მთავრობის ადმინისტრაციამ „ღია მმართველობა საქართველოს“ ფორუმს უმასპინძლა

27/12/2019

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, როგორც ღია მმართველობა საქართველოს (OGP) მაკოორდინირებელმა უწყებამ, „ღია მმართველობა საქართველოს” ფორუმს უმასპინძლა. ფორუმი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა გახსნა. ნათია მეზვრიშვილმა „ღია მმართველობის” პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ფორუმის წევრებს ადმინისტრაციის სამომავლო გეგმები გააცნო.

„ჩვენ აგვირჩიეს მმართველი კომიტეტის წევრად და ვეცდებით ღია მმართველობის პრინციპების დანერგვის მიმართულებით კიდევ უფრო აქტიურები ვიყოთ. მომავალი წლიდან პროცესები მაქსიმალურად გააქტიურდება სხვადასხვა ფორმატში, იქნება ეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, თუ მსგავსი ფორუმები. პროცესის ფორმალიზების მიზნით უკვე შედგა რამდენიმე შეხვედრა, ვინაიდან ვფიქრობთ, ფორმალური მხარის მოგვარება პროცესებს მეტ ლეგიტიმაციას მისცემს და რაც მთავარია, გაზრდის სამინისტროების, მაღალი თანამდებობის პირების ჩართულობას. ეს მნიშვნელოვანია, რათა პროცესში ჩართულ ორგანიზაციებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავიანთი მოსაზრებები კონკრეტულ რეფორმებთან დაკავშირებით , უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან გააჟღერონ”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ასევე ყურადღება გაამახვილა არსებული სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე. ნათია მეზვრიშვილის განმარტებით, დაგეგმილი აქტივობები მსხვილ რეფორმებზე ორიენტირებული, ქმედითი და ამავდროულად – შესრულებადი იქნება და ამ პროცესში მესამე სექტორის მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
„ღია მმართველობა – საქართველოს” სამდივნომ ფორუმს ღია მმართველობის საკოორდინაციო პროცესის გასაძლიერებლად ახალი ინიციატივები წარუდგინა, მათ შორისაა, ღია მმართველობის საკითხებზე მთავრობის პირველი მაღალი რანგის სათათბირო ორგანოს შექმნა. ფორუმმა საბჭოს ფორმატზე, მანდატსა და საქმიანობის წესზე იმსჯელა.
სამდივნომ ფორუმს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგები გააცნო. შეხვედრაზე ვალდებულებების შესრულების პროგრესის შესახებ პასუხისმგებელმა უწყებებმა ზეპირი ანგარიშებიც წარადგინეს და არსებულ გამოწვევებზე ფორუმს ინფორმაცია მიაწოდეს.
ფორუმის მონაწილეებმა ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების კალენდარი და სამომავლო ნაბიჯებიც განიხილეს. შეხვედრას ფორუმის წევრი საჯარო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში” (GGI) მხარდაჭერით გაიმართა.
„ღია მმართველობის პარტნიორობა” (OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით 2011 წელს დაფუძნდა და მისი მიზანია მთავრობათა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაზრდა. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც OGP-ს 2011 წელს შეუერთდა. 2017-2018 წლებში საქართველო OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანა იყო და პარტნიორობის მეხუთე გლობალურ სამიტს თბილისში უმასპინძლა. 2019 წლის გაზაფხულიდან ღია მმართველობა საქართველოს კოორდინაციას ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ახორციელებს. 2019 წლის აპრილში საქართველო OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად 3 წლის ვადით აირჩიეს. საქართველოს მთავრობას მმართველ კომიტეტში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი წარმოადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0