ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება ყოფილი კინოთეატრის შენობისთვის პირვანდელი ფუნქციის დაბრუნების შესახებ:
“გვინდა გამოვეხმაუროთ საზოგადოების ინტერესს ბოლნისის ყოფილი კინოთეატრის აღდგენასთან დაკავშირებით. ბოლნისში მდებარე ყოფილი კინოთეატრის შენობა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2014 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტს გადასცა. მერიამ დაწესებულებისათვის, ფუნქციის აღდგენის მიზნით, ტენდერის საშუალებით შეიძინა შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის სრულმა ღირებულებამ 1 000 000 ლარზე მეტი შეადგინა, რაც, მუნიციპალიტეტის გამოწვევებიდან გამომდინარე, საკმაოდ მაღალი თანხა აღმოჩნდა.
პარალელურ რეჟიმში მუნიციპალიტეტი ძალისხმევას არ იშურებდა სხვადასხვა სახელმწიფო თუ დონორ ორგანიზაციასთან კინოთეატრისთვის, პირვანდელი ფუნქციის დაბრუნების მიზნით, მოლაპარაკება ეწარმოებინა. მერია მუნიციპალური განვითარების ფონდთან, რეგიონული განვითარების ფონდთან და სხვადასხვა კერძო დონორ ორგანიზაციასთან ერთად, პროექტის დეტალებს აქტიურად განიხილავდა, თუმცა მათ მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, პრიორიტეტად ბოლნისში არსებული საბავშვო ბაგა-ბაღების სრული რეაბილიტაცია, ისტორიულ უბნებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ქალაქში საკანალიცაზიო სისტემის მოწყობა და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოს განხორციელება მიიჩნიეს.
მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტს კარგად ესმის ქალაქისთვის კინოთეატრის არსებობის საჭიროება და მიაჩნია, რომ ეს პროექტი ბოლნისის მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტის ძალისხმევით, მიმდინარეობს ახალი კონცეფციის შემუშავება, რომელიც კინოთეატრის შენობის პირვანდელი სახით აღდგენასა და მისი ფუნქციის დაბრუნებას გულისხმობს. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა 120 კაცზე გათვლილი დარბაზი და ინტეგრირებული სივრცე, რომელშიც ბოლნისის თეატრი განაგრძობს ფუნქციონირებას. პალარელურად კი შესაძლებელი იქნება კინოფილმების ჩვენება. აღსანიშნავია, რომ კინოთეატრის ჰოლში ასევე არტ-ინსტალაციებისთვის, სხვადასხვა კულტურული საღამოებისა და გამოფენებისთვის შესაბამისი სივრცის შექმნაც იგეგმება.
ვინაიდან ბოლნისის თეატრს დიდი ტრადიციები გააჩნია და ის მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია, მისი არსებობისთვის აუცილებელია კომფორტული სივრცის შექმნა. აღსანიშნავია, რომ კულტურის სახლის მასშტაბებიდან გამომდინარე, ის თეატრის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის შეუსაბამოა. ამიტომ გადაწყდა ყოფილი კინოთეტრის შენობაში მულტიფუნქციური სივრცის მოწყობა. პროექტის ტექნიკური მხარე უკვე შეთანხმებულია დარგის სპეციალისტებთან და მათი კომპეტენტური რეკომენდაციების გათვალისწინებით, 2020 წელს მოხდება საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. აღსანიშნავია, რომ მულტიფუნქციური სივრცე მერიისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია, რადგან ის აადვილებს დონორებისა და შესაბამისი ფინანსების მოძიებას.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას საჭიროდ მიაჩნია გაიმართოს ღია დისკურსია, რომელშიც მონაწილეობას საკითხით დაინტერესებული პირები მიიღებენ”.