ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარამეტრი ბიუჯეტის დეფიციტია

20/02/2020

პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანო „მინისტრის საათის“ ფორმატში, მთავრობის წევრების მოსმენებს აგრძელებს. 20 თებერვლის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს მოუსმინეს, რომელმაც პარლამენტს და საზოგადოებას ძირითადი ფინანსური უწყების 2019 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ქვეყნის პოზიტიური ეკონომიკური მაჩვენებლები და ეკონომიკის მდგრადობა, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების რეიტინგებში აისახა და გასული წელი მნიშვნელოვანი დადებითი პარამეტრებით დასრულდა, რომელშიც დიდი წვლილი საგადასახადო შემოსავლების ადმინისტრირების გაუმჯობესებამ შეიტანა.

„2019 წლის ბიუჯეტი დავგეგმეთ ეკონომიკური ზრდის 4,5%-იან მაჩვენებელზე, თუმცა შიდა დაძაბულობისა თუ საგარეო შოკების მიუხედავად, ჩვენმა ეკონომიკამ მნიშვნელოვანი მდგრადობა აჩვენა. შედეგად, წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკურმა ზრდამ 5,2% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობაზე ყურადღება გამახვილებულია ყველაზე მაღალი ნდობის მქონე სამივე სარეიტინგო კომპანიის ანგარიშში. განხორციელებულ რეფორმებთან ერთად, სწორედ ეკონომიკის მდგრადობაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რის გამოც სამივე კომპანიამ გაგვიუმჯობესა სუვერენული რეიტინგი“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

ივანე მაჭავარიანმა ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაგეგმილთან შედარებით მნიშვნელოვნად შემოსავლების მიღების ხარჯზე, ბიუჯეტის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმადე – მშპ-ს 2.1%-მდე შემცირდა.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარამეტრი ბიუჯეტის დეფიციტია, რომელსაც მუდმივად აკვირდებიან ინვესტორები, საფინანსო ინსტიტუტები და განსაკუთრებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი. 2019 წელს, განახლებულ მშპ-სთან მიმართებით, ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილი გვქონდა 2,4%-ის ოდენობით, თუმცა დამატებითი შემოსავლების მობილიზების ხარჯზე, ჩვენ შევძელით დეფიციტი ისტორიულ მინიმუმამდე – მშპ-ს 2,1%-მდე შეგვემცირებინა“, – განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულებას, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, 2019 წელს ამ კუთხით რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და აღნიშნულის მიღწევა ძირითადად, კაპიტალური პროექტების მაღალი შესრულების ხარჯზე მოხდა.

„2019 წელს კაპიტალური ხარჯების ათვისების პროგნოზი 3 მილიარდ 710 მილიონ ლარს შეადგენდა. დონორების დაფინანსებული პროექტებისა და მუნიციპალური პროექტების გადაჭარბებით შესრულების ხარჯზე, შესაძლებელი გახდა 470 მილიონი ლარით მეტის ათვისება. მთლიანობაში, კაპიტალურ ხარჯებზე 2019 წელს მიიმართა 4 მილიარდ 180 მილიონ ლარზე მეტი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, 2019 წელს ათვისება არა ავანსების, არამედ სამშენებლო სამუშაოების მოცულობის მაღალი შესრულების ხარჯზე მოხდა. მისივე ინფორმაციით, 2016 წელთან შედარებით, სახელმწიფო ინვესტიციების მოცულობა, თითქმის გაორმაგებულია, რაც არ მომხდარა ბიუჯეტის დეფიციტის ზრდის ხარჯზე.

„გადაჭარბებით მიღებულ შემოსავლებში ყველაზე დიდი წილი საგადასახადო შემოსავლებს უკავია. ბიუჯეტში ცვლილებების დროს ჩვენ გავზარდეთ საგადასახადო შემოსავლების გეგმა. მისი დაზუსტებული მაჩვენებელი 11 მილიარდ 310 მილიონ ლარით განისაზღვრა, თუმცა ფაქტიურად მობილიზებული თანხა 11 მილიარდ 860 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 550 მილიონი ლარით მეტია დაგეგმილ მაჩვენებელზე“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ივანე მაჭავარიანმა ფინანსურ უწყებაში გატარებულ რეფორმებზე და მათ შედეგებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, დაინერგა დეკლარაციების კონტროლის ახალი სისტემა და ყველა დღგ-ის დეკლარაცია, გადის სპეციალურად შემუშავებული კონტროლის სისტემას. ასევე, გაანალიზდა დღგ-ის დეკლარაციის ყველა ის გრაფა, რომლითაც შესაძლებელია საგადასახადო აქტივების წარმოქმნა, თითოეულ მათგანზე დაწესდა დამატებითი კონტროლის მექანიზმი. როგორც ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, არსებითად შეიცვალა საგადასახადო და საბაჟო რისკების კრიტერიუმებიც. რისკების სისტემაში განხორციელდა შესაბამისი ცვლილებები, რათა მაქსიმალურად მოხდეს არაკანონიერი ქმედებების პრევენცია.

„საბაჟოზე სრულად შეიცვალა იმპორტის დროს საქონლის შემოწმებისა და გადასახადის გადახდის კრიტერიუმები, რამაც მინიმუმამდე დაიყვანა არაკანონიერი აქტივების გამოყენების შესაძლებლობა. გაანალიზდა ცალკეული შეღავათიანი საბაჟო პროცედურები და სრულად გაუქმდა მაღალი რისკის მქონე შეღავათები გადასახადის გადახდის ვადის ნაწილში, რამაც არსებითად შეამცირა დიდი ოდენობით არალეგალური იმპორტის შესაძლებლობა“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრის ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ, ცალკეულმა დეპუტატებმა, ივანე მაჭავარიანს შეკითხვებით მიმართეს.
კითხვების ნაწილი მუნიციპალური ინფრასტრუქტურების პროექტების ფონდის საქმიანობას, სოფლის მეურნეობის ბიზნესში ჩართულ ფერმერთა საგადასახადო შეღავათების დაწესებას, ვადაგადაცილებული და „უპერსპექტივო“ ვალდებულებების ამნისტიის საკითხებს, მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლებს და მაკროეკონომიკური პარამეტრების დინამიკას შეეხებოდა. ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის წევრების შეკითხვებს უპასუხა და გარკვეულ მიმართულებებზე დამატებითი ინფორმაციები წარმოადგინა. ფინანსთა მინისტრის შემდეგ, საპარლამენტო ტრიბუნა თანამომხსენებელმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ დაიკავა. კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, ფინანსთა მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საფინანსო სექტორში და უშუალოდ ფინანსთა სამინისტროში არსებული მდგომარეობის შესახებ, საინტერესო და დეტალური ინფორმაცია წარმოადგინა და სამინისტროს გამართულ საქმიანობას წარმოდგენილი ციფრები ადასტურებენ.

„ივანე მაჭავარიანი ნოემბრის შემდეგ პარლამენტის სესიაზე უკვე მეოთხედ მოდის, და მიუხედავად ამისა, მის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციებს ინტერესი არ აკლდება. პარლამენტის რეგლამენტიდან გამომდინარე და საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით, ის ინფორმაციები, რომლებიც მან წარმოადგინა, ჩვენ შეგვეძლო მიგვეღო მთავრობის ანგარიშის მიხედვით და ასევე კვარტალურ ჭრილშიც, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენს, მაგრამ მინისტრმა წინმსწრებად მოგვცა ეს ინფორმაცია და ეს არის ძალიან კარგი. ჩვენ დავრწმუნდით, რომ ფინანსთა სამინისტრო აწარმოებს და აკეთებს ძალიან ბევრ და შრომატევად საქმიანობას, რომელიც დასტურდება იმ კარგი სტატისტიკით, რომელიც ქვეყანას აქვს. რამდენიმე ციფრი მინდა წარმოგიდგინოთ და დავადასტურო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მხრიდანაც, რომ დაგეგმილი მთლიანი შიდა პროდუქტის 4,5%-ის ნაცვლად, ქვეყანამ მიიღო ზრდა 5,2% რომელიც ასევე დადასტურდა სავალუტო ფონდის მისიის ბოლო ვიზიტის დროსაც. მათაც ჰქონდათ ნაკლები პროგნოზი ამასთან მიმართებაში, მაგრამ ქვეყანამ აჩვენა, რომ ის რეფორმები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა, პარლამენტი და ეროვნული ბანკი აწარმოებს საფინანსო სექტორში, არის სწორი მიმართულებით გადადგმული და ეს რეფორმები არის ის, რომლებსაც ჩვენ ერთად ვაკეთებდით ბოლო სამი წელია“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მისი თქმით, ეს არის ფუნდამენტური რეფორმები და ეს არის სწორი რეფორმები, ზუსტად ამიტომაც აქვს ქვეყანას 5,2% – იანი ზრდა, რომელიც ერთ-ერთი კარგი მაჩვენებელი რეგიონში.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ციფრი, რომელიც მოყვანილია ბატონი მაჭავარიანის მოხსენებაში და განსაკუთრებით მგრძნობიარე ვართ ჩვენ – ფინანსისტები ამ ციფრის მიმართ, რომ როდესაც ნაერთი ბიუჯეტის ციფრებს ვნახავთ, იქ საგადასახადო შემოსავლები და განსაკუთრებით აღსანიშნავია ეს – თითქმის გადაჭარბებულია პროგნოზთან მიმართებაში ნახევარ მილიარდზე მეტით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ციფრები ადასტურებს იმას, რომ ფინანსთა სამინისტრო მუშაობს სწორად და აკეთებს კარგ და მნიშვნელოვან საქმეს“, – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, ყველაფრის მიუხედავად, წინ მაინც საკმაოდ რთული პერიოდი იქნება, ვინაიდან „საარჩევნო წელია და აქედან გამომდინარე ფინანსთა სამინისტროს პროდუქტიულობა და ქმედითუნარიანობა მიმდინარეწლის განმავლობაში გამადიდებელი შუშის ქვეშ იქნება“. ცალკეული დეპუტატების გამოსვლის უფლებით პარლამენტის წევრებმა, პაატა კვიჟინაძემ და ბექა ნაცვლიშვილმა ისარგებლეს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, პაატა კვიჟინაძის შეფასებით, ფინანსთა სამინისტრო, მინისტრის ხელმძღვანელობით, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ეფექტიანი სამინისტროა.

„ფინანსთა სამინისტრო და თავად მინისტრი ყოველ წელიწადს შემოდის ახალი საკანონმდებლო ინიციატივებით – რომ გამარტივდეს და გამჭირვალე გახდეს საგადასახადო კოდექსი, შემცირდეს გადასახადები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყოველივე ეს ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას. ზოგადად, ჩვენ, დეპუტატებს განსაკუთრებით კი, მაჟორიტარ დეპუტატებს გვინდა რაც შეიძლება მეტი თანხა წავიდეს ჩვენს რაიონებში სხვადასხვა მიმართულებებით თუმცა, სწორედ, ესეც არის სამინისტროს დამსახურება, რომ მიუხედავად ამ თხოვნისა და ხანდახან კამათისა, ივანე მაჭავარიანი და ფინანსთა სამინისტრო არ აჰყვა ემოციებს და დაიცვა ის პარამეტრები, რაც საჭირო არის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

დამოუკიდებელმა წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა თავის გამოსვლაში პარალელი დღევანდელ მდგომარეობასა და 30 წლის წინანდელ ეკონომიკურ ვითარებას შორის გაავლო.

„დღეს არის სოციალური სამართლიანობის საერთაშორისო დღე. რამდენად შეგვიძლია ჩვენ ეს თარიღი ვიზეიმოთ, როდესაც ვართ სოციალური უთანასწორობით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქვეყანა?! წაგიკითხავთ შედარებას 1989 წელსა და დღევანდელ ვითარებას შორის. მშპ-ს მონაცემები რომ ავიღოთ, აბსოლუტური მაჩვენებელი მშპ-ის ჯერჯერობით კიდევ 85,1%-ია იმ მშპ-ს მაჩვენებლისა, რომელიც 1989 წელს იყო. საშემოსავლო და ზოგადად დიფერენციაციის შედეგად მოსახლეობის 35%-ის კეთილდღეობა ჯერაც უფრო დაბალია, ვიდრე 1989 წელს იყო და ამ წლის მაჩვენებლის 82%-ს შეადგენს. 30 წელი გავიდა და ჩვენ ისეთ პოლიტიკას ვატარებთ, რომელმაც საბჭოთა კავშირის დანგრევის პერიოდში იმ მდგომარეობაზე უკეთესი მაჩვენებლებიც კი ვერ შემოგვთავაზა“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

ფრაქციებისთვის განკუთვნილი დროით მხოლოდ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატებმა“ ისარგებლეს. ფრაქციის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა თავისი გამოსვლის დასაწყისში ფინანსთა მინისტრს 24 თებერვალს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მისვლა შეახსენა და საკომიტეტო ფორმატში დისკუსიის გამართვა შესთავაზა.

„ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ ფინანსთა სამინისტრო იყოს ძალიან ეფექტური, ჩვენი ეკონომიკა და ინსტიტუციები იყვნენ ძალიან ეფექტურები, მაგრამ ზოგადად ის სურათი, რაც წარმოდგენილ პრეზენტაციის მიღმა არსებობს, ნაწილობრივ შემაშფოთებელია. დღეს დავარეგისტრირეთ ინიციატივა, რომელიც გულისხმობს, რომ რეგლამენტით გათვალისწინებული იყოს ანტიკორუფციული მუდმივმოქმედი საბჭოს შექმნა. ვფიქრობ, რომ ის ინსტიტუციები, რომლებიც კორუფციაზე მუშაობენ არ არის ეფექტური. არ არის ეფექტური ფინანსური პოლიცია, არ არის ეფექტური ანტიკორუფციული სააგენტო, არ არიან ეფექტურები პროკურატურა და გენერალური აუდიტორი. ეს ყველა ერთ ვერტიკალშია მოქცეული“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა წარმოადგინა.

„ბევრი სიახლის შესახებ გავიგეთ, რომლის შედეგები მალე აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე და ის ფაქტი, რომ შემოსავლების მართლაც ისტორიული ზრდა განპირობებულია სწორი ფისკალური პოლიტიკით და არა ფრთხილი დაგეგმარების პრინციპით, არის ზუსტად ის ვექტორი, რომელიც არის სწორი, პროგრესული და ვითარდება. საინტერესო იყო წინა კვირას საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული დასკვნა, სადაც დადებითად არის შეფასებული საქართველოში როგორც ფისკალური პოლიტიკის მიმართულებები, ასევე, მაკროეკონომიკური პარამეტრები და ის პრინციპები, რომელმაც ჩვენი ეკონომიკური და ფისკალური ცხოვრების პროგრესი უნდა უზრუნველყოს“,- აღნიშნა რატი იონათამიშვილმა. ფრაქციის თავმჯდომარე დავოსის ეკონომიკურ ფორუმსა და ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებსაც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ფორუმი, თავისი შინაარსით, იყო ისტორიული, რადგან, მის ფარგლებში, არაერთი უმაღლესი დონის შეხვედრა გაიმართა მსოფლიოს როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ და კერძო სექტორის ლიდერებთან, რაც ძალიან მალე კონკრეტულ შედეგებში აისახება. „ესეც არის ერთ-ერთი გარანტია იმისა, რომ ჩვენ, როგორც შიდა მიმართულებით, ასევე გარე მიმართულებით, სწორად ვმუშაობთ და სწორი კოორდინაცია მიმდინარეობს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

„მინისტრის საათის“ დასრულების შემდეგ პლენარული სხდომა დღის წესრიგის საკითხების განხილვით გაგრძელდა.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ კოლეგებს კომიტეტის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ კი მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი წარმოადგინა. ფსიქიატრიული ჯანმრთელობის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ საკანონმდებლო პაკეტის პირველი მოსმენით წარდგენისას. მომხსენებლის ინფორმაციით, „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ მოქმედ კანონს, სახალხო დამცველის ინიციატივით სახელწოდება შეეცვლება და მას „ფსიქიკური დახმარების შესახებ“ კანონი დაერქმევა და გარდა სახელწოდების ცვლილებისა, ნორმატიულ აქტში აისახება ყველა ის მნიშვნელოვანი სიახლე, რომლებიც დარგის ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად მომზადდა. სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტები წარადგინა. განსახილველი საკითხების დასრულების შემდეგ, კენჭისყრის პროცედურა გაიმართა. დეპუტატებმა თავდაცვისა და უშიშროების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, იურიდიულ საკითხთა და აგრარულ საკითხთა კომიტეტების 2019 წლის საქმიანობის ანგარიშები ცნობად. პარლამენტის წევრებმა სხვადასხვა მოსმენით დღეს განხილულ კანონპროექტებს მხარი დაუჭირეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0