რუხის საავადმყოფოს ამ ეტაპზე 72 პაციენტის მიღება შუძლია

16/04/2020

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად რუხის საავადმყოფო დაათვალიერა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში 35 ექიმია მობილიზებული და სამედიცინო დაწესებულებას ამ დროისთვის 72 პაციენტის მიღება შეუძლია, მათგან 14 რთული ან გართულებული.

“ამ ეტაპზე, კლინიკას აქვს რესურსი, მიიღოს 72 პაციენტი, მათ შორის, 14 რთული ან გართულებული მდგომარეობით. ჩვენ კიდევ გავაძლიერებთ რუხის საავადმყოფოს იმ შესაძლებლობებს, რომლებიც მას აქვს და ეტაპობრივად მოხდება ამ რიცხვების გაორმაგება. შემდეგ ჩვენ ავალთ რუხის საავადმყოფოს სრულ მოცულობაზე, რომელიც არის 220 საწოლზე გაშლილი მულტიპროფილური საავადმყოფო და იგი სრულად ჩაერთვება კოვიდინფექციის მართვაში”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, რუხის საავადმყოფო მოემსახურება საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მყოფ მოქალაქეებს. ალექსანდრე მოწერელიას განმარტებით დაწესებულება მზადაა მიიღოს ყველა ის მოქალაქე ვინც ოკუპირებულ აფხაზეთში ცხოვრობს და დასჭირდება სამედიცინო დახმარება. მომავალში კლინიკა საუნივერსიტეტო ფუნქციის შესრულებასაც შეძლებს. ადგილზე არსებობს აუდიტორიების, ბიბლიოთეკისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურისთვის საჭირო სივრცე. რუხის მრავალპროფილური სამედიცინო კლინიკის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 41 მლნ ლარით დაფინანსდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0