შიდა ქართლის რეგიონში სასურსათო მარაგების პრობლემა არ დგას – გიორგი ხოჯევანიშვილი სასურსათო მაღაზიათა ქსელების წარმომადგენლებს შეხვდა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი შესაბამისი სამსახურებისა და სეგმენტის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. მორიგი შეხვედრა რეგიონში მდებარე სასურსათო მაღაზიათა ქსელების წარმომადგენლებთან და მენეჯერებთან გაიმართა. მათი თქმით, სავაჭრო ქსელებში მარაგები საკმარისია და მომარაგების პროცესიც შეუფერხებლად მიმდინარეობს. ასევე, აღნიშნეს რომ სავაჭრო დაწესებულებები სრულად იცავენ უსაფრთხოებისა და ჰიგიენის წესებს, იყენებენ დეზობარიერებსა და ანტიბაქტერიულ სითხეებს.
“გვესმის, რომ მოსახლეობა დაძაბულია და მსოფლიოში შექმნილ ვითარებას განიცდის. ამიტომ, რეგულარულად ვხვდებით შესაბამისი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რათა ამომწურავი ინფორმაცია მივიღოთ და შესაბამისად, რისკები შევამციროთ.“ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. საკოორდინაციო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.