მუნიციპალური და კერძო სასაფლაოების ტერიტორიებზე სრული ქაოსია

22/07/2020

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა. როგორც სხდომაზე აღინიშნა, დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევაზე არსებული ჯარიმების ოდენობა იზრდება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი თბილისის მერიის წინადადების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტმა უკვე დაამტკიცა.

„სატრანსპორტო პოლიტიკისა და პარკირების რეფორმის ფარგლებში, ჩვენი მხრიდან მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა. მინდა, მათ ამისთვის მადლობა გადავუხადო. ცვლილებების თანახმად, ტაქსისთვის განკუთვნილ ადგილზე, სხვა სატრანსპორტო საშუალების პარკირება – 10 ლარის ნაცვლად, 50 ლარით დაჯარიმდება. აღნიშნული სივრცეები მხოლოდ A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის არის გამოყოფილი; ელექტრომობილების დამუხტვისთვის განკუთვნილ ადგილებზე, სხვა სატრანსპორტო საშუალების პარკირებაზე ჯარიმა ამ შემთხვევაშიც, 10 ლარის ნაცვლად, 50 ლარი გახდება;
პარკირების ადგილებზე, განსაკუთრებით, ცენტრალურ ქუჩებზე გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შემოსავლის მიღების (სამეწარმეო საქმიანობის) მიზნით, დღემდე მოქმედი 10 ლარის ნაცვლად, 100 ლარით დაჯარიმდება, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში – 200 ლარით; სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვება სამ თვეზე მეტი ვადით – 50 ლარით დაჯარიმდება; ძალიან ბევრი შემთხვევა ვიცით კონკრეტულ უბნებში, რაც მოსახლეობის წუხილს იწვევს. მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, ავტომანქანა კონკრეტულ ადგილზე მხოლოდ სამი თვით გააჩეროს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერის თქმით, ამკრძალავი ნიშნის – „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობისას, თუ სამართალდამრღვევი არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან ან უარს აცხადებს სატრანსპორტო საშუალების ადგილიდან გაყვანაზე, სატრანსპორტო საშუალება შეიძლება გადაყვანილ იქნეს სპეციალურ დაცულ სადგომზე ან მის თვლებს სპეციალური საშუალებით გაუკეთდეს ბლოკირება.

„პარკირების წესების დარღვევაზე საჯარიმო ქვითრის განმეორებით ჩაუბარებლობის ან ჩაბარებაზე უარის თქმის შემთხვევაში, რომლის უამრავი ფაქტი ფიქსირდება, საჯარიმო ქვითარი ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება. ეს არის სისტემა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე იყენებს. პარკირებასთან დაკავშირებულ დარვევებზეც ანალოგიური მეთოდი იქნება გამოყენებული. რაც ყველაზე მთავარია, თუ პირი, პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილ ჯარიმას ათ კალენდარულ დღეში გადაიხდის, მას ამ ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ყველა იმ პირს, რომელიც 2018 წლის 10 აპრილამდე კომპანია „სითი პარკმა“ დააჯარიმა, სანქციები გაუუქმდა. თბილისის მერმა საქართელოს პარლამენტს მხარდაჭერისა და თანამდგომისთვის მადლობა გადაუხადა.

„იცით, რომ 2018 წლის 10 აპრილიდან ჩვენ ხელშეკრულება შევწყვიტეთ კომპანია „სითი პარკთან“, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მოქალაქეების არასწორი დაჯარიმება იყო. იმ მოქალაქეებს, რომელთა ჯარიმები ჯერ აღსრულებაში არ იყო მოყვანილი, დაახლოებით, მილიონამდე ლარის ჯარიმა ჩამოეწერება. ჩვენ ამნისტიის ინიციატივა მოვამზადეთ და პარლამენტში გადავაგზავნეთ, რომელსაც მხარდაჭერა მოჰყვა. მინდა, პარლამენტის თითოეულ წევრს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადავუხადო. ვფიქრობ, ჩვენი ქალაქის მოსახლეობისთვის ამნისტია, რომელიც განხორციელდა, ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერის თქმით, დედაქალაქში არსებული მუნიციპალური და კერძო სასაფლაოების ტერიტორიაზე დაფიქსირებული დარღვევების აღმოსაფხვრელად, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მზადდება.

„მუნიციპალური და კერძო სასაფლაოების ტერიტორიებზე სრული ქაოსია. ხშირია სასაფლაოების მოწყობის და მოვლა-პატრონობის წესების დარღვევის შემთხვევები, რომელზეც არანაირი სანქცია არ არსებობს. ასევე, ხდება მიწების მიტაცება. ხშირია საფლავსზედა ნაგებობების უნებართვოდ მოწყობისა და უკანონო კონსტრუქციების განთავსების შემთხვევებიც. ეს ყველაფერი რომ მოვაწესრიგოთ, ამისთვის საკანონმდებლო ცვლილებებია მნიშვნელოვანი, რომელსაც ვამზადებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ცვლილებათა პაკეტი დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება, რომ აღნიშნული მიმართულება დროულად მოწესრიგდეს. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ თბილისის მერია პრესის ჯიხურების ერთიან ვიზუალს შეიმუშავებს, რომელიც შესაბამის სამსახურებთან იქნება შეთანხმებული. პრესის რეალიზაციისთვის განკუთვნილი ჯიხურების განსათავსებლად, ქალაქში კონკრეტული ადგილები გამოიყოფა.

„ჯიხურებთან დაკავშირებით ჩვენი დამოკიდებულება ცნობილია და ამაზე არაერთხელ მისაუბრია. ჩვენთვის ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ჯიხურების განთავსება მიუღებელია. პრესის ჯიხურები კონკურენციას ვერ უწევს იმ ჯიხურებს, რომლებიც სხვადასხვა პრუდუქციით ვაჭრობენ. იმისთვის, რომ ბეჭდურ მედიას დავეხმაროთ და პრესის გავრცელებას ხელი შევუწყოთ, გვინდა, რომ ქალაქში გამოიძებნოს შესაბამისი ადგილები, სადაც პრესის ჯიხურებს განვათავსებთ. რა თქმა უნდა, ჯიხურების დიზაინი და ვიზუალი აუცილებლად იქნება შეთანხმებული შესაბამის სამსახურებთან, რომ მათი დიზაინი ჩვენი ქალაქის ურბანიტიკასთან შესაბამისობაში მოვიდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს აღნიშნულ საკითხზე მუშაობა და აუქციონის გამოცხადება დაავალა.

„მინდა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დავავალო, რომ აუქციონის გამოსაცხადებლად მზადება დაიწყოთ და ამ მიმართულების განვითარებას ხელი შევუწყოთ. მსგავს ჯიხურებს მხოლოდ და მხოლოდ პრესის მიმართულებით მუშაობა მოუწევთ. დაამუშავეთ, განსაზღვრეთ კონკრეტული ადგილები და აუქციონი გამოაცხადეთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ სამგორის რაიონის გამგეობისა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს ქვემო სამგორში, ნაკადულის ქუჩის მესამე გასასვლელში არსებულ მიწის ნაკვეთზე განსახორციელებელ პროექტთან დაკავშირებით, ადგილობრივებთან კომუნიკაციაც დაავალა. თბილისის მერის განცხადებით, ჯერ კიდევ ორი წლის წინ ადგილობრივი მოსახლეობა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე სპორტული მოედნის მოწყობის ინიაციატივით გამოვიდნენ.

„ჯერ კიდევ ორი წლის წინ ადგილობრივი მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ძალიან აქტიურობდნენ, რომ ამ კონკრეტულ ადგილზე სპორტული მოედანი და რეკრეციული სივრცე მოწყობილიყო. ჩვენ მოვახერეთ, რომ ეს კონკრეტული მიწის ნაკვეთი მუნიციპალიტეტს გადმოეცა. მინდა, დავავალო როგორც სამგორის რაიონის გამგეობას, ასევე, ჩვენს სამსახურებს, რომ ადგილობრივების ჩართულობით განვსაზღვრეთ, თუ რისი გაკეთების სურვილი აქვთ ახალგაზრდებს. მათი სურვილი იყო, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე საფეხბურთო მოედნის პროექტი განხორციელებულიყო. ჩვენი მხრიდან იქნება მხარდაჭერა და თანადგომა, ყველაფერი გაკეთდება ისე, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში ვიქცევით. ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ რეკრეაციულ სივრცეებს, სპორტულ მოედნებს და ამ შემთხვევაშიც, პროექტი მაღალ დონეზე განხორციელდება. მთავარია, ადგილობრივების ჩართულობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე კეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალობის ამაღლების სტრატეგია დაამტკიცა. აღნიშნული სტრატეგიის მიღება და მისი შემდგომი იმპლემენტაცია „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) 2018-2020 სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ერთ-ერთი ვალდებულებაა.

„როდესაც ვსაუბრობთ სხვადახვა პროექტზე, რა თქმა უნდა, სწორი მენეჯმენტი მნიშვნელოვანია. ჯერ კიდევ საარჩევნო პერიოდში, იმ შვიდი პოლიტიკიდან, რომელიც პრიორიტეტად გვქონდა გამოცხადებული, ერთ-ერთი მთავარი მიმართლება სწორედ მართვა იყო. სწორი მართვისა და მენეჯმენტის გარეშე, შეუძლებელია, წარმატებაზე ვიფიქროთ. შესაბამისად, ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ მართვას, ამ მიმართულებით, მთელი რიგი რეფორმების განხორციელებას და გამჭვირვალობის კიდევ უფრო გაძლიერებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აღნიშნული დოკუმენტის შემუშავებისთვის საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, USAID-სა და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ მადლობა გადაუხადა.

„რაც შეეხება სტრატეგიას, შეგვიძლია განვსაზღვროთ ექვსი პრიორიტეტული მიმართულება: მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა და კომუნიკაციის გაუმჯობესება; ანგარიშვალდებულების გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; კორუფციული რისკების შემცირება; მერიის სისტემაში გამჭვირვალობის გაზრდა; ადამიანური რესურსების ეფექტურად მართვა; კეთილსინდისიერების ამაღლება. ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომ სხვადახვა რაიონში განსახორციელებელ პროექტებში, რაც შეიძლება მეტი მოქალაქე ჩაერთოს “, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია ასევე, აქტიურად ატარებს პრევენციულ ღონისძიებებს კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება. დედაქალაქის მერის განცხადებით, სტრატეგიის განხორციელება 2021-2023 წლების განმავლობაშია დაგეგმილი, რომლის ფარგლებშიც, ეფექტური და გამჭვირვალე მმართველობის სისტემის დასამკვიდრებლად, არაერთი სიახლე დაინერგება. თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებამ გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმის რეაბილიტაცია დაასრულა. ახლადრეაბილიტირებული მუზეუმი დამთვალიერებლებს დღეს, 16:00 საათიდან მიიღებს.

„თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებამ ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმისა და კოტე და სოსო წერეთლების ბინა-მუზეუმის შემდეგ, კიდევ ერთი მუზეუმის რეაბილიტაცია დაასრულა. ამჯერად, დამთვალიერებლებს გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი ელოდება. აქ სამუშაოები უკვე დასრულებულია, ყველაფერი განახლებულია. თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგამოფენო-საგანმანათლებლო სივრცეა მოწყობილი. მუზეუმი დამთვალიერებლებს დღეს, 16:00 საათიდან უმასპინძლებს. ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია, მიბრძანდეს და დაათვალიეროს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერიის პრიორიტეტი არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტები, არამედ კულტურული ღონისძიებები და ღირსშესანიშნავი ადგილების მოწესრიგება-რეაბილიტაციაა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტებით შემოვიფარგლებით, არამედ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ მუზეუმების რეაბილიტაციას, კულტურულ ღონისძიებებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი ღირებული, რაც ქალაქს გააჩნია, იყოს მოწესრიგებული – გავუფრთხილდეთ, აღვადგინოთ, რეაბილიტაცია ჩავუტაროთ და ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს გადავცეთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნოდარ ტურძელაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველივე ტურში ღირსეულად გაიმარჯვებს.
თბილისის მერმა ნოდარ ტურძელაძეს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მან წლების განმავლობაში, ვაკის რაიონის გამგებლის პოსტზე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.

„როგორც იცით, პარტიამ – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარმოადგინა. ერთ-ერთი წარმომადგენელი ვაკის რაიონის გამგებელი, ნოდარ ტურძელაძეა. ის ჩვენი გუნდის წევრია. წლების განმავლობაში გამგებელი იყო და ამ პერიოდში, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. მეამაყება, რომ ჩვენ ერთად მოვახერხეთ და შევძელით იმ სირთულეებზე და გამოწვევებზე ღირსეულად გვეპასუხა, რომელიც ვაკის რაიონს აქვს. პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს. დღე და ღამის განმავლობაში მუშაობა მოგვიწევს, რომ პრობლემები რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვაროთ არა მხოლოდ ვაკის რაიონში, არამედ მთლიანად დედაქალაქში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ნოდარ ტურძელაძის მიერ გამგებლის თანამდებობის დატოვებას, თბილისის მერის თქმით, ეს კანონით გათვალისწინებულ ვადებში მოხდება.

„მინდა, ნოდარ ტურძელაძეს წარმატებები ვუსურვო. მჯერა, ის აუცილებლად ღირსეულად გაიმარჯვებს. მას აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ არჩევნები პირველივე ტურში მოიგოს. რაც შეეხება გამგებლის თანამდებობის დატოვებას, რა თქმა უნდა, ყველაფერი კანონით გათვალისწინებულ ვადებში მოხდება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0