დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სამგორის რაიონში მცხოვრებ 27 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. საცხოვრებელი ფართები მათ 15-წლიანი ლოდინის შემდეგ, სიმბოლურ ფასად დაუკანონდათ. თბილისის მერმა აღნიშნულ ოჯახებს მიულოცა და განაცხადა, რომ პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება.
„დღეს სამგორის რაიონში მცხოვრებ 27 ოჯახს სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადავეცით საცხოვრებელი ფართები. ეს ის ბინებია, სადაც ეს ადამიანები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ და გარკვეული მიზეზების გამო, მათ დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში, მოსახლეობას დაპირება მივეცი, რომ ყველა იმ ოჯახისა და ადამიანისთვის, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, შევქმნიდით პროგრამას, რომლის მეშვეობითაც, აღნიშნულ საკითხს მოვაგვარებდით. მართლაც, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დავიწყეთ და ამ პროგრამით უკვე 900-მდე ოჯახმა ისარგებლა. ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით და ყველამ, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, აუცილებლად უნდა მიმართოს თავისივე რაიონის გამგეობას, სადაც ფართების დაკანონებისთვის საჭირო პროცედურებს ზედმიწევნით აუხსნიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის ინიციატივით, იმ მოქალქეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ, ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემათ. პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართები უკვე 900-მდე ოჯახს დაუკანონდა. მუნიციპალიტეტის მერიაში დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს. შეხვედრაზე თბილისის მერთან ერთად, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე იმყოფებოდნენ.