დიმიტრი ხუნდაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

22/01/2020

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე და კომიტეტის წევრები ვლადიმერ კახაძე და ლევან კობერიძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, სილვიუ დომენტეს შეხვდნენ. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონმდებლობის აღსრულების მიმდინარეობა და კანონის იმპლემენტაციის პროცესში ორგანიზაციის მიერ შესაძლო ტექნიკური დახმარების საკითხები წარმოადგენდა.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიოს მასშტაბით 194 ქვეყანაში ოპერირებს. ორგანიზაციის ოფისი წლებია საქართველოში საქმიანობს და ჩვენ ქვეყანას მნიშვნელოვან დახმარებას უწევს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენთვის უპირველესია მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის გამოცდილების გაზიარება და ტექნიკური დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. სილვიუ დომენტესთან შეხვედრაზე თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის რევიზიაზე, ანალიზსა და გამოწვევების შესახებ ვისაუბრეთ. რა თქმა უნდა, კომიტეტი ისევ რჩება იმ პოზიციაზე, რომ მოსახლეობაში ეტაპობრივად მწეველთა რაოდენობის შემცირებას მივაღწიოთ, რადგან თამბაქოს მოხმარებისგან გამოწვეული დაავადებებით ყოველწლიურად რამდენიმე ათასი ადამიანი იღუპება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0