სადახლოში სასაზღვრო ინსპექციის ცენტრი გაიხსნა

18/12/2019

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, რწმუნებულის მოადგილე, ზვიად ჭუნაშვილი და მარნეულის მერის მოადგილე, ზაურ ტაბატაძე სადახლოს საბაჟო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, ახლი ინფრასტრუქტურის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა ევროკავშირის მხარდაჭერით, მოეწყო, რომელიც განკუთვნილია ვეტერინარული, სანიტარული და ფიტოსანიტარული კონტროლისთვის და პასუხობს უსაფრთხოების ყველაზე მაღალ სტანდარტებს. ღონისძიებაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან კაკავამ და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსმა, ვინსენტ რეიმ.
ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი სანიტარული, ფიტოსანიტარული და ვეტერინარული კონტროლისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება ევროკავშირთან ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, სწორედ ამიტომ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ინსპექციის პუნქტების მშენებლობა-რეკონსტრუქციისა და აღჭურვის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ სადახლოს სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის მშენებლობა და აღჭურვა გათვალისწინებული იყო “ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების 2018-2019 წლის ეროვნულ სამოქმედო გეგმაში. დღეისათვის ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს საზღვრებზე 4 მსგავსი ინსპექციის პუნქტი ფუნქციონირებს. ახალი ინფრასტრუქტურის გახსნის შემდეგ, საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო გამწვანების აქცია და დაირგო 33 ფიჭვის ნერგი. ღონისძიებას მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და ევროკავშირის წარმომადგენლები დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0