იზორიას კი არა, ჩემი ძმა რომ იყოს, უარესი და უფრო მკაცრი შეფასება მექნებოდა

30/01/2020

პრემიერ-მინისტრის შეფასებით ის, რაც კადრებშია ასახული უბრალოდ ამაზრზენია და ამას არ აქვს არანაირი გამართლება.

„იზორიას კი არა, ჩემი ძმა რომ იყოს, უარესი და უფრო მკაცრი შეფასება მექნებოდა. ადამიანები, რომლებიც ატარებენ ფორმას, პოლიციელები ყოველდღიურად, თავიანთი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად ზრუნავენ ჩვენი ოჯახის წევრებისა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს არის უკიდურესად მიუღებელი და ეს იყო უბრალოდ ამაზრზენი, რაც მე ამ კადრებში ვნახე”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე სენატორების წერილებთან დაკავშირებით, გიორგი გახარია ამბობს, რომ ხელისუფლებას არასოდეს შეშინებია მწვავე შეკითხვების და ყოველთვის მზად იყო, მწვავე შეკითხვებზე შესაბამისი პასუხები გაეცა.

„მე გუშინ ვთქვი, რომ როგორც ჩანს აქტიურ პოლიტიკურ სეზონში შევდივართ და კიდევ ბევრი წერილი და ბევრი პოზიციის დაფიქსირება იქნება-მეთქი და დღეს ეს დადასტურდა. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ არასოდეს შეგვშინებია მწვავე შეკითხვების და ყოველთვის მზად ვიყავით, ამ მწვავე შეკითხვებზე შესაბამისი პასუხები გაგვეცა. არ დავიწყებ გარჩევას. სხვადასხვა წერილები იყო სხვადასხვა აქცენტებით. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ როგორც იცით, გუშინ საქართველოში ჩამობრძანდა აშშ-ის ახალი ელჩი. უახლოეს პერიოდში პარლამენტის დელეგაცია გაემგზავრება ამერიკაში. გარწმუნებთ, რომ ჩვენ ვიქნებით უაღრესად აქტიურები, უაღრესად ეფექტურები და ამასთან ერთად ობიექტურები, ყველაფერ იმასთან დაკავშირებით, რისგანაც ახლა ამ ჟრიამულს ვტეხთ. რა თქმა უნდა ეს არის ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხები, მოგეხსენებათ, აშშ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0