პარლამენტმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები აირჩია

12/12/2019

პარლამენტმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები აირჩია. აქედან, 12 ახალი მოსამართლეა, ხოლო 2 – დღეს მოქმედი მოსამართლეები არიან.

„ყველა ის კანდიდატი, ვისაც მხარი დაუჭირა პარლამენტმა, არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ და გადაწყვეტილება ძალაში შედის მიღებისთანავე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტმა მხარი დაუჭირა: 86 ხმით 1 – ის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს „მერაბ გაბინაშვილის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩევის შესახებ“; 83 ხმით ერთის წინააღმდეგ – პარლამენტის დადგენილების პროექტს „მირანდა ერემაძის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩევის შესახებ“; 88 ხმით არცერთის წინააღმდეგ – დადგენილების პროექტს „მამუკა ვასაძის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩევის შესახებ“; 90 ხმით არცერთის წინააღმდეგ – დადგენილების პროექტს „მაია ვაჩაძის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩევის შესახებ“; 89 ხმით არცერთის წინააღმდეგ დადგენილების პროექტს „თამარ ზამბახიძის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩევის შესახებ“; 89 ხმით 1-ის წინააღმდეგ დადგენილების პროექტს „შალვა თადუმაძის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩევის შესახებ“; 86 ხმით 1-ის წინააღმდეგ – დადგენილების პროექტს „ვლადიმერ კაკაბაძის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩევის შესახებ“; 89ხმით 1-ის წინააღმდეგ – დადგენილების პროექტს „ლევან მიქაბერიძის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩევის შესახებ“; 85 ხმით 1- ის წინააღმდეგ დადგენილების პროექტს „გიორგი მიქაუტაძის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩევის შესახებ“; 90 ხმით არცერთის წინააღმდეგ – დადგენილების პროექტს „ნუგზარ სხირტლაძის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩევის შესახებ“; 88 ხმით არცერთის წინააღმდეგ – დადგენილების პროექტს „ლალი ფაფიაშვილის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩევის შესახებ“; 85 ხმით 1 – ის წინააღმდეგ – დადგენილების პროექტს „ნინო ქადაგიძის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩევის შესახებ“; 85 ხმით 1- ის წინააღმდეგ – დადგენილების პროექტს „ქეთევან ცინცაძის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩევის შესახებ“; 87 ხმით 1-ის წინააღმდეგ დადგენილების პროექტს „ალექსანდრე წულაძის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩევის შესახებ“.

კენჭისყრის შემდეგ, ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. არჩილ თალაკვაძემ უზენაესი სასამართლოს ახალარჩეულ მოსამართლეებს საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი თანამდებობა მიულოცა და ხალხის და ქვეყნის საკეთილდღეოდ წარმატებული საქმიანობა უსურვა. კენჭი არ ეყარა უზენაესი სასამართლოს მოსამართლების ერთ-ერთ კანდიდატს, ზაზა თავაძეს, რომელმაც უარი განაცხადა მოსამართლის თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობაზე.

„იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პროცედურა ამოწურა, შესაბამისად, ამ კანდიდატურასთან დაკავშირებით,“ – განმარტა არჩილ თალაკვაძემ. ამიტომ, ამ განცხადების გათვალისწინებით, რეგლამენტის დაცვით, მისი კანდიდატურა კენჭისყრაზე აღარ დამდგარა.

პლენარულ სხდომის დასაწყისში, კენჭისყრამდე, დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე დღეს გამართულ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ჟურნალისტებთან დაკავშირებულ ინცინდენტს გამოეხმაურა.

„ჟურნალისტების საქმიანობა უმნიშვნელოვანესია და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში მედიის თავისუფლება იყოს ხელშეუხებელი. სამწუხაროა, რომ მოხდა გაურკვევლობა, შეხლა-შემოხლა და მე და რატი იონათამიშვილს მოგვიწია ჟურნალისტების სათითაოდ შემოყვანა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. თუმცა, საბოლოო ჯამში ეს ინცინდენტი ამოიწურა, ჩვენ დეტალურად მივადევნებთ თვალყურს ამ საკითხს და გავარკვევთ ზუსტად რა მოხდა“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

მისი თქმით, ეს არ იყო დაორგანიზებული და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს არ გაუცია დავალება, რომ გაეყარათ დეპუტატები დარბაზიდან. სხდომაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მომხდარი ინციდენტი ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლად შეაფასა. მან დღის წესრიგიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის ამოღება მოითხოვა. მისი თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აღნიშნული საკითხის განხილვა მიმდინარეობდა პროცედურის დარღვევით, რასაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა უპასუხა. მისი თქმით, საზოგადოება თვალს ადევნებდა კომიტეტის სხდომაზე ვინ როგორ იქცეოდა და როგორ პასუხისმგებლობას იჩენდა.

„ნაციონალური მოძრაობა და ზოგიერთი ჩვენი სხვა კოლეგა ცდილობდა კომიტეტის სხდომის ჩაშლას, რა დროსაც გამოვაცხადე ტექნიკური შესვენება კოლეგებთან კონსულტაციის მიზნით. ამ დროს გაურკვევლობა მოხდა და ჟურნალისტებმა გამოთქვეს პრეტენზია. მე უზრუნველვყავი და მანდატურებმაც უზრუნველყვეს, რომ ჟურნალისტები შემოსულიყვნენ დარბაზში და გაეშუქებინათ ეს პროცესი ბოლომდე. თუ კი რაიმე გაურკვევლობა მოხდა, ამას გავარკვევთ“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა. მისი განცხადებით, ყველა მოქმედებდა კანონის შესაბამისად და იცავდა კანონს.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა კოლეგებს მოსამართლის კანდიდატების საკომიტეტო მოსმენები შეახსენა.

„მოსამართლის ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გაბედა და ვერ შეძლო წინა ხელისუფლების ჯალათობრივი რეჟიმის შეფასება. თქვენ, თუ რომელიმე მათგანს დღეს მხარს დაუჭერთ, ეს იქნება ნაციონალური მოძრაობის ლეგიტიმაცია თავიდან და იქნება ხაზის გადასმა 2012 წლის 1 ოქტომბრის მონაპოვარზე. ამიტომ კარგად დაფიქრდით, სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებთ“, – თხოვნით მიმართა დეპუტატმა პარლამენტის წევრებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ კენჭისყრაზე დააყენა ეკა ბესელიას შეთავაზება საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებასთან დაკავშირებით, რასაც უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა. პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს პარლამენტის წევრის, აკაკი ზოიძისთვის პირადი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილების შეწყვეტას. დღესვე პარლამენტმა კენჭი უყარა დეპუტატის, ნიკანორ მელიასთვის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველზე პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. პარლამენტის გადაწყვეტილებით, 88 ხმით არცერთის წინააღმდეგ ნიკანორ მელიას უფლებამოსილება შეუწყდა. როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა კენჭისყრამდე აღნიშნა, კომიტეტმა პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად სასამართლოდან გამოითხოვა საბუთები და განიხილა.

„შევისწავლეთ ფორმალური საკითხები, კერძოდ, 2 კომპონენტი. ერთი ის, რომ პირი არის დამნაშავედ ცნობილი და მეორე, რომ ეს განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში. ასეთ შემთხვევაში საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნაა, რომ პარლამენტის წევრს უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება“, – განმარტა კომიტეტის თავმჯდომარემ.

დეპუტატებმა მხარი პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ კოლეგებს აცნობა, რომ სხდომათა დარბაზში შემოსულმა ორმა ოპოზიციის წარმომადგენელმა დეპუტატმა გარკვეული ნივთიერება შემოიტანა და დაასხა.

„ვხვდებით მიზანი რა არის, აქედანვე შეიძლება დავპირდეთ, რომ ამას მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ამომწურავ ინფორმაციას უმოკლეს დროში მიიღებენ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციამ ბოლომდე გამოავლინა თავისი სახე. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. სხდომის განახლებისას, შემდეგ დეპუტატებმა მეორე მოსმენით განიხილეს „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები. მომხსენებლის, გუგული მაღრაძის განმარტებით, 2011-2012 და 2014-2015 წლებში აკრედიტებული მასწავლებლის მომზადების ბაკალავრიატის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები აკრედიტებულად ჩაითვლება 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებამდე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0