დიასპორამ უნდა იგრძნოს, რომ არის ამ ქვეყნის ნაწილი

16/12/2019

საქართველოს პარლამენტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დიასპორის პოლიტიკის საპარლამენტო კავშირის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას „დიასპორის აქტიური მონაწილეობა სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესში“ მასპინძლობს.
კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.
მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, არჩილ თალაკვაძემ ქვეყნის კულტურული, ეკონომიკური, სამეცნიერო და განათლების სფეროების განვითარებასა და სახალხო დიპლომატიის განხორციელებაში დიასპორის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენი თანამემამულეები ხშირად სამშობლოსგან ათასობით კილომეტრის დაშორებით, ისევე ახლოს არიან საქართველოსთან, როგორც თითოეული ჩვენგანი – ქართულად ასწავლიან შვილებს, ქართული სტუმარ-მასპინძლობით ხვდებიან სტუმრებს და ქართულ ეკლესია-მონასტრებში ლოცულობენ. ჩვენ კარგად გვესმის ამ კავშირების მნიშვნელობა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მან დამსწრეებს შეახსენა ისიც, რომ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე ვალდებულება ქართულმა სახელმწიფომ აიღო და დიასპორაზე ზრუნვა ერთ-ერთ კონსტიტუციურ ფუნქციად და საქმიანობის ძირითად მიმართულებად განისაზღვრა.

„საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციაში განსაკუთრებული ადგილი განუსაზღვრა სიტყვა „თანამემამულეს“ და „უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს“. ქვეყნის ძირითად კანონში პირველად გაჩნდა ასეთი ჩანაწერი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ დიასპორული ორგანიზაციების აქტიურ მუშაობას მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. ამ კონტექსტში, პარლამენტის თავმჯდომარემ კონფერენციის მონაწილეებს დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებიც გააცნო და განაცხადა, რომ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო დიასპორის საკითხებზე ფართო დისკუსიისა და სამუშაო პროცესის აქტიურ მონაწილედ მომავალშიც დარჩება. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და დიასპორებთან ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სახელმწიფომ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, რომ დიასპორებთან არსებული კავშირები გახდეს უფრო ქმედითი. პრეზიდენტის განცხადებით, დიასპორა მაშინ ხდება ქვეყნის ძლიერი ნაწილი და ამ ქვეყნის აღმშენებლობის ერთ-ერთი ძლიერი ინსტრუმენტი, თუ ის გრძნობს კავშირს სამშობლოსთან.
სალომე ზურაბიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კავშირების გაძლიერებაზე „დიასპორამ უნდა იგრძნოს, რომ არის ამ ქვეყნის ნაწილი. სწორედ ამ შემთხვევაში ხდება დიასპორა ქვეყნის ნაწილი და მისი აღმშენებლობის ერთ-ერთი ძლიერი ინსტრუმენტი და ეს კავშირი შედგება მოქალაქეობისგან. ჩვენ ეს შევძელით კონსტიტუციით, ჩვენ დავუტოვეთ მათ არჩევანის საშუალება. ეს არ არის მხოლოდ სამართლებრივი კავშირი, ეს არის ჯაჭვი, რომელიც ქვეყანასთან გაერთიანებს და ეს გადაწყვეტილება, რაც პარლამენტმა მიიღო, არის ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა რამდენიმე ინიციატივა გააჟღერა. სალომე ზურაბიშვილმა დიასპორის წარმომადგენლებს რეგიონებში უძრავი ქონების შეძენისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, მიდის მუშაობა იმაზე, თუ როგორ უნდა მიეცეთ დიასპორის წარმომადგენლებს ინვესტიციების განხორციელების საშუალება, რათა არა მხოლოდ ქველმოქმედებით იყვნენ ჩართული ქვეყნის განვითარებაში.
სალომე ზურაბიშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება დიასპორის წარმომადგენლებისთვის პოლიტიკური უფლებების გადაცემის შესახებ. მისი თქმით, დიასპორა უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში და ამისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო სიებში შეიყვანონ დიასპორის წარმომადგენლები.

„ეს არის ის გასაღები, რომელიც ამ ქვეყანას დაუბრუნებს თავის პოტენციალს. აუცილებელია ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს, ვისაც ცხადია, საქართველოს მოქალაქეობა გააჩნია, ყველა პოლიტიკური უფლება მივცეთ. ეს ნიშნავს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას. სამწუხაროდ, დღევანდელი ჩვენი საკონსულოების გაშლა არ აძლევს ბევრ ჩვენ თანამემამულეს ფიზიკურ საშუალებას, რომ არჩევნებში სრულყოფილად მიიღონ მონაწილეობა, ჩვენი სიები არასრულყოფილია, ბევრი პრობლემაა და ამაზეც მუშაობენ და კიდევ უფრო უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, იმის საშუალება უნდა იყოს, რომ დიასპორა პარლამენტში იყოს წარმოდგენილი. საარჩევნო წელიწადში შევდივართ, ამ კუთხით პარლამენტს გთავაზობთ, ყველა სიაში, ყველა პარტიამ, არ ვიცი პროპორციული იქნება, მაჟორიტარული, თუ როგორ იქნება, რომ იყოს საშუალება, სიაში დიასპორის წარმომადგენელი იყოს. ეს იქნება ძალიან დიდი სიახლე, ძალიან დიდი გზავნილი ჩვენი დიასპორის წევრებისთვის და მე მგონი, ამ კუთხით რომ გაჩნდეს შეჯიბრი სხვადასხვა პარტიებს შორის, ეს იქნება ძალიან პოზიტიური შეჯიბრი ქვეყნისთვის, ჩვენთვის, დიასპორისთვის და ყველასთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კონფერენციის მონაწილეებს მიმართა ევროპის საბჭოს დიასპორის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე პაოლო პისკომ.

„ისტორიულად, დიასპორები ყოველთვის აქტიურ როლს თამაშობენ თავიანთი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში და ამასთან, ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებისგან ისინი იღებენ მაქსიმალურ მხარდაჭერას, რათა მათ ჰქონდეთ განვითარების საშუალება. ბოლო წლების განმავლობაში დიასპორა უფრო აქტიურად არის ჩართული ამ პროცესებში. ჩენ დიასპორის წარმომადგენლებს უნდა მივუდგეთ არა როგორც მიგრანტებს, არამედ, როგორც თანასწორ მოქალაქეებს და ამისთვის მნიშვნელოვანია უკეთესად გავიგოთ და სწორად განვსაზღვროთ დიასპორის საჭიროებები. უნდა შეიქმნას დიასპორის პოლიტიკა და ამისთვის, ჩვენ, ერთად უნდა ვიმუშაოთ“, – განაცხადა პაოლო პისკომ.

პაოლო პისკომ ყურადღება გაამახვილა მსგავსი ტიპის კონფერენციების მნიშვნელობაზე, რათა მკაფიოდ განისაზღვროს დიასპორის პოლიტიკის მიმართულებები და მისი აღსრულების ინსტრუმენტები. სესიის მონაწილეებს მიმართა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარიამ. მისი განცხადებით, დღევანდელი ღონისძიება სწორი და მოქნილი დიასპორული პოლიტიკის შემუშავების და განხორციელების, ევროპის ქვეყნების მრავალრიცხოვან ქართულ დიასპორებთან ეფექტიანი დიალოგის წარმოების და ერთიან ევროპულ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის ძლიერი პლატფორმაა.

„ქართული სახელმწიფოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია დიასპორული კონფერენციის გამართვა დღეს წარმოდგენილი მაღალი რანგის ინსტიტუციების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამეცნიერო და საუნივერსიტეტო წრეების, დარგის ექსპერტების მონაწილეობით. ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, საქართველო დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და განმტკიცების მონაწილეა. ამ პროცესებში აქტიურად უნდა იყოს ჩართული ქართული დიასპორა და ჩვენ გვაქვს მათი თანადგომის იმედი. დღევანდელი კონფერენციის მიზანი და ჩვენი ინტერესიც სწორედ ეს არის. მითუმეტეს, რომ თანამედროვე მსოფლიოში იზრდება დიასპორების როლი საკუთარი ქვეყნების განვითარების საქმეში“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, მჭიდრო კავშირი შეინარჩუნოს ქვეყნიდან სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზეზით გასულ, მთელს მსოფლიოში მცხოვრებ მილიონ ნახევარზე მეტ თანამემამულესთან. ხელს უწყობს მათ აქტიურად იყვნენ ჩართულნი საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებში, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება-გაძლიერებაში. ქართული სახელმწიფო ზრუნავს გაიზარდოს დიასპორის ჩართულობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში, სახელმწიფოს მიერ შემუშავებული ინოვაციური პროექტების განხორციელებაში.

„ქვეყნის წინსვლაში დიასპორის ფასდაუდებელი როლის გათვალისწინებით, საქართველოს კონსტიტუციაში პირველად გაჩნდა ჩანაწერი, რომელიც ამყარებს სახელმწიფოსა და დიასპორის ურთიერთობებს. ამ რეფორმის ფარგლებში, დარგობრივ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით, ჩვენს თანამემამულეებს მიეცათ ორმაგი მოქალაქეობის უფლება – მათ, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, შეუძლიათ შეინარჩუნონ საქართველოს მოქალაქეობა. აღნიშნული გაცილებით აძლიერებს დიასპორელების მოტივაციას, უქმნის სამართლებრივ შესაძლებლობებს და ხელს უწყობს მათ ჩართულობას ქვეყნის დემოკრატიული აღმშენებლობის პროცესში“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ის ასევე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას დიასპორის წარმომადგენლების საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვის შესახებ და განაცხადა, რომ თითონ იქნება ერთ-ერთი ინიციატორი აღნიშნული ინიციატივის მმართველი პოლიტიკური ძალის წიაღში განხილვის, რაც ერთგვარ კონკურენციას დაუდებს საფუძველს პარტიებს შორის ამ მიმართულებით.
ბექა ოდიშარიამ მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს, დიასპორულ ორგანიზაციებს და საერთაშორისო პარტნიორებს, დიასპორებთან ურთიერთობების მიმართულებით განხორციელებული ინიციატივებისთვის, იდეებისთვის და პარლამენტის სახელით სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.
მისივე განცხადებით, მმართველი პოლიტიკური გუნდი კვლავ რჩება წლების წინ დეკლარირებული პოლიტიკისა და ღირებულებების ერთგული. დემოკრატიის მაღალი ხარისხი, რეგიონული თანამშრომლობა, უფრო აქტიური ნაბიჯები ევროკავშირისა და ნატოსაკენ, არის საქართველოს წარმატებისა და უსაფრთხოების გარანტი.

„დასახული მიზნების მიღწევაში კი, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროპის ქვეყნების ქართული დიასპორული რესურსის გამოყენებას, საერთაშორისო ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაში“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ბექა ოდიშარიამ, მისასალმებელ სიტყვაში განსაკუთრებული ადგილი დაუთმო ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობასა და საოკუპაციო მარიონეტული რეჟიმის ანტიჰუმანურ მიდგომას ამ საკითხისადმი. მან დეტალურად აღუწერა დამსწრეთ შექმნილი მდგომარეობა და კოლეგებს ევროპის ქვეყნების პარლამენტებიდან სთხოვა ქმედითი დახმარება ამ პრობლემის მოგვარებაში.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა სამი პლენარული სესია, სადაც მონაწილეობა საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიასპორის წარმომადგენლებმა მიიღეს.
სესიებზე საქართველოს პარლამენტის, მთავრობისა და დიასპორის ასოციაციის წევრებმა გააზიარეს გამოცდილება დიასპორის ჩართულობაზე საქართველოს განვითარების საქმეში. აღწერეს თუ როგორ იცავს სახელმწიფო დიასპორის უფლებებს (საარჩევნო უფლებები, პარლამენტში წარმომადგენლობა, საჯარო სამსახურში დისკრიმინაციის აკრძალვა, სპეციალური სტატუსი ან ორმაგი მოქალაქეობა და ა.შ.), რეინტეგრაციის რა მექანიზმებს უზრუნველყოფს და როგორ ავითარებს დიასპორის პოლიტიკას და გამოავლინეს დიასპორის წარმატებული კულტურული და დიპლომატიური სტრატეგიები საზღვარგარეთ სამშობლოს ინტერესების გატანის საქმეში. კონფერენციის მონაწილეებმა კავშირის მომავალი საქმიანობის მიმართულებებიც განიხილეს. კონფერენციამ დასკვნითი დებულებებისა და რეკომენდაციების მიღებით დაასრულა მუშაობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0