გურიის რეგიონში სასოფლო – სამეურნეო სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს. შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, ადგილობრივები ინტენსიურად განაგრძობენ სხვადასხვა სამეურნეო საქმიანობას, მიწების დამუშავებას და სასათბურე მეურნეობის მოწყობას. სამუშაო პროცესს გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, პირველ მოადგილესთან აკაკი შენგელიასა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების, გურიის რეგიონული სამსახურის უფროსთან თეა კუპრაძესთან ერთად გაეცნო.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში მცხოვრებ ზვიად მგელაძეს საკუთრებაში 2,5 ჰა. მიწის ფართობი აქვს, რომელზეც გაშენებულია, როგორც ერთწლიანი, ასევე მრავალწლიანი კულტურები: კარტოფილი (0,4 ჰა), სიმინდი (0,7 ჰა), თხილი (1 ჰა), ციტრუსი (0,3 ჰა), ასევე, მცირე რაოდენობით ბოსტნეული კულტურები. ფერმერი ამ ყველაფერთან ერთად 12 ოჯახ ფუტკარს და საქონელს უვლის. ამჟამად აქ კარტოფილის მოსავლის აღება მიმდინარეობს. სავარაუდო მოსავალი 5 ტონას შეადგენს, რომლის რეალიზაცია მოხდება, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე აჭარაში. ფერმერი გეგმავს მეურნეობის გაფართოებას და სათბურის მოწყობას ერთწლიანი ბოსტნეული კულტურებისათვის. რისთვისაც გეგმავს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული სახელმწიფო პროგრამაში ჩართვას.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, კოოპერატივში „ნატანები“ გაერთიანებულია 8 ფერმერი, რომელთაც ერთობლივი ძალებით გააკეთეს სამი 500 კვ-ნი სათბური, რომელშიც განთავსებულია კიტრი, პომიდორი და მარწყვი. ამჟამად, ფერმერები სარეალიზაციოდ მოსავლის აღებას ახდენენ. საპროგნოზო მოსავალი 7 ტონა კიტრი, 3 ტონა პომიდორი და 1,5 ტონა მარწყვი იქნება. პროდუქციის რეალიზაცია მოხდება ადგილობრივ ბაზარზე. კოოპერატივი “ნატანები” შეიქმნა 2017 წელს, სადაც დასაქმებულია 10 – მდე ადამიანი. “ენპარდის” პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია გრანტით 140 000 ლარით და ასევე სარგებლობენ სახელმწიფო პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტით“ 100 000 ლარის ოდენობით. წელს დაემატა მესამე სათბური, სადაც გაშენებულია კიტრი და პომიდორი. კოოპერატივს გააჩნია საკუთარი სამაცივრე მეურნეობა, რომელსაც კოოპერატივის წევრები იყენებენ სხვადასხვა ხილისა თუ ბოსტნეულის შესანახად. იგეგმება მეურნეობის გაფართოება და განვითარება. კერძოდ, გეგმავენ აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მცირე მექანიზაციის შეძენას და ასევე, ჭისა და ჭაბურღილების მოწყობის ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას, მეურნეობის საკუთარი წყლის რესურსების უზრუნველსაყოფად. კოოპერატივი აწარმოებს ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციას, შესაბამისად მოთხოვნა აღნიშნულ პროდუქციაზე არის მზარდი. მიუხედავად არსებული შეზღუდვებისა, კოოპერატივს ამ დრომდე არ ჰქონია შეფერხება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ფერმერებთან მუდმივ კომუნიკაციაში არიან სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული წარმომადგენლები და ადგილობრივი თვითმმართველობა.
გურიის რეგიონში სასოფლო – სამეურნეო სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს
12/05/2020