მცხეთა-მთიანეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. შენდება და რეაბილიტაცია უტარდება საბავშვო ბაღებს, სკოლებს, კულტურისა და სპორტის ობიექტებს, მნიშვნელოვნად უმჯობესდება საგზაო და ტურისტული ინფრასტრუქტურა. მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ მოინახულეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე არსებულ ვითარებას დეტალურად გაეცნენ და კონტრაქტორი კომპანიის მშენებლებს გაესაუბრნენ.
დაიწყო სპორტული კომპლექსის მშენებლობა ქალაქ დუშეთში. პროექტის ფარგლებში 4- სართულიანი შენობა აშენდება, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და აღიჭურვება. ქალაქში დაიწყო #1 საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოები და ეზოს კეთილმოწყობა. ასევე, დაგეგმილია დუშეთის #2 და #3 საბავშვო ბაღების სრული რეაბილიტაცია. აქტიურად გრძელდება დაბა თიანეთის კულტურის სახლის რეაბილიტაციაც. სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა დასრულდეს. პროექტი ითვალისწინებს შენობის სრულ განახლებას და შესაბამისი აპარატურით აღჭურვას.
მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. პროექტების ჯამური ღირებულება 6 მილიონ ლარს აღემატება.
დუშეთში, სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყო
01/06/2020