იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 14 კანდიდატს დასამტკიცებლად რეკომენდაცია გაუწია

12/12/2019

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 2019 წლის 6 სექტემბერს საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით კენჭისყრა გაიმართა.
კომიტეტმა 14 კანდიდატის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩევასთან დაკავშირებით რეკომენდაცია გასცა. ეს კანდიდატებია:

1. მერაბ გაბინაშვილი – 7 ხმა ერთის წინააღმდეგ; 2. მირანდა ერემაძე – 6 ხმა ერთის წინააღმდეგ; 3. მამუკა ვასაძე – 7 ხმა ერთის წინააღმდეგ; 4. მაია ვაჩაძე – 7 ხმა ერთის წინააღმდეგ; 5. თამარ ზამბახიძე – 8 ხმა ერთის წინააღმდეგ; 6. შალვა თადუმაძე 8 ხმა ერთის წინააღმდეგ; 7. ვლადიმერ კაკაბაძე – 6 ხმა ერთის წინააღმდეგ; 8. ლევან მიქაბერიძე – 6 ხმა ერთის წინააღმდეგ; 9. გიორგი მიქაუტაძე – 8 ხმა ერთის წინააღმდეგ; 10. ნუგზარ სხირტლაძე – 6 ხმა ერთის წინააღმდეგ; 11. ლალი ფაფიაშვილი – 7 ხმა ერთის წინააღმდეგ; 12. ნინო ქადაგიძე – 7 ხმა ერთის წინააღმდეგ; 13. ქეთევან ცინცაძე – 6 ხმა ერთის წინააღმდეგ; 14. ალექსანდრე წულაძე – 6 ხმა ერთის წინააღმდეგ.

კომიტეტმა ხუთ კანდიდატს: თამარ ალანიას, შოთა გეწაძეს, პაატა სილაგაძეს, ლაშა ქოჩიაშვილს და გოჩა ჯეირანაშვილს მხარი არ დაუჭირა. კიდევ ერთმა კანდიდატმა, ზაზა თავაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად მიმდინარე კონკურსში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და თავისი კანდიდატურა გაითხოვა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა მწვავე კამათის ფონზე მიმდინარეობდა. დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია სხდომის გადადებას ითხოვდა, რადგან მისი განმარტებით, დღევანდელი სხდომა რეგლამენტის დარღვევით იმართებოდა. ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.

„მას შემდეგ, რაც ჩვენ შევიტანეთ პარლამენტის რეგლამენტში ცვლილება და ვთქვით, რომ სასესიო კვირაში აკრძალვა გავავრცელოთ კანონპროექტების განხილვაზე, გამომდინარე იქიდან, რომ ერთი მხრივ, არ შევაფერხოთ საკანონმდებლო საქმიანობა და მეორე მხრივ, უზრუნველვყოთ ის, რომ საკანონმდებლო საქმიანობის ხარისხიც არ დავწიოთ – შევჯერდით იმაზე, რომ საკომიტეტო მოსმენაზე მხოლოდ და მხოლოდ კანონპროექტების განხილვა აგვეკრძალა თუმცა, აქაც დავუშვით გამონაკლისები. ის შეიძლებოდა განგვეხილა იმ შემთხვევაში თუ კანონპროექტები იქნებოდა დაჩქარებული წესით, ან ეს შეეხებოდა ბიუჯეტის შესახებ კანონს. დანარჩენ საკითხებს ჩვენ არ შევეხეთ და როგორც იყო ეს დაშვებული ადრე, მანამ სანამ ცვლილებები შევიდოდა რეგლამენტში, რომ სასესიო პერიოდში შეიძლებოდა კომიტეტების ჩატარება მხოლოდ სხვა საკითხებზე და არა კანონპროექტებზე – დარჩა ისევ ისე. აკრძალვა შეეხო მხოლოდ და მხოლოდ კანონპროექტებს – გარდა ბიუჯეტის კანონპროექტებისა და დაჩქარებული წესით კანონპროექტებისა“, – განმარტა გურამ მაჭარაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოცივე კანდიდატს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესში 20 კანდიდატს მოუსმინა და გასაუბრება 23 სექტემბერს დაიწყო.
კომიტეტში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ამერიკული მოდელის მიხედვით მიმდინარეობდა და პროცესს მონიტორინგს უწევდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) წარმომადგენლობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0