ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა

11/06/2020

„2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებების შედეგად ჯანდაცვის სამინისტროს დამატებით 1.153 მილიარდი ლარი გამოეყოფა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას. მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს ძირითად ფინანსურ დოკუმენტში განსახორციელებელ ცვლილებებზე ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარების გამო, წლევანდელი ბიუჯეტი -4% ეკონომიკურ ზრდაზე დაიგეგმა, რის გამოც მთელი რიგი უწყებების დაფინანსება მცირდება, თუმცა, მისივე განცხადებით, არ უქმდება არც ერთი პროექტი და პროგრამა და მათი მხოლოდ ვადების ცვლილება განხორციელდება. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან ფინანსების მოზიდვის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიერ ფისკალური დისციპლინის დაცვის და სავალუტო ფონდთან მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად, საქართველოს ხელისუფლებამ სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტებიდან ფინანსების აკუმულირება შეძლო. გიორგი კაკაურიძემ ჯანდაცვის და სოციალურ მიმართულებებზე გამოყოფილი თანხების მიზნობრიობაზე ისაუბრა და დეტალური ინფორმაცია წარმოადგინა. მისი განცხადებით, 450 მლნ. ლარი კომპენსაციის სახით დაურიგდებათ იმ მოქალაქეებს, ვინც პანდემიის გამო სამსახურის გარეშე დარჩა. ერთჯერადად, 300 ლარიანი დახმარების გასაცემად კი ბიუჯეტში 75 მლნ. ლარი გამოიყოფა. კომუნალური გადახდებისთვის ბიუჯეტი 170 მლნ. ლარის გამოყოფას ითვალისწინებს, შშმ პირების დასახმარებლად – 24 მლნ, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას – 60 მლნ. ლარი მოხმარდება, ვირუსის მკურნალობას და პრევენციას კი – 285 მლნ. ლარი.
კომიტეტის სხდომაზე მინისტრის მოადგილემ 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიც წარადგინა და იმ მაკროეკონომიკურ და ფისკალურ მაჩვენებლებზე ისაუბრა, რომელიც ქვეყანამ გასულ საბიუჯეტო წელს მიაღწია. კომიტეტის წევრმა წარმოდგენილი საფინანსო-საბიუჯეტო ინფორმაცია დადებითად შეაფასეს და ცვლილებების პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას, მხარი დაუჭირეს. პანდემიის პერიოდში მთავრობის და ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოებული საქმიანობა კომიტეტის თავმჯდომარემ შეაფასა.

„ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას ძალიან რთული სამუშაო ჩატარდა და წინაც რთულად სამართავი პროცესი გველოდება, რადგან სამწუხაროდ, ისევ პანდემიის რეჟიმში გვიწევს ცხოვრება. მაგრამ კარგია, როდესაც ასე რთულ ვითარებაში საქართველო, რომელიც სხვა ქვეყნებისგან გამოირჩევა ფინანსური სიმწირით ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, ჩვენ გვაქვს გამორჩეულად პოზიტიური შედეგი. ამ შედეგს ბოლომდე მიტანა სჭირდება, რამეთუ ისევ პანდემიის რეჟიმში ვართ. ეს ბიუჯეტი ბევრი მნიშვნელობით საყურადღებოა და მე ვფიქრობ, რომ გარდა იმისა, რომ ეს ანტიკრიზისული ბიუჯეტია, ასევეა წინდახედული ბიუჯეტი, რადგან აქ გათვალისწინებულია შესაძლო მეორე ეპიდემიოლოგიური ტალღა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აფრთხილებს მთელ მსოფლიოს, რომ შესაძლოა ეს ტალღა კიდევ უფრო მძლავრი და კიდევ უფრო მეტი ზიანის მომტანი იყოს, ვიდრე აქამდე ვნახეთ ბევრ ქვეყანაში კატასტროფული სცენარები ვნახეთ და ვფიქრობ, რომ სიფრთხილე და წინდახედულობა აუცილებელია. რა თქმა უნდა, კრიტიკა იოლია. შესაძლოა სურვილების დონეზე წარმოდგენილი იყოს უფრო მეტი დახმარებები, უფრო მეტი შედეგი მოინდომოს ვიღაცამ, მაგრამ ქვეყანა მზად უნდა იყოს არა მხოლოდ სურვილებით, არამედ მზად უნდა იყოს ფინანსურადაც. შეიძლება სურვილი გქონდეს სწორად დაგეგმილი და გათვლილი, მაგრამ არ მოგყვებოდეს ფინანსები. ამიტომ რაც გაქვს, ისიც სწორად უნდა გადაანაწილო და უნდა გათვალო, რომ ის შემდეგშიც აუცილებლად დაგჭირდება. ვფიქრობ, რომ პანდემიის რეჟიმში ჩვენმა ქვეყანამ, მმართველმა გუნდმა სწორად მართა პროცესი და ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შეფასება, მთავარი შემფასებელი არის შედეგი და ეს არის გამორჩეულად პოზიტიური“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0