პარლამენტმა, დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით განიხილა პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“. რეგლამენტის პროექტის თანახმად, პარლამენტის საქართველოს კონსტიტუციითა და რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება დისტანციურად, სათანადო ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით დასაშვებია ობიექტური გარემოების არსებობისას.
„ჩავთვალეთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, თუკი ამის ობიექტური გარემოება იქნება ქვეყნაში და ეს არ ეხება მხოლოდ საგანგებო მდგომარეობას, ჰქონდეს დისკრეცია მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის საქმიანობა წარიმართოს სპეციალური ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. აქ იგულისხმება, როგორც სესია, ასევე ბიუროს და კომიტეტების სხდომების ჩატარება“, – განაცხადა საკითხის თაობაზე მომხსენებელმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა.
კოლეგების მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხების გაცემისას, რომლებიც პროექტთან დაკავშირებულ სამართლებრივ, პოლიტიკურ და კიბერუსაფრთხოების საკითხებს შეეხებოდა, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ რეგლამენტში ცვლილებების შეტანის გარეშე ვერ დაიწყება შესაბამისი სპეციალური პროგრამის დაწერა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საკანონმდებლო ორგანოს დისტანციური საქმიანობა.
„ჩვენი მიზანი იყო, რომ ეს საკითხი შემოგვეტანა და დაგვეწყო მასზე მსჯელობა. იქედან გამომდინარე, რომ პრაქტიკაში ამის ანალოგი ჯერჯერობით არ არის, პირველი, რაზეც შეიძლება კითხვები გაჩნდეს და რაზეც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში კონსულტაციები გვქონდა, ეს ეხება იმ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს და პროგრამას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს დისტანციური საპარლამენტო საქმიანობა. შესაბამისად, ჩვენ დღეს ვერ ვიტყვით რა ვადები იქნება საჭირო იმისათვის, რომ ეს პროგრამა დაიწეროს, თუმცა საჭიროა გაჩნდეს სამართლებრივი ჩანაწერი, რომ შესაბამისმა სამსახურმა პროგრამაზე მუშაობა დაიწყოს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ არ არის აუცილებელი, მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდეს კანონპროექტით გათვალისწინებული ინსტრუმენტების გამოყენების დისკრეცია და შესაძლებელია, რომ ამ მხრივ, პროცესში ჩაერთოს პარლამენტის ბიუროც. რაც შეეხება პროცესის უსაფრთხოების უზრუნველყოფას – უნივერსალურ გამოსავლად, პარლამენტის თავმჯდომარეს პროცესის ეტაპობრივი გადამოწმება მიაჩნია.
„როგორ შეიძლება მოხდეს პროცესის უსაფრთხოების უზრუნველყოფა – ამას ერთი მხრივ, სჭირდება ტექნოლოგიური უზრუნველყოფა, მაგრამ, არსებობს უსაფრთხოების უზრუნველყოფის გაცილებით მარტივი გადაწყვეტაც – ეს არის პროცესის ეტაპობრივი გადამოწმება. შესაბამისად, პროცესის ეტაპობრივი ვერიფიკაცია იძლევა იმის საშუალებას, რომ მანიპულაცია მთლიანად გამოირიცხოს“, – განმარტა არჩილ თალაკვაძემ.
რაც შეეხება ვადებს და დისტანციური მუშაობის პროცესში განსახილველ კანონპროექტებს – პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს საკითხები ღიაა მსჯელობისთვის. მან ასევე, ვრცელი განმარტება გააკეთა დისტანციური მუშაობის პლატფორმასთან დაკავშირებითაც.
„ამის რამდენიმე ტექნიკური გადაწყვეტა არსებობს: შეიძლება გაკეთდეს ბლოკჩეინ ტექნოლოგიით, რასაც ნამდვილად დასჭირდება დრო; შეიძლება გაკეთდეს ჩვენი დღეს არსებული საინფორმაციო პლატფორმების განვითარებით – გვაქვს საბაზისო პლატფორმა, რათა ყველა დეპუტატს ჰქონდეს ინდივიდუალური, კოდირებული დაშვება სისტემაზე, დაინახოს საკითხები, რის გარშემოც მიმდინარეობს მსჯელობა, შეიტანოს თავისი მოსაზრებები და კითხვები და შემდეგ დააფიქსიროს თავისი პოზიციაც. ამის დაშენება დღევანდელ სისტემაზე შესაძლებელია, რასაც ასევე, გარკვეული დრო დასჭირდება. მესამე გადაწყვეტა არის არსებული სატელეკომუნიკაციო პლატფორმები, რომელსაც მსოფლიოში დღეს არსებული ბიზნეს-მოდელები იყენებენ შეხვედრებისთვის თუ გადაწყვეტილებების მიღებისთვის. ეტაპობრივი გადამოწმების შემთხვევაში, ის არავითარ უსაფრთხოების პრობლემას ის არ წარმოადგენს, ვინაიდან, საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება მაინც გადამოწმდება უშუალოდ ყველა დეპუტატთან, ვინც მონაწილეობდა ამ ელექტრონულ სხდომაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
რაც შეეხება კიბერუსაფრთხოებას, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა ძალიან მაღალი სტანდარტები, განსაკუთრებით, საქართველოსა და სხვა ქვეყნებზე განხორციელებული მასიური კიბერ თავდასხმების ფონზე. მომხსენებელმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა რეგლამენტის პროექტის რედაქციასთან დაკავშირებით გაიმართოს კონსულტაციები.
„მზად ვართ კონსულტაციების საფუძველზე მივიღოთ შესაბამისი რედაქცია, რაც ერთი მხრივ უზრუნველყოფს იმას, რომ პარლამენტი არ ჩავარდეს ისეთ სიტუაციაში, რომ შეკრების პრობლემა აღმოჩნდეს და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, მივცეთ შესაბამის სამსახურს შესაძლებლობა ამ პროგრამაზე დაიწყოს მუშაობა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
პარლამენტმა დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით განიხილა პარლამენტის რეგლამენტში შესატანი კიდევ ერთი ცვლილება, რომლის მიღების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში გაჩნდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატის ასარჩევად წარდგენის შესახებ პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურა.
„მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, რომ პროცესში, რომელიც უკავშირდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლის არჩევის საკითხს, ჩართული იყოს საქართველოს პარლამენტი და ამით რომის წესდების 36-ე მუხლით გათვალისწინებული ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ სახელმწიფოებმა კანდიდატი უნდა წარადგინონ უმაღლეს სასამართლო თანამდებობაზე დანიშვნისთვის არსებული მოთხოვნით, უზრუნველყოფილი იქნება პროცესში საქართველოს პარლამენტის ჩართულობით“, – განაცხადა საკითხის თაობაზე მომხსენებელმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.
რეგლამენტის პროექტის თანახმად, მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატად ასარჩევად წარდგენის საკითხის განმხილველი კომიტეტი კომიტეტის საჯარო სხდომაზე უსმენს მთავრობის მიერ შერჩეულ მოსამართლეობის კანდიდატს და ადგენს ამ კანდიდატის რომის წესდების მოთხოვნებთან შესაბამისობას. მოსამართლეობის კანდიდატი ვალდებულია კომიტეტს სრულყოფილად მიაწოდოს მისი რომის წესდების მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად საჭირო ინფორმაცია. კომიტეტი უფლებამოსილია გადაამოწმოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია ან/და მოიძიოს სხვა საჭირო ინფორმაცია. − მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატის კომიტეტის სხდომაზე მოსმენის შემდეგ კომიტეტი შეიმუშავებს დასკვნას. კომიტეტის დასკვნა მიიღება ფარული კენჭისყრით, კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომიტეტის დასკვნა პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის მიზნით წარედგინება პარლამენტის ბიუროს. მოსამართლეობის კანდიდატს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე უყრის კენჭს. პარლამენტმა რეგლამენტში შესატან ცვლილებას 84 ხმით მხარი დაუჭირა. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით წარადგინა კანონპროექტი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“.
„კანონპროექტი შეეხება ჩვენი ქვეყნის კიბერუსაფრთხოებას, ამ მხრივ არსებულ გამოწვევებს ზოგადად მთელ მსოფლიოში და ჩვენს ვალდებულებას ამ მხრივ გავაძლიეროთ ჩვენი შესაძლებლობები, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრება კიბერთავდასხმებისგან“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
კანონპროექტის თანახმად, ხდება კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების კატეგორიზაცია, კერძოდ: პირველი კატეგორიის სუბიექტებში მოხვდებიან ის სახელმწიფო ორგანოები, დაწესებულებები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები (გარდა რელიგიური დაპოლიტიკური გაერთიანებებისა) და სახელმწიფო საწარმოები, რომელთა ინფორმაციული სისტემის უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვის ან/და ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის, სახელმწიფო ხელისუფლების ან/და საზოგადოებრივი ცხოვრების შენარჩუნებისთვის;
მეორე კატეგორიის სუბიექტებში მოხვდებიან ის ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიები, რომელთა ინფორმაციული სისტემის უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვის ან/და ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის, სახელმწიფო ხელისუფლების ან/და საზოგადოებრივი ცხოვრების შენარჩუნებისთვის; მესამე კატეგორიის სუბიექტებში მოხვდებიან ის კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც არ წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიებს, თუმცა რომელთა ინფორმაციული სისტემის უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვის ან/და ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის, სახელმწიფო ხელისუფლების ან/და საზოგადოებრივი ცხოვრების შენარჩუნებისთვის. შესაბამისად, აღნიშნული კატეგორია მოიცავს ისეთ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, როგორებიც არიან მაგალითად ბანკები. კანონის პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფლებამოსილებების განსაზღვრას ინფორმაციული უსაფრთხოების დანერგვისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. გარდა ამისა, კანონის პროექტით ხდება შესაბამისი ადმინისტრაციული სანქციების შემოღება ინფორმაციული უსაფრთხოების კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის. კანონპროექტს მხარი 80 დეპუტატმა დაუჭირა. ირაკლი სესიაშვილმა პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით წარადგინა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტები, რომლებიც ეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიზანმიმართული ხელყოფის მცდელობას, რაც შეიძლება გამოისახოს რუკაზე ან სხვა საგანზე. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, განსხვავება ამ ორ კანონპროექტს შორის ის არის, რომ სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები ეხება ქმედებას, რომლის მიზანია ხელყოს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის პრინციპი, ხოლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები ეხება ისეთ ქმედებას, რომელიც არ ითვალისწინებს ასეთ მიზანს.
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის ან მისი ბეჭდური გამოცემის, აგრეთვე ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის გამოყენება, საქართველოში შემოტანა, გადაზიდვა ან საქართველოდან გატანა – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, იურიდიული პირისა – 300 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. კანონი ამოქმედდება 2020 წლის 2 ივლისიდან.
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის ან მისი ნაბეჭდი გამოცემის, აგრეთვე ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, წარმოება, რეკლამირება, გამოყენება, საქართველოში შემოტანა, გადაზიდვა, საქართველოდან გატანა, რეალიზაცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზნით, − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. კანონი ამოქმედდება 2020 წლის 2 ივლისიდან
კანონპროექტს მეორე მოსმენისთვის დაემატა შენიშვნა, კერძოდ:
1. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება ის, ვინც ნებაყოფლობით ჩააბარებს ამ მუხლით გათვალისწინებული საგანს თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.
2. ამ მუხლის მიზნებისათვის ნებაყოფლობით ჩაბარებად ჩაითვლება მხოლოდ ისეთი ქმედება, როდესაც პირი გამოძიების დაწყებამდე წერილობით ან კომუნიკაციის ნებისმიერი ტექნიკური საშუალების გამოყენებით განაცხადებს ამ მუხლით გათვალისწინებული საგნის წარმოდგენის თაობაზე და აქტიური ქმედებით ხელს შეუწყობს მის ამოღებას.
3.ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.