მაღალმთიანი რეგიონების კანონში ცვლილებით, დამატებით ათასობით ექიმი, ექთანი, მასწავლებელი, პენსიონერი მიიღებს მხარდაჭერას

20/05/2020

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, დამატებით 6767 მოქალაქე, კერძოდ: ექიმი, ექთანი, მასწავლებელი, პენსიონერი და სოციალური პაკეტის მიმღები ისარგებლებს.
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შეღავათების ჯამური ოდენობა დაახლოებით 7,4 მილიონ ლარია და კანონპროექტის განხორციელებით მხარდაჭერა დამატებით 25-30 ათას მოსახლეს შეეხება,“ – განაცხადა ზაზა გაბუნიამ კომიტეტის სხდომაზე. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განიხილა და მხარი დაუჭირა. მომხსენებლმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა განმარტა, რომ კანონპროექტი რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეს ითვალისწინებს. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობისთვის არსებული მძიმე პირობების შესამსუბუქებლად, მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, 800 მეტრზე და მეტზე მდებარე დასახლებებს, რომლების გამყოფ ხაზთან მდებარეობენ, კრიტერიუმების დაკმაყოფილების გარეშე მიენიჭოთ მაღალმთიანი დასახლების სტატუსი. ამ კანონის მიღების შემდეგ, სტატუსს მიიღებს 19 დასახლება და ბიუჯეტში წლიური ხარჯი იქნება დაახლოებით 3,1 მლნ ლარი. მზია გიორგობიანის განმარტებით, კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს რამდენიმე ცვლილებას. მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში, სადაც (80 % მეტი დასახლებისა მაღალმთიანია) და ზღვის დონიდან 800 მეტრზე მდებარეობს, დარჩენილ მუნიციპალიტეტებსაც მაღალმთიანი სტატუსი კრიტერიუმების განხილვის გარეშე მიენიჭებათ.
ზემოაღნიშნული ცვლილებების შემთხვევაში, სტატუსი მიენიჭება 4 მუნიციპალიტეტში (თიანეთი, დმანისი, ასპინძა და დუშეთში) მდებარე 39 დასახლებას და ბიუჯეტში წლიური ხარჯი იქნება დაახლოებით 4.1 მლნ ლარი.
რაც შეეხება მესამე ცვლილებას, მომხსენებლის განმარტებით, მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება იმ დასახლებებში, სადაც მაღალია მიგრაცია და ასევე რთული კლიმატური პირობებია, მოხდება განსხვავებული წესის დადგენა და სტატუსის მისაღებად 9 თვის ნაცვლად, ფაქტობრივი ცხოვრების ვადად 6 თვე განისაზღვრება. სხდომას ასევე ესწრებოდნენ იმ რეგიონების – (შიდა ქართლი – გიორგი ხოჯევანიშვილი, მცხეთა-მთიანეთი – შალვა კერესელიძე, ქვემო ქართლი – შოთა რეხვიაშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე – პლატონ კალმახელიძე) – სახელმწიფო რწმუნებულები, რომელთაც შეეხო აღნიშნული კანონპროექტის ცვლილება.
სახელმწიფო რწმუნებულებმა დეპუტატებთან ერთად, კანონპროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებზე და მოსალოდნელ შედეგბზე საკუთარი მოსაზრებები და პოზიციები დააფიქსირეს. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე კანონპროექტი განიხილეს. საქართველოს პარლამენტის წევრების მერაბ ქვარაიასა და გოგა გულორდავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომიტეტის წევრებს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა მერაბ ქვარაიამ წარუდგინა.
პროექტის მიხედვით, საქართველოს კანონს ემატება 175-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადამხდელის ამ მუხლის ამოქმედებამდე გაცემული სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის გადაუხდელი მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებას, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა: ა) ეს ობიექტი ითვლება დაუმთავრებელ მშენებლობად; ბ) ამ ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 2025 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს.
საქართველოს პარლამენტის წევრების ზაზა გაბუნიასა და კობა ლურსმანაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ სხდომაზე პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა კობა ლურსმანაშვილმა წარადგინა.
მომხსენებლის განმარტებით, ახალი რედაქციით ყალიბდება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონის (№5012-Iს) პირველი მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილები, რომლებიც, თავის მხრივ, 2020 წლის 1 ივნისიდან ახალი რედაქციით აყალიბებენ კოდექსის 2093 მუხლის პირველ ნაწილს და 2401 მუხლის პირველ ნაწილს. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილებში არსებულ ამავე კოდექსის მუხლების ჩამონათვალს ემატება 556 და 1355 მუხლები.
აქედან გამომდინარე, 556 და 1355 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს 2020 წლის 1 ივნისის შემდგომაც განიხილავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მერიის სტრუქტურული ერთეული ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირი. ამასთანავე, 1355 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსს და მისი გამოწერის წესს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო.
კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი თანმდევ პროექტთა პაკეტთან ერთად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა მეორე მოსმენისთვის წარადგინა. მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიეცემა შესაძლებლობა საკუთარი უფლებამოსილებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი გადაწყვეტილებით, გამოიყენოს კანონმდებლის მიერ მინიჭებული შესაძლებლობა და დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალ დასახლებაში/დასახლების ნაწილში/დასახლებათა ერთობლიობაში, რომლის უფლებამოსილება იქნება შესაბამის ტერიტორიაზე მოსაკრებლების ამოღება, ტერიტორიის კეთილმოწყობის და შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარება, ქუჩების, პარკების, სკვერებისა და სხვა საჯარო ადგილების დასუფთავება, მუნიციპალური ნარჩენების მართვა, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფა, მშენებლობის ნებართვის გაცემის, მშენებლობაზე საჯარო ზედამხედველობის განხორციელების, გარე რეკლამის განთავსების რეგულირება. ამასთან, ზემოაღნიშნული უფლებამოსილებების გარდა, შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიენიჭება უფლებამოსილება, საჯარო სამართლის იურიდიული პირს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებით, აგრეთვე, მიანიჭოს ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემდეგი უფლებამოსილებები: გარე განათების უზრუნველყოფა, ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზება, მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება, გარე ვაჭრობის, გამოფენების, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირება, ქუჩების, პარკების, სკვერებისა და სხვა საჯარო ადგილების გამწვანება, უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა, ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, ბავშვებისა და მოხუცებისათვის სათანადო ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის, საჯარო თავშეყრის ადგილებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის სათანადოდ ადაპტირებისა და აღჭურვის უზრუნველყოფა. კომიტეტმა განხილულ კანონროექტების პლენარულ სხდომაზე წარდგენას მხარი დაუჭირა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0