სამგორის რაიონში არსებული ვარკეთილის ხევი რეკრეაციული სივრცის განვითარების თვალსაზრისით, საინტერესოა

24/06/2020

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, დეველოპერულ კომპანია „m2 უძრავ ქონებასა“ და თბილისის მერიას შორის გუშინ გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, „m2“ სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ შეჩერებული ობიექტის მშენებლობას დაასრულებს.

„ძალიან მიხარია, რომ შევძელით და სამშენებლო კომპანია „m2“-თან გავაფორმეთ ხელშეკრულება, რომლითაც კომპანია იღებს ვალდებულებას, შეჩერებული მშენებლობა დაასრულოს. პირველი ასეთი პროექტი სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული ოჯახებისთვის განვახორციელეთ, როდესაც ფართებით 2 500-მდე ოჯახი დაკმაყოფილდა. საკმაოდ კარგი გამოცდილება გვაქვს უკვე დაგროვილი და გუშინდელი გადაწყვეტილებით, ფართებს დაახლოებით, 400-მდე დაზარალებული ოჯახი მიიღებს. ანალოგიური მიდგომა გვექნება სხვა დაზარალებული ოჯახების მიმართაც, როგორიცაა მაგალითად, სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ შემთხვევა. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე აქაც დადებით შედეგს მივიღებთ და 6 500-ზე მეტი ოჯახი ფართებით დაკმაყოფილდება. აღნიშნულ პროცესებს ყოველდღიურ რეჟიმში ჩემი მოადგილე ილია ელოშვილი ხელმძღვანელობს. რა თქმა უნდა, ჩვენს დაპირებას ვასრულებთ და ეტაპობივრად მივყვებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ყურადღება დედაქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ გლდანში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაციის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია.

„საგზაო ინფრასტრუქტურა უკვე მოწესრიგებულია და ავტომობილები უპრობლემოდ გადაადგილდებიან. ამჟამად, მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობა, ასევე, ავტობუსის გაჩერებების მონტაჟი. პარალელურად, მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ტროტუარებთან მონტაჟდება უსაფრთხოების ჯებირები, იქნება ზებრა გადასასვლელებიც, რომლის მეშვეობითაც, მოქალაქეები მოწესრიგებულად შეძლებენ გზის გადაჭრას და არა ქაოსურად, როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა. ბოლოს, დაიხაზება საგზაო მონიშვნები. განათების ბოძები უკვე შეცვლილია და მალე LED სანათები დამონტაჟდება. შემოდგომაზე კი გამწვანების სამუშაოები განხორციელდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

გარდა ამისა, აღინიშნა, რომ დასასრულს უახლოვდება ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაც. დაახლოებით, სამ კილომეტრამდე გზის მონაკვეთზე საგზაო სამუშაოები დასრულებულია, ასფალტის საფარის ბოლო ფენა უკვე დაიგო.

„ამჟამად, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ველობილიკები ეწყობა. ასევე, ტროტუარებისა და მიწისქვეშა გადასასვლელების ბუნებრივი ქვით მოპირკეთება ხდება. მიმდინარეობს შადრევნის სრული რეაბილიტაციაც, რაშიც ჩართულია ირაკლი ჟვანია და მინდა, მას თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო. პარალელურად, ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს. ხე-მცენარეები დაირგვება იმ თარგებში, რომელიც გამზირზე განთავსდა. პროექტის ფარგლებში, ჭავჭავაძის გამზირზე ორი სკვერის მოწესრიგება მიმდინარეობს, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, გლდანის პატარა ტბის გარშემო რეკრეაციული ზონის მოწყობის პროექტირება მიმდინარეობს, რომლის პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია. აღნიშნული ტერიტორიის განვითარებისთვის საჭირო კონცეფციის შექმნის პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და ადგილობრივი მცხოვრებლები არიან ჩართული.

„ყველა ხედავს ჩვენს მიდგომას, თუ რამდენი პროექტი განხორციელდა – გამგეობების მხრიდან სკვერების რეაბილიტაცია, არსებული პარკების განახლება-მოწესრიგება, ახალი პარკების მშენებლობის დაწყების პროექტების შექმნა. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დედაქალაქში რაც შეიძლება ბევრი მწვანე სივრცე შეიქმნას, რათა ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავიანთი შვილებით, შვილიშვილებით სასიამოვნო გარემოში დაისვენონ. გლდანის პატარა ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე პროექტის განხორციელება დავიწყეთ, რათა ტბასთან რეკრეაციული მწვანე სივრცე შეიქმნას. პროექტის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. მინდა აღვნიშნო, რომ ევროპის საბჭოს დახმარებით, სამოქალაქო ჩართულობის პლატფორმა დაფუძნდა, რომელშიც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და ადგილობრივი მცხოვრებლები არიან ჩართული. მუშავდება ერთიანი კონცეფცია, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ კონკრეტული ადგილის განვითარება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, გლდანის პატარა ტბის მიმდებარედ მოეწყობა ისეთი პარკი, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადმიანისთვის მიმზიდველი იქნება.

„ტერიტორია საკმაოდ დიდია – დაახლოებით, 37 000 კვ.მ-ია. პროექტის ფარგლებში, უნდა მოეწყოს ისეთი პარკი, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის შესაბამისი სივრცე იქნება – სპორტული მოედნებით, სასეირნო და ველობილიკებით, ახალი ხე-მცენარეებით. როდესაც პროექტი უკვე საბოლოოდ წარმოდგენილი იქნება, უშუალოდ მის განხორციელებას დავიწყებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გლდანის მსგავსად, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა სამგორის რაიონშიც. კერძოდ, ვარკეთილის ხევში, რომლის ტერიტორიაც, დაახლოებით, 3 ჰექტარს მოიცავს.

„სამგორის რაიონში არსებული ვარკეთილის ხევი რეკრეაციული სივრცის განვითარების თვალსაზრისით, საინტერესოა. აღნიშნული ტერიტორია, დაახლოებით, 3 ჰექტარს მოიცავს. საპროექტო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია. ვფიქრობთ, რომ სრული პროექტი დაახლოებით, ერთ თვეში გვექნება და უშუალოდ სამუშაოების განხორციელებას დავიწყებთ. გამოვაცხადებთ ტენდერს, გვეყოლება გამარჯვებული კომპანია, რომელიც ამ სამუშაოებს შეასრულებს. პარკი პასიურ და აქტიურ დასვენების ზონად დაიყოფა. ტერიტორიაზე საჩრდილობლებით მოსასვენებელი სივრეები, დატვირთული ატრაქციონებით საბავშვო მოედნები, ასევე, სპორტული და სავარჯიშო მოედნები, ღია ამფითეატრი, შადრევანი, ველობილიკი, ძაღლების სასეირნო და სავარჯიშო სივრცე, სკეიტ პარკი და გადმოსახედი ბაქანი მოეწყობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, განახლდება არსებული საფეხმავლო ხიდიც. პარკის ტერიტორია შეივსება ახალი ხე-მცენარეებით და გაჩნდება საპიკნიკე არეალები.

„ვფიქრობთ, რომ პროექტის დაწყება ზაფხულის ბოლოს უკვე შესაძლებელი იქნება. ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ ქალაქში რეკრეაციული სივრცეების არსებობას და დამთავრდა ის დრო, როდესაც სპორტული მოედნების, რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე ხდებოდა მშენებლობები. სრული პასუხიმგებლობით ვამბობ, რომ ჩვენი მთავრობის პირობებში ეს არ მოხდება. არ დავუშვებთ, რომ რეკრეაციული სივრცეები და სპოტული მოედნები კორპუსების, ოფისების თუ სხვადასხვა დანიშნულების მშენებლობებს შეეწიროს. ჩვენ ქალაქში გვაქვს საკმარისი სივრცე იმისთვის, რომ დეველოპერები განვითარდნენ და განახორციელონ დაგეგმილი პროექტები, თუმცა ეს არ და ვერ მოხდება რეკრეაციული სირცეების ხარჯზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა ფართების დაკანონების საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, დღეს საკუთრების დამადასტურებელი მოწმომები სიმბოლურ ფასად, გლდანისა და ნაძალადევის რაიონებში მცხოვრებ 18 ოჯახს გადაეცემათ.

„დაწყებული გვაქვს საკმაოდ კარგი პროექტი – ეს არის ბინების გადაცემა, იმ საცხოვრებელი ფართების, სადაც ადამიანები წლების განმავლობაში ცხოვრობენ. ისინი მთელი რიგი ბიუროკრატიული პრობლემების გამო, ამ ფართების დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. ჩვენ წამოვიწყეთ ეს კარგი პროექტი, რომლითაც უკვე ბევრმა ოჯახმა ისარგებლა და ძალიან ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ. დღეს გლდანისა და ნაძალადევის რაიონში, 18 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემათ. მინდა, ყველა ამ ოჯახს მივულოცო და წარმატებები ვუსურვო. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ამ პროქტის განხორციელებას და ვისაც ანალოგიური პრობლემა გაქვთ, მიმართეთ თქვენივე რაიონის გამგეობებს, სადაც მიიღებთ სრულყოფილ ინფორმაციას, თუ რა დოკუმენტაციაა საჭირო იმისთვის, რომ თქვენი საცხოვრებელი ბინების დაკანონება მოხდეს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დასასრულს, თბილისის მერმა საკუთარ მოადგილეებს, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებსა და გამგებლებს მიმართა, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, დისტანციური მუშაობის რეჟიმი, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს, მაქსიმალურად შეინარჩუნონ.

„მინდა, ჩემს მოადგილეებს, სამსახურების ხელმძღვანელებსა და გამგებლებს მივმართო – თანამშრომლები რაც შეიძლება მაქსიმალურად დატოვეთ სახლში, თუ ამით საქმე არ ფუჭდება, ამუშავეთ დისტანციურად და ნუ მოსთხოვთ სამსახურში მოსვლას არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე. ჩემი თხოვნაა, მაქსიმალურად შეზღუდეთ ადამიანების რაოდენობა და მიეცით შესაძლებლობა, დისტანციურად, სახლიდან იმუშაონ, თუ ეს, რა თქმა უნდა, პრობლემას არ გიქმნით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0