შალვა კერესელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფის წევრებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

16/04/2020

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან და ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ ვიდეო კონფერენციაზე, რეგიონში კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების კიდევ უფრო გამკაცრების აუცილებლობაზე ისაუბრა და ამ მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები განიხილა. უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის წევრებმა მათთვის პრიორიტეტული საკითხები წამოაყენეს და მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მომავალი 10 დღის განმავლობაში, გადაადგილებაზე დამატებითი რეგულაციები დაწესდა. რეგულაციების შესრულებას მონიტორინგს მცხეთა-მთიანეთში მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი გაუწევს.

„კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთისა და მთლიანად ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების ზომები კიდევ უფრო მკაცრდება. იმდენად, რამდენადაც ვირუსის გავრცელების ყველაზე აქტიურ ფაზაში შევდივართ, თითოეული რეგულაციის შესრულება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, დარჩნენ სახლში და შეასრულონ ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მითითებები“ – აღნიშნა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0