მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერთან თამაზ მეჭიაურთან ერთად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო. გრძელდება კულტურის სახლის რეაბილიტაცია დაბა თიანეთში. პროექტის ფარგლებში შენობა სრულად განახლდება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. დაბა თიანეთის კულტურის სახლის რეაბილიტაციაზე ჯამში 1 600 000 ლარზე მეტი დაიხარჯება. ასევე, აქტიურად გრძელდება ღულელების, ტოლაანთსოფლის, თრანის, მაგრანეთის, ზემო ნაქალაქარის, ქვემო ნაქალაქარისა და დორეულების დამაკავშირებელი 10 კმ-იანი გზის მოწყობა. პროექტი ითვალისწინებს საგზაო ინფრასტრუქტურის მოასფალტებას, 2 ახალი ხიდის მშენებლობას, 1 არსებული ხიდის რეაბილიტაციას და სანიაღვრე არხების მოწყობას. სამუშაოების ღირებულება 5.5 მილიონ ლარს აღემატება. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს შიდა გზების რეაბილიტაცია სოფელ საყდრიონსა და სოფელ სიმონიანთხევშიც. ხელისუფლების წარმომადგენლები სამუშაო პროცესს პირადად გაეცნენ. მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონში პროექტების მიმდინარეობას რეგულარულ მონიტორინგს უწევს.
თიანეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
11/03/2020