საქართველოს პარლამენტის წევრი ბექა ნაცვლიშვილი დღეს გამართულ ბრიფინგზე სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის თვალსაზრისით მთავრობის მიერ წარმოდგენილ პროგრამას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მთავრობამ, ფაქტობრივად, დააგვიანა ეს პროცესი.
„მინდა ვთქვა, რომ სანამ მთავრობა ექიმების რეკომენდაციების საფუძველზე იღებდა გადაწყვეტილებებს, შეიძლება ვთქვათ, რომ მან მიიღო სწორი გადაწყვეტილებები, მაგრამ როდესაც მთავრობა აღმოჩნდა გადაწყვეტილებების წინაშე პირისპირ მარტო, მან მიიღო შესაბამისად არასწორი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
მისი თქმით, მთავრობამ, სამწუხაროდ, არ გამოიყენა მსოფლიოში შექმნილი ვითარება, როდესაც ბუნებრივად იქმნება სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე დეფიციტი და, შესაბამისად, არ მიაქცია ყურადღება საკუთარი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წარმოებას.
ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, ამასთანავე, მთავრობამ ვერ აიღო პასუხისმგებლობა სოფლის მეურნეობის მიზანმიმართულ განვითარებაზე და ეს პასუხისმგებლობა ისევ ბანკებს გადააბარა, სოფლის მეურნეობის განვითარება კი არც ბანკების ცოდნას შეესაბამება და არც შესაბამისად, ბანკების პასუხისმგებლობაა. მისი განცხადებით: „მთავრობას უნდა გადაედგა ნაბიჯი, რომელიც დიდა ხანია გადასადგმელი აქვს და უნდა შეექმნა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო განვითარების ბანკი“. ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, მთავრობის მიერ წარმოდგენილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა გარკვეულწილად ხარვეზიანი, ვინაიდან მასში არაფერია ნათქვამი მეცხოველეობის და მეფრინველეობის განვითარებაზე, სასოფლო-სამურნეო გადამამუშავებელ მრეწველობაზე, რომელიც სოფლის მეურნეობაში არის მთავარი საყრდენი ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო მდგრადი განვითარების და სოფლად ადამიანების დასაქმების, ასევე, არაფერია ნათქვამი აგროსასურსათო ბაზარზე, სოფლის მეურნეობის და სხვა დარგების კავშირებზე და სხვა, რომელთა გათვალისწინების გარეშეც ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარება და სასურსათო უსაფრთხოების შექმნა წარმოუდგენელია.
„სოფლის მეურნეობას სჭირდება დაგეგმვა და მხოლოდ მთავრობას შეუძლია აიღოს პასუხისმგებლობა კონკრეტული დარგების, კონკრეტული კულტურების განვითარებაზე თუ რა რაოდენობით, რა სახით უნდა იქნან ისინი ქვეყანაში ნაწარმოები, რომ შესაბამისად, ელემენტარული მივუახლოვდეთ სასურსათო უსაფრთხოების მიზნებს. ეს იყო უნიკალური შანსი, რომელიც მთავრობას შეეძლო გამოეყენებინა ის ბუნებრივი გარემო, რომელიც გლობალური თვალსაზრისით არის სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში შექმნილი, მაგრამ მთავრობამ არ გამოიყენა. მთავარი რეკომენდაცია – მთავრობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, უნდა დაგეგმოს სასოფლო-სამეურნეო წარმოება, უნდა განსაზღვროს ის დარგები, რომლებიც უნდა განვითარდეს, უნდა განსაზღვროს ის მოცულობები, რა მოცულობებითაც ეს დარგები უნდა განვითარდეს და უნდა იქნეს მიწა მიზანმიმართულად ათვისებული. ამიტომ, მთავრობამ თვითონ უნდა შექმნას სასოფლო-სამურნეო საწარმოები, ჩაუდგეს სათავეში და, შესაბამისად, როდესაც ეს საწარმოები ფეხზე დადგება, მაშინ მზა მდგომარეობაში გადასცეს თემებს და იმ კოლექტივს, რომელიც იქნება ამ საწარმოებში დასაქმებული. მხოლოდ და მხოლოდ ასე შეიძლება ქართული სოფლის მეურნეობის ფეხზე დაყენება“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.