მდინარე ქსანზე ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება

19/05/2020

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო იგოეთი-თბილისის მონაკვეთზე, მდინარე ქსანზე, ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა დაგეგმილ ვადაზე ადრე – მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება. სამშენებლო სამუშაოები მოინახულეს და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე და მცხეთა–მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე. სამუშაოები ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, რკინა-ბეტონის 6 მალიანი ხიდი შენდება, რომლის მთლიანი სიგრძე 195 მეტრი, ხოლო სიგანე 14 მეტრია. ახალი ხიდი საერთაშორისო ავტომაგისტრალის ნაწილი იქნება და სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 4 145 905 ლარს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0