საქართველოს პარლამენტმა საქართველოს კანონის პროექტს „საქართველოს ტყის კოდექსი“ მესამე მოსმენით მხარი 79 ხმით დაუჭირა.

22/05/2020

პლენარული სხდომა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვას დაეთმო. საქართველოს პარლამენტმა საქართველოს კანონის პროექტს „საქართველოს ტყის კოდექსი“ მესამე მოსმენით მხარი 79 ხმით დაუჭირა. პროექტი დეპუტატებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა წარუდგინა.

„მინდა ყველას მოგილოცოთ ბიომრავალფეროვნების დღე და ძალიან სიმბოლურია, რომ დღეს მესამე მოსმენით ვიღებთ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან კანონპროექტს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 40 პროცენტის და ჩვენი ეკოსისტემის და ბიომრავალფეროვნების დაცვას ემსახურება. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო გერმანიის მთავრობას, იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ჩვენ ამ წლების განმავლობაში ჩვენ მათგან ვიღებდით, იმისთვის, რომ დღეს ეს ისტორიული და მნიშვნელოვანი კანონპროექტი ჩვენ მიგვეღო და ახალი ფურცლიდან დაგვეწყო ტყის სექტორის მდგრადი მართვა ჩვენს ქვეყანაში. გერმანიის მთავრობა არაერთი წლის განმავლობაში მხარს უჭერდა საქართველოს მთავრობას სწორედ ამ რეფორმების გატარების პროცესში. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ კოდექსის შემუშავებაში, იმიტომ, რომ ეს არის ფუნდამენტი სატყეო სექტორის რეფორმისა და ეს არის ფუნდამენტი ჩვენი ტყეების სწორი მდგრადი მართვის პროცესებში. მადლობას გიხდით თქვენ, იმ საინტერესო განხილვებისთვის, რომელიც ჩვენ გვქონდა კომიტეტებში“, – განაცხადა მომხსენებელმა პროექტის წარდგენისას.

კახა კუჭავა: „დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან საბოლოოდ ვამტკიცებთ ახალ ტყის კოდექსს, რომელიც დაახლოვებით შვიდი წელი მუშავდებოდა და საკმაოდ დიდი ენერგია და ფინანსები იქნა გაღებული იმისთვის, რომ ჩვენ მიგვეღო აბსოლუტურად ახალ პრინციპებზე დამყარებული ტყის კოდექსი. მადლობა მინდა გადავუხადო სამინისტროს, რომელმაც ძალიან დიდი ენერგია ჩადო ამ კანონპროექტის შემუშავებაში. მადლობა მინდა გადავუხადო გერმანიის მთავრობას და ძალიან სიმბოლურია, რომ გერმანიის ელჩი ესწრება დღეს ამ სხდომას. მადლობა GIZ-ის და ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ კანონპროექტის შემუშავებაში“.

ნინო წილოსანი: „დღეს ჩვენ ტყის კოდექსს ვიღებთ და ეს არის სექტორის რეფორმის დასაწყისი. ამით ათწლეულების მანძილზე ტყის დაცვის, ტყის მოვლის და მისი გამოყენების მავნებლური პრაქტიკა ქვეყანაში სრულდება და გადავდივართ ახალ ევროპულ სტანდარტებზე“,- განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ.

ნინო წილოსანმა კოდექსის შემუშავებაში გაწეული მხარდაჭერისთვის გერმანიის ელჩს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ჰუბერტ ქნირშის პლენარულ სხდომაზე დასწრება კიდევ ერთხელ ადასტურებს გერმანიის მთავრობის მხარდაჭერას სექტორის რეფორმის მიმართ.

„საერთაშორისო ექსპერტების, ჩვენი მეგობარი დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ამ თემით დაინტერესებული პირების და სამინისტროში გარემოს და ბუნების დაცვაზე თავდადებული ადამიანების დახმარებით, ჩვენ მივიღებთ კანონმდებლობას, რომელიც კრძალავს ტყის უსამართლო ჭრის და ლიცენზიების მავნე პრაქტიკას, უზრუნველყოფს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტყის ინვენტარიზაციას, სავალდებულო მოთხოვნად აწესებს ტყის მოვლის სამოქმედო გეგმების შემუშავებას, აჩენს ტყის მდგრადი მართვის სამართლებრივ საფუძვლებს, ახდენს ტყის კატეგორიზაციას, ტყეების მრავალფუნქციურობიდან გამომდინარე, იძლევა საშუალებას, როგორც მერქნული, ასევე, არა მერქნული რესურსების გამოყენების, ტყის მართვის ორგანო ხე-ტყის დამზადებას განახორციელებს უკვე ტყის მართვის ინტერესებიდან გამომდინარე და იფუნქციონირებს სამეურნეო ეზოები, სადაც მოხდება ტყის რესურსის დამზადება, რომელსაც ექნება როგორც სოციალური, ასევე, ეკონომიკური ეფექტი“, – განმარტა ნინო წილოსანმა.

გია გაჩეჩილაძე: „პირველი შემთხვევა არ არის, რომ გერმანიის ხელისუფლება აქტიურად ეხმარება საქართველოს ეკოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესებაში და მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო გერმანიის მთავრობას,” – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრმა გიორგი გაჩეჩილაძემ.

„ჩვენ როდესაც მწვანეთა პარტიის მეშვეობით ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს ვაკეთებდით, მაშინ სწორედ გერმანიის გრანტით გაკეთდა ეს უზარმაზარი, უმნიშვნელოვანესი პროექტი საქართველოს ტერიტორიაზე. ახლაც მინდა გავიმეორო, რომ დიდი მადლობა მათ, რომ ეს რეფორმა – ტყის რეფორმა, რომელიც ჩვენ მწვანეთა პარტიამ დავიწყეთ 1999 წლიდან, ახლა სრულდება და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ის 40% ტერიტორიის, რომლებიც საქართველოს ტყეებს უკავია, დღეის შემდეგ, როდესაც ეს კანონი შევა ძალაში, იქნება განსაკუთრებულად დაცული“, – განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

მისი თქმით, კოდექსის ამოქმედებისთანავე, ტყეში სამეურნეო საქმიანობას მთლიანად განახორციელებს სახელმწიფო და ის მავნე პრაქტიკა, რომელიც იყო ქვეყანაში და რომლის მიხედვით ტყეები უცხო ქვეყნების იურიდიულ პირებს გადაეცემოდათ, საერთოდ აიკრძალება.

ზაზა ხუციშვილი: „ვუერთდები მადლიერების სიტყვებს ყველა ჩართული პირის, ორგანიზაციის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ. გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან ერთად, ეს კანონი არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ მოწვევის პარლამენტის მუშაობის დროს გარემოს დაცვის კომიტეტმა სამინისტროსთან სინქრონული მუშაობის შემდეგ შეძლო და მიიღო.”

პლენარულ სხდომაზე მეორე და მესამე მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს, რომელიც დეპუტატებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ წარუდგინა. დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, კონსულტაციები გაიმართა სახალხო დამცველთან, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტებთან. მისივე განცხადებით, სახალხო დამცველის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის შენიშვნების უდიდესი ნაწილი გათვალისწინებულია და ასახულია პროექტში. მისივე თქმით, შეჯერება მოხდა კონკრეტულ თარიღზე, სადამდეც მთავრობას შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეეძლება.

„ვადასთან დაკავშირებით ჩვენ გავიარეთ კონსულტაციები, საკოორდინაციო საბჭოსაც წარვუდგინეთ ჩვენი მოსაზრება, შეხვედრას ესწრებოდნენ ეპიდემიოლოგებიც. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვადა გარდამავალ დებულებაში იქნება ასახული და ვადა იქნება 15 ივლისი. სრულიად ლოგიკური და გასაგები იყო პრემიერ-მინისტრის დამოკიდებულება და განაცხადი იმის თაობაზე, რომ შესაძლოა ჩვენი ქვეყნის ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოება გახდეს საფუძველი ეკონომიკური წინსვლის. ამისთვის საჭიროა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება. მინდა გავიმეორო ეპიდემიოლოგების ნათქვამი არაერთი და არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, რომ ეს არის დროებითი შედეგი და საჭიროა ამ შედეგის ბოლომდე მიყვანა. ეს არის საფუძველი ერთის მხრივ მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის და ეს მნიშვნელოვანია შემდგომი პოლიტიკური ცხოვრებისათვის, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში არ მოგვიწიოს ყოფნა და საფრთხე არ შეექმნას საარჩევნო პროცესს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ცვლილების თანახმად, კანონპროექტის რედაქტირებულ ვარიანტში საკარანტინო ღონისძიებები განიმარტება როგორც ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა შეხება ან შესაძლოა ჰქონოდა შეხება გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში; გარდა ამისა, საკარანტინო ღონისძიებებში, გარდა ზემოაღნიშნულისა, მოიაზრება აგრეთვე ღონისძიებები, რომლებიც დროებით გამოიყენება პანდემიის ან/და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის დროს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით და შეიძლება გულისხმობდეს შესაბამისი შეზღუდვების დროებით დაწესებას, საჯარო დაწესებულებების, აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემავალი სხვა დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სხვა იურიდიული პირების საქმიანობასთან/ადმინისტრირებასთან, საჯარო სერვისების მიწოდებასთან, პირთა მიმოსვლასთან, საკუთრებასთან, შრომასთან, პროფესიულ ან ეკონომიკურ საქმიანობასთან, უკანონო მიგრაციასთან/საერთაშორისო დაცვასთან ან/და სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით პირთა თავშეყრასთან დაკავშირებით. მომხსენებლის განმარტებით, კიდევ ერთი საკითხი, რომელიც კანონპროექტის მეორე მოსმენით წარმოდგენილ ვარიანტშია ასახული, 453 მუხლის მესამე პუნქტს შეეხება. ამ პუნქტის თანახმად, უფლების შეზღუდვა უნდა იყოს: საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლით დაცული სიკეთეების მიღწევისაკენ მიმართული; კანონით ან/და სხვა ნორმატიული აქტით გათვალისწინებული; დემოკრატიული საზოგადოებისათვის აუცილებელი; არადისკრიმინაციული; პროპორციულად შემზღუდველი და ისეთი, რომ შეზღუდვით დაცული სიკეთე აღემატებოდეს შეზღუდვით მიყენებულ ზიანს. მომხსენებელმა დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრებმა კანონპროექტი გააკრიტიკეს. მათი განცხადებით, კანონპროექტი, წინააღმდეგობაშია კონსტიტუციასთან.

სალომე სამადაშვილი: „ჩემთვის გაუგებარია როგორ მოიხსნა ის პრობლემა, რომელიც უკავშირდება ამ კანონმდებლობის არსის მთავარ საკითხს და ეს არის მისი წინააღმდეგობა საქართველოს კონსტიტუციასთან. ჩვენ დროებით გავალთ ქვეყანაში კონსტიტუციური მართვის ჩარჩოდან თუ შეუზღუდავი დროით, ამ კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობის პრობლემა რჩება ძალაში. დღეს ეს არის უკეთესად შეფუთული, უფრო ცივილიზებულ ენაზე დაწერილი ტექსტი, ვიდრე ის, რაც გუშინ ვნახეთ და ამით არ მოხსნილა მთავარი პრობლემა“.

თინათინ ბოკუჩავა: „მივესალმები, რომ თქვენ იმუშავეთ სახალხო დამცველთან, მაგრამ ვერც ინსტიტუციურ ნაწილში და ვერც უფლებრივ ნაწილში ვერ დაგეთანხმებით. რა ლოგიკა შეგიძლიათ წარმოგვიდგინოთ იმის ასახსნელად, რომ პარლამენტის გაუქმება 15 ივლისამდე იყოს მისაღები ან ადამიანებისთვის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა 15 ივლისამდე იყოს მისაღები?“

კითხვა-პასუხების დასრულების შემდეგ, საპარლამენტო ტრიბუნა გამოსვლებისთვის ცალკეულ დეპუტატებს, ფრაქციებისა და კომიტეტების წარმომადგენლებს დაეთმოთ.

ეკა ბესელია: „ფაქტია, რომ ეს უკეთესი ვერსიაა, ვიდრე ის, რაზეც გუშინ ვლაპარაკობდით და რაზეც ყველას წუხილია. მგონია, რომ ნაჩქარევად მოხდა ასეთი მნიშვნელოვანი კანონპროექტის შემოტანა და ეს აჩვენა ამ ორდღიანმა განხილვამ. მთავარი პრობლემა რაც რჩება და რაც არის მეტად დასაფიქრებელი, არის ფორმულირება, რომელიც ეხება კონსტიტუციით დაცულ უფლებებს. ამ უფლებების შეზღუდვა, არც ერთი შელამაზების პირობებში არ შეიძლება მოხდეს პარლამენტის თანხმობის და მისი კონტროლის გარეშე. კონსტიტუცია უნდა დავიცვათ და ნუ დავასუსტებთ პარლამენტს კიდევ მეტად ჩვენი ხელით“.

ბექა ნაცვლიშვილი: „ჩვენ ვიცით, რომ სხვადასხვა ქვეყნებმა გამოიყენეს პანდემიასთან და საკუთრ ქვეყანაში ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლაში სხვადასხვა მექანიზმები და მთავარი ამოსავალი ნებისმიერი შეზღუდვის არის, რომ შეზღუდვით დაცული სიკეთე აღემატებოდეს შეზღუდვით მიყენებულ ზიანს და ამის ინტერპრეტაცია შეიძლება სხვადასხვაგვარად. ამიტომ, ძალიან რთულია მხოლოდ მთავარობას მივანდოთ ამის უფლება. ბევრი სცენარი შეიძლება იყოს, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ არ ვიცით ჯერჯერობით როგორ დავამყაროთ კონტროლი ამ ვირუსზე. აქედან გამომდინარე, ხდება კონსტიტუციური ნორმების უგულვებელყოფა. ვინ შეაფასებს შესაბამისად, რა არის ის დაცული სიკეთე, რომელიც შეზღუდვით მიყენებულ ზიანს აღემატება? ამიტომ არის პარლამენტი, რომ იმსჯელოს ამაზე. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ მთავრობამ არ უნდა მიღოს. ამაზე პასუხისმგებლობა ყველამ უნდა ავიღოთ“.

ირმა ინაშვილი: „მე მინდა აქცენტი ამ თემის პოლიტიკურ ნაწილზე გავაკეთო. უმრავლესობა კი წავიდა ცვლილებაზე, რომ ეს იყოს დროებითი, მაგრამ გამოდის, რომ ჩვენ მაინც ვარღვევთ კონსტიტუციას, მაინც ვიღებთ არაკონსტიტუციურ ცვლილებებს და მე ვფიქრობ, რომ კონსტიტუციის ფარგლებიდან პარლამენტი არ უნდა გავიდეს არც 15 ივლისამდე და არც ერთი საათით. ჩვენ თუ ამას დავუშვებთ, ეს ძალიან მძიმე შედეგებით დაგვიბრუნდება. ჩვენ არ უნდა დავარღვიოთ კონსტიტუცია. ეს არის ალტერნატივა. არსებული კანონმდებლობა, მთავრობის სხვა ბერკეტები, თავისუფლად იძლევა იმის საშუალებას, რომ მოხდეს სიტუაციის გაკონტროლება და ადამიანების ჯანმრთელობის დაცვა.”

რომან გოცირიძე: „ამ კანონს აქვს სერიოზული პრობლემა, თვენახევრის განმავლობაშიც კი ის გადის კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და როდესაც აქ შემოგვთავაზეთ სამი ალტერნატივა, არის მეოთხე გზაც. არ უნდა შევეხოთ იმ შეუზღუდავ უფლებებს, რომელიც კონსტიტუციით მხოლოდ და მხოლოდ საგანგებო მდგოამრეობის დროს პრეზიდენტის დეკრეტით, პარლამენტთან შეთანხმებით არის დასაშვები მთავრობისთვის გადასაცემად და შესაზღუდად. ეს არის სამართლიანი და სამართლებრივი.“

ლევან კობერიძე: „ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს მმართველი გუნდისგან ისმის განცხადებები, რომ მხოლოდ სამი გზა არსებობს. მარტივად შეიძლებოდა კონსტიტუციური წინააღმდეგობრივი კანონი არ მიგეღოთ ორი მოსმენით და თვითონ კანონში გაწერილიყო მუხლობრივად ღონისძიებები და ნორმები. ამით ჩვენ ავუვლიდით გვერდს იმ პრობლემას, რასაც თარიღის დაფიქსირების მიუხედავად ჰქვია არაკონსტიტუციურობა. ჩვენ თვენახევრით მივიღებთ არაკონსტიტუციურ კანონს და დავარღვევთ კონსტიტუციას თუ ერთი დღით, ამას თვისობრივად მნიშვნელობა არ აქვს. სამწუხაროდ თქვენ იღებთ კანონს, რომელიც არ შეესაბამება კონსტიტუციას“.

ირაკლი კობახიძე: „მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო მარტივი კითხვა, რომელიც დავსვი და რომელსაც სჭირდება ასევე, მარტივი პასუხი. სულ არის სამი ალტერნატივა. გავაგრძელოთ საგანგებო მდგომარეობა, შეიძლება ეს მოსწონს ოპოზიციის წარმომადგენლებს და გავაგრძელოთ მაშინ საგანგებო მდგომარეობა და ბუნებრივია, ვიცით, რომ ამას თავისი შედეგები ექნება. მეორე ვარიანტია მივუშვათ და გავავრცელოთ შეგნებულად კორონავირუსი საქართველოში და მესამე ალტერნატივა არის – მივიღოთ ეს კანონი, რომელიც იმოქმედებს 15 ივლისამდე. მარტივად ვეკითხებით ოპოზიციის წარმომადგენლებს, რა ურჩევნიათ? ერთი, მეორე თუ მესამე? საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, ვირუსის თავის ნებაზე მიშვება თუ ურჩევნიათ ამ კანონის მიღება?! მარტივი კითხვაა და იქნებ მივიღოთ ამ კითხვაზე მარტივი პასუხი.“

ირაკლი კობახიძის მოსაზრებით, კანონში რეგულაციების მოქმედების ვადად 15 ივლისი უნდა განისაზღვროს. ასევე, მისი შემოთავაზებით, შესაძლოა კანონს 2020 წლის 15 ივლისამდე მოქმედი დროებითი ღონისძიებები დაერქვას.

„რაც შეეხება თარიღს, ჩვენ ვფიქრობთ ამ რეგულაციების მოქმედებას 15 ივლისამდე. იურიდიული ტექნიკის კუთხით შემოგთავაზებდით, რომ ეს თარიღი პირდაპირ ავსახოთ 451 მუხლის სათაურში და პირობითად შეიძლება დაერქვას 2020 წლის 15 ივლისამდე მოქმედი დროებითი ღონისძიებები. ამ შემთხვევაში ეს ვადა გავრცელდება ყველა შემდგომ ნორმაზე, რომელიც არის ასახული ამ მუხლში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანრი ოხანაშვილი: „თქვენ გუშინ გამობრძანდებით და ისაუბრებთ კანონპროექტის არაკონსტიტუციურობაზე, საღამოს კი, კენჭისყრის დროს მხარი დაუჭირეთ ჩვენს მიერ წარმოდგენილ პროექტს. თქვენმა კოლეგამ თინა ბოკუჩავამ, ამას არ დაუჭირა მხარი. ჩამოყალიბდით, ხომ არ გაემიჯნეთ ერთმანეთს, სხვადასხვა პოზიციებს ხომ არ აფიქსირებთ, რომ ვიცოდეთ ჩვენც და ჩვენმა საზოგადოებამაც“, – მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს. ანრი ოხანაშვილის თქმით, მმართველი გუნდი არ აყვება სპეკულაციებს და გააგრძელებს საზოგადოების მნიშვნელოვანი საქმის კეთებას.

„ჩვენ კიდევ ბევრჯერ ჩავაბარებთ ტესტს იმაში, რომ დავიცვათ ეფექტიანად ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. შესაბამისად, კანონი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ მაქსიმალურად დაბალანსებულია, თანაზომიერია, პროპორციულია და უზრუნველყოფს ერთ უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ მიზანს, რომელიც შესაძლებელია თქვენთვის არ არის მნიშვნელოვანი და ეს არის საზოგადოების ჯანმრთელობა. ამიტომ, მოეშვით პოლიტიკურ სპეკულაციებს“,- აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

დიმიტრი ხუნდაძე: „მე ვფიქრობ, სამი არჩევანიდან ერთი უნდა გავაკეთოთ. სხვა არჩევანი ნამდვილად არც გვაქვს. პანდემია არ დასრულებულა, ამას გვეუბნებიან მსოფლიო მნიშვნელობის ეპიდემიოლოგები და ჩვენი სპეციალისტები, რომელთა როლი ამ პოზიტიურ შედეგთან დაკავშირებით ძალიან დიდია. ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სრულიად ნათლად და გასაგებად გვეუბნება, რომ ერთბაშად არ იქნას მოხსნილი ეს რეგულაციები, თორემ ეს სახიფათოა. მე მესმის, რომ რთულია შეზღუდვების რეჟიმში ცხოვრება, მაგრამ უფრო რთულია იმ რეჟიმში ცხოვრება, როცა პაციენტები სასუნთქ აპარატზე არიან შეერთებულნი, როცა ექიმები ძალიან მძიმე არჩევანს აკეთებენ – ვიღაცას უმკურნალონ და ვიღაცას არა, იმიტომ რომ მისთვის აღარ არის ადგილი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება აქ, პარლამენტში უნდა იქნეს მიღებული და სწორედ ეს არის პარლამენტის როლი, რომ სწორი პოლიტიკა განსაზღვროს, დააზღვიოს მოსახლეობის ჯანმრთელობა, დააზღვიოს ქვეყნის ინტერესები და მისი უსაფრთხოება. სწორედ ამიტომ აქ ხდება ამ კანონის მიღება და ჩვენ მთავრობას უფლებას ვაძლევთ, რომ გონივრულად მართოს პროცესი, როგორც აქამდე შეძლო და იმედია ამის შემდეგაც შეძლებს. ეს არის იმ შემთხვევა, როცა ამ დროს საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებისგან უნდა გავთავისუფლდეთ. მე მესმის ოპოზიციას რატომ გინდათ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება და სამი ალტერნატიული ვარიანტიდან ირჩევთ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას, იმიტომ რომ გინდათ მოსახლეობა უფრო მძიმე რეგულაციების ქვეშ იყოს და ასევე გინდათ, რომ საარჩევნო პროცესი ჩაიშალოს, და მერე აქეთ გადმოგვაბრალოთ, იმიტომ რომ გეშინიათ საარჩევნო გალაწუნების და გინდათ გაწელოთ ეს დრო, რომელსაც დააბრალებთ სხვას. მაგრამ ეს გალაწუნება მაინც მოგიწევთ, იმიტომ რომ არჩევნები ჩატარდება ძალიან მალე და საზოგადოების ეს სილა იქნება საბოლოო პოლიტიკური დასასრულის დასაწყისი თქვენთვის“.

პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი 81 ხმით არც ერთის წინააღმდეგ დაუჭირა.

პლენარულ სხდომაზე ასევე მეორე და მესამე მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს, რომელიც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა წარადგინა. მომხსენებლის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი არის ანტიკრიზისული გეგმის ნაწილი, რომელიც საგადასახადო შეღავათებს ეხება. კანონის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების გათვალისწინებით, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირებისათვის საგადასახადო ვალდებულების შესრულების გადავადების და საგადასახადო შეღავათების დაწესების მიზნით. კანონმდებლებმა პირველი მოსმენით განიხილეს საქართველოს კანონის პროექტი „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. საქართველოს მთავრობის ინიციატივა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა წარადგინა. მომხსენებლის განცხადებით, კანონის პროექტი „შავი წერტილების“ (ანუ საერთო სარგებლობის საავტომობილო გზის არაუმეტეს სამას მეტრიანი მონაკვეთი, რომლის ფარგლებში სამი კალენდარული წლის განმავლობაში დაფიქსირებულია: ადამიანის დაღუპვით დასრულებული არანაკლებ ოთხი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა ან/და ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით ან/და დაღუპვით დასრულებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, რომელთა რიცხვი ჯამურად შეადგენს არანაკლებ ათს) იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების განსაზღვრას ითვალისწინებს.

„ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, გმადლობთ, რომ ეს ინიციატივა გამოიტანეთ განსახილველად. საგზაო უსაფრთხოების სფეროში ჩვენი ხელისუფლების პირობებში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა და ძალიან გამბედავი ნაბიჯებიც გადაიდგა. დროა, რომ გავაგრძელოთ ეს რეფორმები, კერძოდ იმ მიმართულებით, სადაც საჭიროა უფრო ეფექტური ანალიტიკის უზრუნველყოფა და ანალიზზე დაფუძნებული ახალი გადაწყვეტილებების მიღება. ეს მექანიზმი, რომელიც შავი წერტილების ანალიზს და მათ აღმოსაფხვრელად ღონისძიებების გატარებას უკავშირდება, უდავოდ მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ არის პირდაპირ კავშირში ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლესთან და ჯანმრთელობასთან“, – განაცხადა კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების ამოწურვის შემდგომ, პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულმა სხდომამ მუშაობა დაასრულა. პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომა საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, 27 მაისს გაიმართება, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის წინაშე Covid-ინფექციასთან და მის მართვასთან დაკავშირებული ანგარიშით წარდგება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0