება გადასახადების სუბსიდირება იმ ოჯახებისთვის, ვინც 200 კუბურ მეტრს გაზზე და 200 კილოვატ ელექტროენერგიაზე ნაკლებს მოიხმარს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0