არჩილ თალაკვაძე ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

21/02/2020

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ნიდერლანდების სამეფოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მააიკე ვან კოლდამს შეხვდა. არჩილ თალაკვაძემ მააიკე ვან კოლდამს ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს მადლობა გადაუხადა ნიდერლანდების მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. არჩილ თალაკვაძემ ხაზი ასევე გაუსვა ნიდერლანდების მნიშვნელოვან კონტრიბუციას ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებაში. პარლამენტის თავმჯდომარე ელჩს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების და მიმდინარე პოლიტიკური საკითხების შესახებ ესაუბრა და ხელისუფლების არგუმენტები და ხედვა გააცნო. ყურადღება საპარლამენტთაშორისო და სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურებაზეც გამახვილდა. აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი საინვესტიციო პოტენციალი სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ახალი ტექნოლოგიების, წყლის მენეჯმენტისა და სხვა მიმართულებებით. შეხვედრაზე განხილული ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება, რუსული ოკუპაცია და რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული პოლიტიკა, მათ შორის, დეკემბერში განხორციელებული მასობრივი კიბერთავდასხმა იყო. პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკა და ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ გააცნო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0