DMO-მ ტურიზმის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა

15/01/2020

ზუგდიდის ტექნო-პარკში სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ (DMO) სამეგრელოს ტურიზმის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა. სტრატეგია/სამოქმედო გეგმა შემუშავებულია მოწვეული ექსპერტის მიერ სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის თანამონაწილეობით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და USAID/Zrda-ს ტურიზმის მიმართულების გუნდის აქტიური ჩართულობით.
შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მისი მოადგილეები, ადგილობრივი ხელისუფლების და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე და სფეროში დაგეგმილ გეგმებზე ისაუბრა.

„სამეგრელოს ტურიზმის სტრატეგია/სამოქმედო გეგმის“ მიზანია ისეთი გზამკვლევი დოკუმენტის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმის მდგრად განვითარებას და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების გაზრდას. პროექტის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა სამეგრელოს რეგიონში ახალი და ინოვაციური ტურისტული პროდუქტების შემუშავება, ახალი და არსებული ტურისტული ობიექტებისა და ღირშესანიშნაობების პოპულარიზაცია.

სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) არის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და USAID/Zrda-ის თანამშრომლობით შექმნილი ორგანიზაცია, რომლის მიზანია სამეგრელო-ზემო სვანეთში ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა. ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში შემავალი აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0