საქართველოს პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმასთან დაკავშირებით, Deloitte-ის ნიუ-იორკის ოფისის ექსპერტებმა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს პირველი პრეზენტაცია წარუდგინეს

18/06/2020

საქართველოს მთავრობა ქვეყნის ეკონომიკის საშუალო და გრძელვადიანი სტაბილიზაციის და განვითარების გეგმაზე მაღალი დონის ექსპერტებთან მუშაობას განაგრძობს – Deloitte-ის ნიუ-იორკის ოფისის წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს დღეს პირველადი პრეზენტაცია წარუდგინეს, რომელიც ფისკალური, მონეტარული და სექტორული ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზსა და საერთაშორისო კონსულტანტების რეკომენდაციებს მოიცავდა. ექსპერტებმა მაღალი შეფასება მისცეს მთავრობის მხრიდან გატარებულ ღონისძიებებს ანტიკრიზისული და სექტორული მხარდაჭერის მიმართულებებით. საერთაშორისო კონსულტანტებმა ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართული შეხვედრისას აღნიშნეს, რომ საქართველოს ხელისუფლების თითოეული ნაბიჯი პანდემიის დროს ემყარებოდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და გამოცდილებას. ექსპერტების თქმით, მოქალაქეების მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული ყველა ქმედება იყო სწრაფი და დროული.
შეხვედრისას, აღინიშნა, რომ დღეს, როდესაც მსოფლიო ახალი რეალობის წინაშეა და საუბარია ბიზნესების დივერსიფიკაციაზე, საქართველოს აქვს კარგი შესაძლებლობები, როგორც მიღწევების, ისე საერთაშორისო რეიტინგების გათვალისწინებით, რომ გახდეს კიდევ უფრო მიმზიდველი საინვესტიციო პლატფორმა. პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე საქართველოს მთავრობა აშშ-ის განვითარების სააგენტოს და გაერო-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, რამდენიმე სამუშაო ჯგუფის ფორმატში მუშაობს, მათ შორისაა: Deloitte-ის ნიუ-იორკის ოფისის ეკონომიკური ექსპერტები, კემბრიჯისა და ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორები და ქართველი ექსპერტები.
ვიდეოკონფერენციაში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და პრემიერის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი მონაწილეობდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0