ქართული ფუტკრის ჯიში უნიკალურია, ქართულ თაფლზე მოთხოვნა კი წლიდან წლამდე იზრდება

10/03/2020

საქართველოს პრეზიდენტი, სამეგრელოს რეგიონში სტუმრობისას, სოფელ გოლასკურში თაფლის წარმოების პროცესს გაეცნო და მცირე მეწარმეებს შეხვდა. საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების თავმჯდომარემ ალეკო პაპავამ პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მეფუტკრეებისა და თაფლის წარმოების წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ და ქართული თაფლის წარმოების ხელშეწყობასა და პოპულარიზაციისათვის მხარდაჭერა სთხოვა. პაპავას განცხადებით, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება ამ ეტაპზე 10 ასოციაციასა და 3 კომპანიას აერთიანებს, რომელშიც ოთხი ათასზე მეტი მეფუტკრეა გაწევრიანებული.

“მეფუტკრეობას საქართველოში დიდი ხნის ტრადიცია და ისტორია აქვს. საქართველოში არქეოლოგიურ მასალებზე დაყრდნობით, თაფლის წარმოება 7000 წლით თარიღდება. ქართული ფუტკრის ჯიშები სხვა ფუტკრის სახეობებისგან განსხვავებით უნიკალურად აქცია საქართველოს კომპლექსურმა კლიმატურმა მახასიათებლებმა და ფლორის ბიომრავალფეროვნებამ. საქართველოში იწარმოება პოლუფლორული თაფლი, კერძოდ კი, აკაციის, ცაცხვის, წაბლის, ალპური და „ჯარას“ ველური თაფლი“, – აღნიშნა პაპავამ.

მისი განცხადებით, დღეს მეფუტკრეთა პრობლემას თაფლის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია, თაფლის სინჯების შესამოწმებელი შესაბამისი ლაბორატორიის არარსებობა და ვეტერინარების დეფიციტი წარმოადგენს. პაპავას განცხადებით, ქართველ მეფუტკრეებს ევროკავშირის ბაზარზე გასვლის დიდი მზაობა გააჩნიათ, თუმცა ძალიან ძვირი უჯდებათ თაფლის ლაბორატორიული შემოწმება, 1 სინჯის გაკეთება საზღვარგარეთ დაახლოებით 3000 ლარი ჯდება, თუმცა საზღვარგარეთ გაგზავნილ სატესტო ნიმუშებზე გამოხმაურება ცხადყოფს, რომ ქართულ თაფლზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება და მას ხარისხით ახალ ზელანდიურ თაფლსაც ადარებენ. ალეკო პაპავას განცხადებით, მეფუტკრეობაში ანტიბიოტიკების გამოყენების პრობლემა ნელ-ნელა გვარდება, ამისათვის საჭიროა მეუტკრეთა კიდევ უფრო მეტი განათლება და ტრეინინგები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0