სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან ჩვეულ რეჟიმში, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება, ასევე გაიხსნება ბიბლიოთეკები

05/08/2020

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სასწავლო პროცესი როგორც სკოლებში, ისე უნივერსიტეტებში 15 სექტემბრიდან ჩვეულ რეჟიმში, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება. მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ისიც აღინიშნა, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მზადაა ყველანაირი სცენარისთვის და საგანმანათლებლო სისტემა მოერგება იმ ეპიდსიტუაციას, რომელიც იმ დროს იქნება აქტუალური. გარდა ამისა, მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ შეაჯამა ერთიანი ეროვნული გამოცდების, სამაგისტრო გამოცდების და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები და აღნიშნა, რომ პროცესი სრულყოფილ აკადემიურ და უსაფრთხო გარემოში, სამედიცინო პროტოკოლის შესაბამისად ჩატარდა და მაქსიმალურად იყო დაცული ყველა აბიტურიენტის ინტერესი. იმ აბიტურიენტს კი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, დარჩენილი გამოცდის სამკურნალო დაწესებულებაში ჩაბარების შესაძლებლობა მიეცა, რაც უპრეცედენტო ფაქტი იყო.
გარდა ამისა, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით დასაშვები ხდება ბიბლიოთეკების ფუნქციონირება. შესაბამისი პროტოკოლი უახლოეს დღეებში დამტკიცდება. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საოპერაციო შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა და ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა წარადგინეს ანგარიში საქართველოში იმ ქვეყნებიდან ჩამოსულ მგზავრებთან დაკავშირებით, რომლებთანაც საქართველომ საზღვრები ორმხრივად უპირობოდ გახსნა. ვიზიტორებს და უცხოელ ტურისტებს, სურვილის შესაბამისად და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით აეროპორტშივე ჩაუტარდათ PCR ტესტირება. აღსანიშნავია, რომ პასუხი ყველა შემთხვევაში უარყოფითი აღმოჩნდა. საბჭოს წევრების შეფასებით, აღნიშნული პოზიტიური ტენდენცია მისასალმებელია, თუმცა აუცილებელია ფრთხილი და გონივრული მიდგომის კვლავ შენარჩუნება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კი, შეაჯამა საქმიანი ვიზიტის განმახორციელებელი პირებისთვის განკუთვნილი პლატფორმის ფუნქციონირება. მინისტრის ინფორმაციით, ინტერესი სულ უფრო მზარდია და დღევანდელი მონაცემებით, სხვადასხვა ქვეყნიდან შემოსულია 2 700-მდე განაცხადი. გარდა ამისა, იქმნება პლატფორმა, რომელიც უცხოელ ინვესტორებს მისცემს საშუალებას, საქართველოდან გრძელვადიანად, დისტანციურად იმუშაონ. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ამ კუთხით ძალიან მაღალი ინტერესია სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციისგან, რომელმაც თანამშრომლების ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანა.
როგორც ცნობილია, მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად ხორციელდება, წინასწარ შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით. საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ეკისრებათ ვალდებულება, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ კოვიდ19-ზე PCR ტესტი, ან გაიარონ სავალდებულო 14-დღიანი კარანტინი, ასევე საკუთარი სახსრებით. შესაბამისი ელექტრონული ფორმები, რომლის შევსებაც წინასწარ მოუწევთ ნებისმიერი საქმიანი ვიზიტის განმახორციელებელ პირებს, ხელმისაწვდომია საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე www.StopCoV.ge.
საბჭოს წევრებმა ასევე განიხილეს საკარანტინო სივრცეების კუთხით არსებული შესაძლებლობები და ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნის გეგმა. სხდომაზე აღინიშნა, რომ გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და გამოჯანმრთელდა 12 პაციენტი. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების შეფასებით, კვლავ აუცილებელია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულება, მათ შორის – პირბადეების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1197 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 974 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაცვლილია 17 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 7071 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 294 პირი. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0