ონლაინ გაყიდვების ყველა კომპანია, რომელიც თანამშრომლების და კლიენტების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დადგენილ პირობებს შეასრულებს, საქმიანობის გაგრძელების ნებართვას მიიღებს

02/04/2020

ონლაინ გაყიდვების ყველა ის კომპანია, რომელიც თანამშრომლების და კლიენტების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დასაცავად ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ პირობებს შეასრულებს, საქმიანობის გაგრძელების ნებართვას მიიღებს, – აღნიშნული საკითხი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განიხილეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
შესაბამისი სამინისტროები, ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, უახლოეს პერიოდში წარმოადგენენ ინფორმაციას ონლაინ გაყიდვების იმ კომპანიების შესახებ, რომლებიც დადგენილ წესებს დაექვემდებარებიან და შექმნიან უსაფრთხო პირობებს დასაქმებულთა და მომხმარებელთათვის, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ იქნება მიღებული გადაწყვეტილება მათთვის საქმიანობის გაგრძელების ნებართვის გაცემის თაობაზე. მთავრობის მეთაურმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან განიხილა საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ ფაქტობრივი კარანტინის მოქმედების პერიოდში მოქმედი მკაცრი წესების აღსრულების საკითხი და იმ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე არსებული მდგომარეობა, რომლებიც შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით მსხვილი მუნიციპალიტეტების საზღვრებზე მოეწყო. საკონტროლო პუნქტებზე მიმდინარეობს მოქალაქეების შემოწმება, მათ შორის თერმოსკრინინგი, რისთვისაც ადგილზე მობილიზებულნი არიან შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები. შინაგან საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ე.წ კომენდანტის საათით გათვალისწინებული შეზღუდვების აღსრულებაზე და ამ კუთხით გამოვლენილ დარღვევებზე კანონის შესაბამისად განხორციელებულ რეაგირებაზე. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის 144-ის მუშაობის დინამიკა. პრემიერისგან შესაბამისმა უწყებებმა მიიღეს დავალება, ცხელი ხაზის შესაძლებლობები კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს და მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება, შეუფერხებლად მიიღონ სრული ინფორმაცია საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მოქმედ შეზღუდვებთან დაკავშირებით. უწყებათაშორისი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 130 პაციენტიდან 26 უკვე გამოჯანმრთელდა. ყველა ინფიცირებულ პირს შესაბამისი მკურნალობა უტარდება. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 5550 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 281 პირი. მთავრობის მეთაურმა ჯანდაცვის სამინისტროს დაავალა, მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულდეს საქართველოს ყველა რეგიონში ე.წ ცხელების ცენტრების მობილიზება, რომლებიც განკუთვნილი იქნება ტემპერატურის მქონე პაციენტებისთვის. ამასთან, მიმდინარე კვირას 112-ის ბაზაზე ამოქმედდება ოჯახის ექიმთან სატელეფონო კონსულტაციის მექანიზმი, რაც მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, გაიარონ კონსულტაცია ოჯახის ექიმთან და ამის შესაბამისად დაგეგმონ ვიზიტი სტაციონარში. სიმპტომების მქონე მოქალაქეებს მედიკოსები სახლში დაყოვნების რეკომენდაციას მისცემენ, ზუსტი ანამნეზის შეკრების შემდეგ კი მიიღება გადაწყვეტილება სტაციონარში გადაყვანისა თუ ბინაზე შემდგომი მონიტორინგის შესახებ. შესაძლო გართულებების წარმოშობის შემთხვევაში კი, შესაბამისი აღჭურვილობით განხორციელდება პაციენტის ტრანსპორტირება ჰოსპიტალში. ამ ეტაპზე აღნიშნულ პროგრამაში უკვე ჩართულია ჯამში 25 კლინიკა, საიდანაც 4 თბილისში, ხოლო 21 საქართველოს დიდ ქალაქებსა და რეგიონულ ცენტრებში მდებარეობს.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით განაგრძობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0