საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე მოკლედ მიმოიხილა 2019 წლის საშემოდგომო სესიის პერიოდი და 2020 წლის საგაზაფხულო სესიის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
„მოგეხსენებათ, ჩვენ საშემოდგომო სესიაზე საზოგადოებას წარვუდგინეთ ის მთავარი საკითხები, პრიორიტეტები და გამოწვევები, რაზეც ჩვენ ვაპირებდით მუშაობას და ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები მივიღეთ იმ სამუშაო გეგმის ფარგლებში, მათ შორის გამოვყოფდი ენერგეტიკის სფეროში მნიშვნელოვან პაკეტს, ბავშვის უფლებათა შესახებ პაკეტს, ასევე სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღას, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს და სხვა მნიშვნელოვან თემებს, რომელზეც პარლამენტმა იმუშავა და მიიღო. მათ შორის არის რა თქმა უნდა, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონი”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე საზოგადოებას ის მნიშვნელოვანი საკითხები გააცნო, რაზეც პარლამენტი საგაზაფხულო სესიის განმავლობაში იმუშავებს. არჩილ თალაკვაძემ რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივაზე გაამახვილა ყურადღება.
„გარდა იმისა, რომ ჩვენ გვაქვს პოლიტიკური მოლაპარაკებები საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, არის მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ეხება კერძო სექტორის განვითარებას, ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს და მათ საჭიროებებს. მათ შორის, გამოვყოფდი საკანონმდებლო ინიციატივებს, რომელიც ეხება აკვა-კულტურის წარმოებას – ეს უდავოდ ხელს შეუწყობს ბიზნესს. ჩვენ ვაპირებთ ვიმუშაოთ აგროტურიზმის სფეროში კანონმდებლობის გაუმჯობესებაზე, რათა კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი ამ პოტენციალის გამოყენებას და ეკონომიკის განვითარებას. ვაპირებთ მუშაობას კონკურენციის შესახებ კანონმდებლობაზე, ვაპირებთ განვიხილოთ აზარტული თამაშების რეკლამასთან დაკავშირებული ცვლილებები, რათა უფრო ეფექტურად დავიცვათ მოზარდები – უმრავლესობას აქვს ძალიან საინტერესო ინიციატივები მომზადებული და დამოუკიდებელ დეპუტატთა ჯგუფსაც ინიცირებული აქვს საინტერესო ცვლილებები. ვფიქრობთ, რომ საგაზაფხულო სესიაზე ჩვენ შევძლებთ საჭირო და შედეგიანი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას. თვითმმართველობის კომიტეტს დაწყებული აქვს მუშაობა უსახლკარო თანამოქალაქეთა საცხოვრისებთან დაკავშირებულ თემაზე. ამ თემას ჩვენ ფუნდამენტურად შევისწავლით და გვექმნება ჩვენი შეთავაზებები. ასევე საგადასახადო კოდექსზე მიმდინარეობს მუშაობა და ძალიან მნიშვნელოვანი პაკეტის ინიცირება მოხდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ასევე საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით დაგეგმილი ღონისძიებების მიმართულებით. მისი განცხადებით, თებერვლიდან სექტემბრის ჩათვლით, უკლებლივ ყველა მინისტრი იქნება ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. მისი თქმით, ძირითად სტრატეგიულ პარტნიორებთან უკვე დაგეგმილია ოთხზე მეტი მაღალი დონის ვიზიტი, რომელთა განხორციელებაც მიმდინარე კვირიდან დაიწყება.
„ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ასევე საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. მე მინდა მადლობა გადავუხადო ასევე ჩვენს კოლეგებს, რომლებმაც უკვე მიიღეს ევროპის საბჭოს ფორმატში მონაწილეობა სამუშაო შეხვედრებში და სესიებში, ასევე იმუშავეს ევროპარლამენტთან. ასე რომ, ამ მიმართულებითაც ძალიან აქტიური იქნება პარლამენტი და მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს პროგრესი და გეგმები, რაც მთავარია, მომავალთან დაკავშირებული ხედვა იქნება უკლებლივ ყველა ჩვენს პარტნიორთან მიტანილი სათანადოდ“, – განაცხად არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, თებერვლის ბოლომდე გაიმართება საინფორმაციო ღონისძიებები, სადაც პარლამენტი საზოგადოებას გააცნობს, თუ რა იქნება ის მთავარი ინიციატივები და პრიორიტეტები, რაზეც პარლამენტი საგაზაფხულო სესიის განმავლობაში იმუშავებს.
ამის შემდეგ, ბიუროს წევრებმა 2020 წლის საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომის დღის წესრიგზე იმსჯელეს, რომელიც ხვალ, 4 თებერვალს 12 საათზე დაიწყებს მუშაობას. წარმოდგენილი დღის წესრიგის მიხედვით პარლამენტი 60-ზე მეტ კანონპროექტს განიხილავს პირველი, მეორე და მესამე მოსმენით. მათ შორის საკანონმდებლო პაკეტს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“, კანონპროექტები ზოგადი განათლებისა და უმაღლესი განათლების შესახებ კანონებში შესატანი ცვლილებების შესახებ, კანონპროექტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად და სხვა. მოისმენენ თემატური მოკვლევის ჯგუფების დასკვნებს, მათ შორის საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ფარგლებში შექმნილი მოკვლევის ჯგუფის დასკვნას „პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ და „სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობის შესახებ“. ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა 16 ახალი საკანონმდებლო ინიციატივა. მათ შორის, საქართველოს პარლამენტის წევრების ნინო წილოსანის, კახაბერ კუჭავას, სულხან მახათაძის, ოთარ დანელია, ენძელა მაჭავარიანის და სხვათა საკანონმდებლო ინიციატივა „აკვაკულტურის შესახებ“ რომლის შესახებაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა: „საქართველოს ფარდობითი უპირატესობა წყლის რესურსებში გვაძლევს იმის საშუალებას, რომ აკვაკულტურის მიმართულება რეალურად გავააქტიუროთ, აკვაკულტურა იგივე თევზის და ზღვის პროდუქტების ხელოვნურად მოშენება, წარმოება, ჩვენი არსებული პოტენციალის ათჯერ და თხუთმეტჯერ უფრო დიდ წარმოებას გულისხმობს თავის თავში, სწორედ ამიტომ ჩვენ ახლა ვაინიცირებთ ახალ კანონს აკვაკულტურის შესახებ, რომლის ბენეფიციარები იქნებიან მცირე და საშუალო მეწარმეები, ადგილობრივ კოოპერატივებს მიეცემათ განსაკუთრებით დიდი ბენეფიტები, ეს სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის დარგის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას იწვევს, როგორც იმპორტის ჩანაცვლების, რადგან დაახლოებით 22000 ტონამდე იმპორტი შემოდის და ჩვენი რეალური შესაძლებლობა არის 30-დან 50 ათას ტონამდე თევზისა და ზღვის პროდუქტების წარმოება“.
მისი განმარტებით, მოხდება როგორც იმპორტის ჩანაცვლება ასევე ექსპორტზე გატანა და ევროკავშირის ქვეყნებში შეტანა, როგორც ორგანული და ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება, განვითარდება ეკოტურიზმი. ასევე, სახელმწიფო ამ კანონპროექტის ფარგლებში სანებართვო გადასახადისაგან 2024 წლამდე ათავისუფლებს დაინტერესებულ პირებს. ნინო წილოსანის თქმით, ეს კანონი იძლევა შესაძლებლობას, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, სამინისტრომ, განახორციელოს გრანტებისა და მცირე სოფლის მეურნეობის წამახალისებელი პროგრამები ამ მიმართულებით. მან იმედი გამოთქვა, რომ კოლეგები მხარს დაუჭერენ ამ პროექტს და – „ასევე, სასურველი იქნება რომ მოსახლეობისთვის სასარგებლო კანონპროექტის მიღებაში თავად ოპოზიციამაც მიიღოს მონაწილეობა“, – განაცხადა მან.
პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, ლევან კობერიძემ ბიუროს სხდომაზე კოლეგებს შეახსენა ნარკოტიკულ საშუალებათა ლეგალიზაციასთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომლის მიღებაც, მისი აზრით, მეტ საშუალებას მისცემს წამალდამოკიდებულ ადამიანებს უფრო ადვილად გაიარონ სკრინინგის პროგრამა და ჩაერთონ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში.
„ეს პროგრამა ძალიან წარმატებით ხორციელდებოდა და ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში, თუმცა ის ფაქტორი, რომ მეტი ადამიანი საჭიროებს ჩართვას მათი გამოვლენის თვალსაზრისით, არის მნიშვნელოვანი. ეს საკითხი დგას და ერთ-ერთი ფაქტორი ამ მონაცემის გასაუმჯობესებლად და უფრო მეტი ადამიანის ჩასართავად ამ პროგრამაში, ვინც საჭიროებს ამ დახმარებას, გარკვეულწილად საკანონმდებლო ბაზასთან არის დაკავშირებული, რომლის ცვლილებაზეც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობდით. ეს არის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებული კანონი, რომელიც მოხსნიდა იმ ბარიერს, როდესაც წამალდამოკიდებული ადამიანები უფრო ადვილად გაივლიდნენ სკრინინგის პროგრამას და ჩაერთვებოდნენ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ C ჰეპატიტის პროგრამის მიმართ მართლაც იყო უსამართლო და სპეკულაციური კამპანია, რასაც ხელისუფლებამ ძალიან საქმიანად და აქტიურად უპასუხა. – „რეალურად, სიმართლე C ჰეპატიტის პროგრამასთან დაკავშირებით არის ის, რომ დღეისათვის 60 ათასზე მეტი ადამიანი განიკურნა ამ პროგრამის ფარგლებში და ამდენი სიცოცხლის გადარჩენა შეძლო სახელმწიფომ, შეძლეს ექიმებმა და შეძლეს იმ ორგანიზაციებმა, ვინც ჩართული არიან ამ პროგრამის განხორციელებაში. კიდევ ბევრი მოქალაქე მკურნალობს ამ მომენტისთვის და არაერთი მოქალაქე, ვისაც აქვს სტატუსი დადგენილი, ასევე მათ მიმართაც არის მზადყოფნა, რომ ისინიც ჩაერთონ პროგრამაში“.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, იყო სპეკულაციები, რომ თითქოს არის გარკვეული ბარიერები, ფინანსური თუ სხვა სახის, მაგრამ ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილება ამ ბარიერებთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე იყო მიღებული. არჩილ თალაკვაძის თქმით, სახელმწიფომ სათანადო დაფინანსება გამოყო ამისთვის და ამ მცირე ფინანსური ბარიერების მოხსნას დრამატული ზრდა პროგრამაში ჩართულობის არ გამოუწვევია.
„ჩვენ უნდა ვიფიქროთ უკვე და ვნახოთ სხვა ბარიერები ხომ არ არსებობს, ან ჩვენს მოქალაქეებს ხომ არ სჭირდებათ მეტი ინფორმაცია. სხვათა შორის, ჯანდაცვის სფეროში გლობალური მასშტაბით მკურნალობაში ჩართვის პრობლემა, არა მხოლოდ ცე ჰეპატიტის, არამედ სხვა დაავადებებთან მიმართებაშიც, არის გამოწვევა. იგივე ტუბერკულოზთან დაკავშირებით იცით, რომ ტუბერკულოზის დამარცხება და ტუბერკულოზის შემთხვევების განულება ასევე იყო გლობალური მიზანი, რაც არაერთხელ გადაიწია ვადაში, სწორედ იმის გამო, რომ ყველა ადამიანის ჩართვა, მიუხედევად უფასო მკურნალობისა, ვერ ხერხდებოდა წლების განმავლობაში. აქედან პოლიტიკური სკანდალის შექმნა, ვფიქრობ იყო უპასუხისმგებლო“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის სახელით მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტს და კომპანიას „GILEAD“, ვინც საქართველოს მჭიდრო მოკავშირეები, პარტნიორები და მხარდამჭერები არიან ამ პროგრამაში. მან ასევე მადლობა გადაუხადა ყველა ექიმს, ექთანს, ეპიდემიოლოგს და პაციენტს, ვინც ეს პროგრამა გამოიყენა.
რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხს, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ არაერთმა ნარკოდამოკიდებულმა პირმა და ყოფილმა მომხმარებელმაც იმკურნალა ამ პროგრამის ფარგლებში. – „თუმცა ჩვენ უნდა ვნახოთ სტატისტიკა, რომელიც აუცილებელია, რომ მივიღოთ გადაწყვეტილებები და ასევე საინტერესო იქნება ერთად განვიხილოთ მათ შორის იმ ადამიანების სტატისტიკა, რომლებიც ნარკოტიკის ძალიან მცირე ოდენობისთვის შესაძლოა დღეს პატიმრობაში იმყოფებიან. ასევე, უნდა ვნახოთ მათ პატიმრობის პირობებში აქვთ თუ არა ბარიერები, რომ იმკურნალონ და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია გავაკეთოთ სამუშაო შეხვედრა და შემდეგ შეგვიძლია არსებითად ვიმსჯელოთ რა საკანონმდებლო ცვლილებები იქნება საჭირო“.
რაც შეეხება გლობალურად ნარკოპოლიტიკას, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, – „ჩვენი ხელისუფლების პირობებში ყოველთვის მხარს ვუჭერდით დაბალანსებულ ნარკოპოლიტიკას. საზოგადოებამ დაინახა უკვე, რომ ნარკოპოლიტიკა დღეს არის ბევრად უფრო ჰუმანური და დაბალანსებული, ვიდრე ეს იყო ნებისმიერი წინა ხელისუფლების პერიოდში. ამით ჩვენ, რა თქმა უნდა, კმაყოფილები არ უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა, გასაგრძელებელია რეფორმები და ეს არის კომპლექსური თემა, რომელიც სცდება მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს, უკავშირდება განათლების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, საერთაშორისო დანაშაულთან ბრძოლის თემებს, ამიტომ აქ ძალიან კომპლექსურად არის განხილვა და დისკუსია საჭირო, ვიდრე რაიმე ახალ ცვლილებებს მივიღებთ,“- უპასუხა არჩილ თალაკვაძემ დამოუკიდებელ დეპუტატს, ლევან კობერიძეს.