საქართველოს აქვს ძლიერი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში

07/02/2020

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფება, აშშ-ის სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში ორმხრივ მაღალი დონის შეხვედრებს მართავს. ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარემ, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ შეკრებაში, National Prayer Breakfast მიიღო მონაწილეობა და ვიზიტის პირველი დღის განმავლობაში 20-მდე შეხვედრა გამართა.
კონგრესმენებთან და სენატორებთან გამართულ შეხვედრებზე, ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე. დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი. აღინიშნა აშშ-ის მნიშვნელოვანი როლი ევროატლანტიკური მიზნების რეალიზაციის გზაზე. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას. შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ შეაფასა. მისი განცხადებით, საქართველოს აქვს ძლიერი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში და საქართველოს მიმართ არსებობს დიდი ნდობა და ოპტიმიზმი.

„ძალიან დატვირთული დღე იყო შეხვედრებით. ჩვენ შევხვდით კონგრესის და სენატის წევრებს და პირველ რიგში, სასიხარულო იყო ჩემთვის იმის მოსმენა, რომ ჩვენ ვართ ყველაზე საიმედო პარტნიორი და მოკავშირე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის რეგიონში და რა თქმა უნდა, ამას, მომავალშიც არანაირი საფრთხე არ ემუქრება. კითხვები, რაც ჰქონდათ კონგრესის წევრებს და რაც იყო წერილებში გამოხატული, მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს მიმართ არის ძალიან მაღალი ინტერესი და არის მოლოდინები, როგორც იმ ქვეყნის მიმართ, ვისაც აქვს ყოველწლიურად ხელშესახები პროგრესი უსაფრთხოების, დემოკრატიის და სხვა მნიშველოვან სფეროებში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეხვედრები, რომელიც კონგრესისა და სენატის წევრებთან გაიმართა, ამერიკული მხარის მხრიდან დადებითად შეფასდა და აღინიშნა, რომ მხარეებს პოზიტიური და მეგობრული და პროდუქტიული საუბარი ჰქონდათ ორი ქვეყნის სტრატეგიული მოკავშირის დღის წესრიგის გაძლიერებასა და გაღრმავებაზე, ასევე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0