დავით შერაზადიშვილი ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა

02/07/2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ეწვია. მინისტრის მოადგილემ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან ერთად სოფელ ნახიდურში საექსპორტო კარტოფილის შემკრები პუნქტი მოინახულა და კარტოფილის რეალიზაციის პროცესს ადგილზე გაეცნო.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაშტაბით, კარტოფილის ექსპორტი სხვადასხვა ქვეყანაში სწორედ ამ სადისტრიბუციო პუნქტის საშუალებით ხორციელდება. სოფელ ნახიდურში სადისტრიბუციო პუნქტის გახსნა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ივნისში გადაწყდა. მერმა და მინისტრის მოადგილემ სოფელ სავანეთში, შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში შექმნილი სამაცივრე მეურნეობის შპს „მზიანი მოსავალი”-ს საწარმო დაათვალიერეს. აღსანიშნავია, რომ საწარმო კარტოფილით შპს „Wellington”-ს ამარაგებს, რომელიც ქართულ ჩიფსს „FRIXX” –ს აწარმოებს.
ბოლო წლებია ბოლნისის მუნიციპალიტეტში მეღვინეობის კულტურის აღორძინება აქტიურად დაიწყო. დავით შერაზადიშილმა, სოლომონ პავლიაშვილმა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ დღეს ბოლნისის აგროცენტრში ადგილობრივ მეღვინეებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში მეღვინეობის განვითარებისთვის საჭირო პროექტები განიხილეს და სამომავლო გეგმები დასახეს. მევენახეებთან შეხვედრის შემდეგ, ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლებმა სოფელ რატევანში თანამედროვე სტანდარტებით გაშენებულ ვენახსაც ესტუმრნენ. სტუმრებმა ქალაქ ბოლნისში, ერთ-ერთი საოჯახო მარნის ვენახიც მოინახულეს, მეღვინე ბოლო რამდენიმე წელია ღვინოს ტრადიციული მეთოდით, ქვევრში აყენებს.
მინისტრი ვიზიტის ფარგლებში, სოფელ დისველსაც ეწვია, სადაც მარცვლეული კულტურების მწარმოებელ ფერმერებს შეხვდა და გაესაუბრა. მინისტრმა ასევე მოინახულა ბიოვენახი, რომელიც პროგრამა “დანერგე მომავალის“ დახმარებით გაშენდა.
ვიზიტის დასასრულს კი სოლომონ პავლიაშვილმა და დავით შერაზადიშვილმა სოფელ ხატისოფელში, შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში შექმნილი სამაცივრე მეურნეობა მოინახულეს, ასევე სახელმწიფო პროგრამა “დანერგე მომავლის“ მიერ დაფინანსებული მრავალწლიანი კულტურებით გაშენებული ბაღები დაათვალიერეს. მინისტრის მოადგილის გარდა, ბოლნისში საქართველოს მელიორაციის კორპორაციული დირექტორი გენადი კერძევაძე და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების დირექტორის მოადგილე გიორგი ჯიბლაძეც იმყოფებოდნენ.

“საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან ერთად სხვადასხვა მიმართულების ფერმერებს შევხვდით. განვიხილეთ ყველა საჭირბოროტო საკითხი, რომლებიც ჩვენს ფერმერებს აწუხებთ. უახლოეს პერიოდში სამუშაო შეხვედრასაც ვგეგმავთ, სადაც კონკრეტულ საკითხებზე ვიმსჯელებთ. საკარანტინო მდგომარეობისას ბოლნისელ ფერმერებს ხელი არ შეშლიათ საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებაში, რამაც თავისი შედეგი გამოიღო და წელს, ვფიქრობ, ერთ-ერთი საუკეთესო მოსავალი გვექნება“,-განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0