„ჩვენი სურვილია პარლამენტი იყოს თითოეული ჩვენი მოქალაქის ინსტიტუტი და კანონები, რომელსაც ვიღებთ, აუმჯობესებდეს მოქალაქეთა ცხოვრებას“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. არჩილ თალაკვაძემ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ წლის განმავლობაში გაწეული კანონშემოქმედებითი საქმიანობა შეაჯამა და იმ საკანონმდებლო პაკეტებზე ისაუბრა, რომლებიც, მისი შეფასებით, მოქალაქეთა ცხოვრებას გააუმჯობესებს. არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, 2019 წელს ჩატარებული 67 პლენარული სხდომის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტმა მიიღო 402 კანონი, 1241 დადგენილება და მოახდინა 61 საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირება. ამ კონტექსტში, პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონზე გაამახვილა.
„საქართველოს პარლამენტმა მთავრობასთან ერთად შეიმუშავა და მიიღო კანონი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ, რომლითაც ჩვენ მაქსიმალურად ვუპასუხეთ სოციალურ პასუხისმგებლობებს, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კრიტერიუმებს, კერძოდ: გავზარდეთ ასაკით პენსიონერთა პენსიები და 18 წლამდე სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა სოციალური ბენეფიტები. ეს ცვლილება შეეხო 880 ათას ჩვენს თანამოქალაქეს; სასწრაფო დახმარების და სოფლის ექიმები 1 ივლისიდან მიიღებენ გაზრდილ ხელფასებს (8.000 მეტი მოქალაქე); ჯარისკაცები, მეხანძრე-მაშველები, პოლიციელები და მათთან გათანაბრებული პირები 1 ივლისიდან მიიღებენ გაზრდილ ხელფასს (66.000 მდე თანამოქალაქე); დევნილთა საცხოვრისით უზრუნველსაყოფად გამოიყო 122 მილიონ ლარზე მეტი; საჯარო სკოლების უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლები ახალი სასწავლო წლიდან მიიღებენ 150 ლარით გაზრდილ ხელფასს (43.000 მოქალაქე); 1 სექტემბრიდან საბავშვო ბაღების აღმზრდელები მიიღებენ გაზრდილ ხელფასს (32.000 მოქალაქე); საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურისთვის გამოიყო 280 მილიონ ლარზე მეტი; სატრანსპორტო, ლოჯისტიკური და საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოიყო 3.7 მილიარდი ლარზე მეტი – ეს არის ახალი სამუშაო ადგილები და ეს არის რეალურად, ახალი ძალა ეკონომიკაში. მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის 2020 წლის ბიუჯეტში 240 მილიონი ლარია გამოყოფილი, ესეც არის ახალი სამუშაო ადგილები. რეგიონებისთვის 350 მილიონი ლარი, ხოლო თბილისის ბიუჯეტს 90 მილიონი ლარი დაემატა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, პარლამენტმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ბავშვის უფლებათა კოდექსზე მუშაობას, რომელიც 1 ივნისიდან შედის ძალაში და ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, განათლებაზე და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის ახალ, უფრო ძლიერ სტანდარტს აწესებს. გარდა ამისა, არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა ენერგეტიკის სფეროში მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტი მხარს უჭერს ძლიერ, დივერსიფიცირებულ და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ენერგეტიკის სექტორს. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ქალთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ცვლილებათა პაკეტზეც, რომელმაც პრევენციული მექანიზმები გააძლიერა და მოძალადის მიმართ პასუხისმგებლობა გაამკაცრა. „ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და ყველა პოტენციურ მოძალადეს მინდა ვუთხრა – სანამ კანონს დაარღვევთ, კარგად დაფიქრდით შედეგებზე“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, ასევე, რეზოლუციის ჩარჩო-კანონი, რომელიც საფინანსო სექტორის სტაბილურობის და ფინანსური რყევების მიმართ მდგრადობას ემსახურება – ის ცვლილებათა პაკეტებია, რომლებზეც პარლამენტმა გასულ წელს იმუშავა. არჩილ თალაკვაძემ დაასახელა პარლამენტის სამომავლო საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და განაცხადა, რომ სამომავლო გეგმები საზოგადოებას უახლოეს მომავალში, საპარლამენტო კომიტეტებთან კონსულტაციების შედეგად წარედგინება. მისი თქმით, განიხილება საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებათა პაკეტი, აზარტული თამაშების რეკლამის შესახებ ცვლილებები და კრიტიკული იქნება შემდგომი მხარდაჭერა განათლების სისტემის დაფინანსებაზე მთავრობის მისამართით.
„საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციებს დაეფუძნება და უზრუნველყოფს საარჩევნო კამპანიის ჩატარების უფრო სამართლიან წესებს, პარტიებისთვის დაფინანსების ახალ სისტემას, თანაბარ წვდომას მედიაზე, პოლიტიკაში და არჩევნებში ქალთა მონაწილეობის მხარდაჭერას, საჩივრების განხილვის ვადების დაზუსტებას, მეორე ტურის ჩატარების წესებს და სხვა სიახლეებს. მინდა, გამოვხატო ინტერესი ცალკე აკვაკულტურის შესახებ პაკეტის შესახებ – რომლის მიზანია ეკონომიკის ამ სექტორის გაძლიერება, წარმადობის გაზრდა და შიდა მოთხოვნის უფრო მეტად უზრუნველყოფა; ასევე, ჩვენი პრიორიტეტი იქნება აზარტული თამაშების რეკლამის შესახებ ცვლილებები; დაწყებული გვაქვს მუშაობა სტუდენტების შესახებ ახალ კანონმდებლობაზე, რომელიც შექმნის სტუდენტობის პერიოდში სოციალური უფლებების და ბენეფიტების, სტაჟირების და დასაქმების ახალ მექანიზმებს და ახალ შესაძლებლობებს. ამ პროცესში გვსურს ახალგაზრდებთან თანამშრომლობა და პაკეტის შემუშავება მათი ჩართულობით; ვიმუშავებთ „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონპროექტზე, ასევე მივიღებთ ტყის კოდექსს“ განათლების სისტემის დაფინანსებაზე კრიტიკული იქნება ჩვენი შემდგომი მხარდაჭერა მთავრობის მისამართით – 2022 წლისთვის განათლების სისტემის დაფინანსება არ უნდა იყოს დასაგეგმი წლისთვის პროგნოზირებული ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ზე ნაკლები; განათლება არის ყველა იმ გამოწვევაზე პასუხი, რომელიც დღეს დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე. განათლების სისტემის სწორი რეფორმით, შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯებით, შევძლებთ ეკონომიკის გაძლიერებასაც და სიღარიბის შემცირებასაც. ვიმუშავებთ საგადასახადო კოდექსის ცვლილებებზე, აგროტურიზმის მარეგულირებელ კანონმდებლობაზე, რომელიც სოფლის მეურნეობას და ტურიზმს დააკავშირებს ერთმანეთთან, რითაც მეტი სინერგია იქნება ფერმერებს და ტურიზმის ინდუსტრიას შორის; დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი განიხილავს კონკურენციის შესახებ და ანტიდემპინგურ კანონმდებლობას და ცვლილებებს, რომელიც კონკურენციას კერძო სექტორში, მათ შორის, კერძო სუბიექტებსა და სახელმწიფო კომპანიებს შორის დაარეგულირებს უფრო უკეთ. ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეროვნული კანონმდებლობის პროცესი გაგრძელდება და 30 ზე მეტი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა იგეგმება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ანგარიშის წარდგენისას, არჩილ თალაკვაძემ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია გააცნო საპარლამენტო კონტროლის, საგარეო ურთიერთობების, ღია პარლამენტის მიმართულებით. მან გაწეული საქმიანობისთვის პარლამენტის აპარატს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სწორედ აპარატის ენერგიული და საქმიანი ჩართულობით გახდა შესაძლებელი ზემოაღნიშნული პროგრესის მიღწევა. მისი თქმით, საზედამხედველო შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო პარლამენტის კვლევითი ცენტრის დაფუძნება.
„აღსანიშნავია, რომ პარლამენტი აგრძელებდა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის – ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებაზე ზედამხედველობას. ამ მხრივ შევიმუშავეთ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც დაგვეხმარება ასოცირების შეთანხმების შესრულების მიმართულებით საპარლამენტო საქმიანობის უკეთ წარმართვაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
რაც შეეხება საგარეო მიმართულებას, არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტის საქმიანობა ემსახურებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებას, ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერას, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციას და პარლამენტის გაძლიერებას. საპარლამენტო დიპლომატიაში ჩართული იყვნენ ვიცე-სპიკერები, კომიტეტების თავმჯდომარეები და წევრები, მეგობრობის ჯგუფები, საპარლამენტო დელეგაციები და ასევე, პარლამენტის აპარატიც.
„2019 წელსაც ვაგრძელებდით საერთაშორისო პარტნიორებთან კავშირების გამყარებას. ამ კონტექსტში დავამტკიცეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ხელშეკრულება. მათ შორის, აღსანიშნავია შეთანხმება „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“. გვქონდა არაერთი სამუშაო ვიზიტი და ვუმასპინძლეთ უმაღლესი დონის დელეგაციებს და მნიშვნელოვან ასამბლეებს. პარლამენტის ძალისხმევა აისახა არაერთ დოკუმენტში, რომელსაც აქვს პოლიტიკური, სამართლებრივი ან კონკრეტული ფინანსური შედეგები. მათგან ცალკე მინდა გამოვყო 2019 წელს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“, რომელიც წარმოადგენს აშშ-საქართველოს პარტნიორული ურთიერთობების და საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის დადასტურებას“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
არჩილ თალაკვაძემ განსაკუთრებული აქცენტი ქვეყნის წინაშე არსებულ რთულ გამოწვევებზე გააკეთა და ამ კონტექსტში, ყურადღება საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციაზე გაამახვილა.
„გრძელდება საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაცია, რომლის შედეგებს ყოველდღიურად ვაწყდებით ადამიანების გატაცების, მკვლელობების, კონტრაბანდის, გადაადგილების შეზღუდვის, უკანონო დაპატიმრების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის და სხვა მძიმე დარღვევების სახით. ჩვენი პასუხი არის ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ; საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაცია, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ეკონომიკური განვითარება, ენერგოუსაფრთხოება და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება. რუსულმა ოკუპაციამ ეს რეგიონები დააყენა ჰუმანიტარული კრიზისის, სამხედრო ბაზებად გადაქცევის, მომავლის არარსებობის წინაშე. ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წლის შემდეგ, რუსეთი საქართველოში ინარჩუნებს მავთულხლართების კედელს, რომელიც ხელოვნურად ყოფს ადამიანებს – ეს კედელი არის დროის და საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ. ჩვენ ჩვენს აფხაზ ძმებს აუცილებლად დავიბრუნებთ და ეს თაობა შეძლებს ქვეყნის გამთლიანებას! მინდა, კიდევ ერთხელ მივაწვდინო ხმა ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებს – თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ ისარგებლოთ ყველა იმ სიკეთით, რაც საქართველოში შევქმენით ქვეყნის განვითარების და ევროპული ინტეგრაციის გზით, შეგიძლიათ იამაყოთ ამით და გამოიყენოთ ეს შესაძლებლობები“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ანგარიშის წარდგენისას, პარლამენტის თავმჯდომარემ 2020 წლის საარჩევნო სისტემისა და მმართველი გუნდის კომპრომისული შეთავაზების შესახებ ისაუბრა და ოპოზიციის ნაწილის განცხადებებსაც გამოეხმაურა.
„ოპოზიციის ნაწილი, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში საზოგადოების ნულოვანი ან დაბალი მხარდაჭერა აქვთ, წინასაარჩევნო კამპანიას საზღვარგარეთ ატარებს და ცდილობს საკუთარი ქვეყნის და ხელისუფლების იმიჯის დაზიანებით მიიღოს შედეგი. როგორც ჩანს, ოპოზიციის ეს ნაწილი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს სთხოვს, რომ მიუხედავად დაბალი მხარდაჭერისა და უმძიმესი პოლიტიკური ბიოგრაფიისა – ისინი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებით ისევ შევიდნენ პარლამენტში და შეინარჩუნონ ადგილები“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ჩანს ოპონენტების სუბიექტური და ზოგჯერ დესტრუქციული დამოკიდებულებას არჩევნებთან დაკავშირებით. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საზოგადოებისთვის 2017 წელს მიცემული დაპირება მმართველმა გუნდმა შეასრულა და დღეს ქვეყანას აქვს ეროვნულ ინტერესებზე და ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული კონსტიტუცია, რომელშიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაა ასახული.
„კონსტიტუციაში ჩაწერილია, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლა 2024 წელს მოხდება. ასეთი გადაწყვეტილება უახლეს ისტორიაში პირველად მიიღო და გააფორმა ხელისუფლებაში მყოფმა პარტიამ და ეს „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა. აქამდე ყოველთვის, როგორც წესი, პარტიები პროპორციულ არჩევნებს ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ უჭერდნენ მხარს, ზოგიერთები კი ოპოზიციაში გადასვლის შემდეგაც ბოიკოტს უცხადებდნენ პროპორციულ არჩევნებს და ხელს უშლიდნენ რეფორმას. ახლა, ასეთი პარტიების ნაწილი პროპორციული არჩევნების გულმხურვალე მხარდამჭერია, რაც ან აიხსნება ამ პარტიების რეალური სახეცვლილებით, ან პოლიტიკური ფარისევლობით. გვესმის და სამწუხაროა, რომ მიუხედავად იმისა, ბევრმა ჩვენგანმა ხმა მივეცით ამ ცვლილებას, პარლამენტმა 2019 წელს მხარი არ დაუჭირა პროპორციული არჩევნების 2020 წელს გადმოწევას – მოსწონთ ეს გადაწყვეტილება თუ არა ოპონენტებს, ის ქვეყნის პარლამენტმა მიიღო და დამოკიდებულება, რომ თუ პარლამენტი მხარს დაუჭერდა ასეთ გადაწყვეტილებას იქნებოდა კარგი პარლამენტი და თუ არ დაუჭირა მხარი – ის ცუდია და უნდა დაიხუროს – არადემოკრატიული და არათანმიმდევრულია. ეს არ არის ნორმალური პოლიტიკური პროცესი.
ჩვენ მხარს ვუჭერთ დიალოგის გზით შეთანხმებას 2020 წლის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და ჩვენი მხრიდან კომპრომისული შეთავაზება არის გაკეთებული: 100/50 თანაფარდობა ერთხელ, გარდამავალი სახით, 2020 წელს, რომელიც არსებულთან – 73/77-თან შედარებით მნიშვნელოვან განსხვავებას ქმნის. ეს განსხვავება მეტია, ვიდრე პარლამენტში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია არის დღეს წარმოდგენილი. ოპონენტები აცხადებენ, რომ „ნებისმიერი მოდელით მოიგებენ არჩევნებს“. თუ ასეა, მაშინ გაუგებარია რატომ არ თანხმდებიან უკეთეს შეთავაზებას ვიდრე დღევანდელი სისტემაა.
ოპოზიციის ნაწილი დარწმუნებულია, რომ მათ პარტიებს აქვთ მაღალი მხარდაჭერა, ხოლო მათ ლიდერებს ხალხი ენდობა. ეს განცხადებებიც თქვენ არაერთხელ მოისმინეთ. მაშინ გაუგებარია რატომ არ სურთ მონაწილეობა მაჟორიტარულ არჩევნებში. იმედია, განსხვავებული არგუმენტების შეჯერება მოხდება საბოლოოდ და შეთანხმება შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ და დიალოგის ფასილიტატორებს – აშშ-ის საელჩოს, ევროკავშირის საელჩოს, ევროპის საბჭოს წარმომადგენლობას და გერმანიის საელჩოს მადლობა გადაუხადა.
პლენარულ სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საპატრულო პოლიციის ოფიცრები, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლები და ბიზნეს სტარტაპის „პულსარ ეი აი“-ს წარმომადგენელი, რომლებსაც პარლამენტის თავმჯდომარემ საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და პატივისცემა დაუდასტურა. არჩილ თალაკვაძის მიერ პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, დეპუტატებს მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ და ქვეყანაში არსებულ სოციალურ გამოწვევებზე, ასევე, საარჩევნო რეფორმის საკითხებზე ისაუბრა.
„დღეს ქვეყნის მთავარი გამოწვევა არის სიღარიბე. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ სიღარიბის ზღვარს მიღმა 1 150 ათასი ადამიანი დახვდა და ეს შემცირებულია 740 ათასამდე, მაგრამ კმაყოფილების არცერთი სიტყვა არ უნდა დასცდეს ადამიანს, ვიდრე ერთი გაჭირვებული იქნება მის ქვეყანაში, ვიდრე რეფორმები, რასაც ხელისუფლება ატარებს, კიდევ უფრო მეტ დინამიკას არ შეიძენს. უბრალოდ სტატისტიკა უნდა ვთქვათ – რა იყო, რა არის და რა გვინდა. გულწრფელი მოქმედებების საფუძველი პარლამენტის მუშაობა და ხელისუფლების მუშაობა უნდა იყოს, რომელიც მიმართული იქნება, რომ გაჭირვება, სიღარიბე ბოლომდე აღმოიფხვრას და ეს რაც შეიძლება, სწრაფად მოხდეს. ეს ერთ და ორ დღეში, რა თქმა უნდა, არ ხდება, მაგრამ თუკი ნაბიჯები სწორი მიმართულებით გადაიდგმება, ყველამ ვიცით, რომ ეს შედეგი იქნება. შედეგი იქნება აუცილებლად დეოკუპაცია და რუსეთის ჰიმნის ფონზე კი არა, საქართველოს ჰიმნის ფონზე და ქართველი გმირების მაგალითზე, იუნკერების მაგალითზე“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებით უცხოელი პარტნიორების რეკომენდაციებზე და მოლაპარაკებების პროცესზეც გაამახვილა ყურადღება.
„საარჩევნო რეფორმის ფარგლებში კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, რომ გარდა ეუთო/ოდირის რეკომენდაციებისა, მზად ვართ ის რეკომენდაციებიც მოვისმინოთ, რომელიც დღეს არის პოლიტიკურად ცენტრალური, ასე დავარქვათ პირობითად, ჩვენი ამერიკელი და დასავლელი ევროპელი პარტნიორების მხრიდან წარმოდგენილი, რომლებიც მოგვიწოდებენ, რომ დავუბრუნდეთ მოლაპარაკების მაგიდას. თუ „ქართული ოცნების“ რეიტინგი მართლაც 30%-ია, ამ რეალობას აცდენილ მოცემულობას როდესაც გვთავაზობენ რუსეთის ჰიმნის გულით მატარებელი ოპონენტები, მაშინ რა პრობლემაა, სულ რომ მაჟორიტარული სისტემა იყოს, შეუძლებელია, ნახევარ შემთხვევაშიც კი წარმატებას მიაღწიოს იმ გუნდმა, რომელსაც 30%-იანი მხარდაჭერა აქვს. შეიძლება იყოს მხოლოდ გამონაკლისები, ცალკეულ მაჟორიტარულ ოლქებში გაიმარჯვოს იმ პარტიამ, რომელსაც საერთო ჯამში 30%-იანი და 25%-იანი მხარდაჭერა აქვს, მაგრამ მათ ჩვენზე კარგად იციან, ჩვენზე ხშირად ატარებენ კვლევებს და იციან, რომ „ქართულ ოცნების“ მხარდაჭერა არის ისეთივე, როგორიც ეს იყო წინა ყველა არჩევნებზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ქვეყნის საგარეო კურსის კონსტიტუციის დონეზე განსაზღვრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და კოლეგებს გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ეს არის ევროპა და ევროატლანტიკური ალიანსი და ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები იმიტომ, რომ ქართველს ევროპელობა სულში უზის, იმიტომ რომ ის არის ჩვენი ბუნებრივი ადგილი“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.