დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობას დამატებით, ISUZU-ს მარკის 38 ერთეული 8-მეტრიანი და MAN-ის მარკის 16 ერთეული 10-მეტრიანი, დიზელის ძრავზე მომუშავე Euro 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსი წარუდგინა. როგორც თბილისის მერმა განაცხადა, მუნიციპალიტეტის მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოწესრიგებული იყო.
„დღეს, ჩვენ – მოქალაქეები და ქალაქი, ერთდროულად გავდივართ ურბანულ ევოლუციას. ახლა სხვა მოთხოვნები და საჭიროებებია. რა თქმა უნდა, დედაქალაქის მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს მოთხოვნები დაკმაყოფილებული იყოს. ჩვენი გუნდისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ამას წინასაარჩევნო პერიოდშიც დავპირდი მოსახლეობას. დღეს გვაქვს ავტოპარკი, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია, კრიტიკას ვერ უძლებს და მუშაობის ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს. შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება – საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება, ყვითელი ავტობუსების პარკის ახალი, ევროპული ტიპის თანამედროვე ავტობუსებით ჩანაცვლება. დღეიდან თბილისელებს მოემსახურება კიდევ 38 ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსი და 16 ერთეული MAN-ის 10-მეტრიანი ავტობუსი. ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანაა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი განვაახლოთ, იყოს ყველაზე მოწესრიგებული, გამართული, ყველაზე ეფექტური და სწრაფი. ძალიან ბევრი ადამიანი იყენებს მას და ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ მოთხოვნა ავტობუსებზე და მეტროზე. გუშინ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღის წინ, 512 000 მგზავრი გადაიყვანა მეტრომ. ეს არის საოცარი მაჩვენებელი და თუ შევადარებთ წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, 100 000 მგზავრით მეტი ჰყავს გადაყვანილი. მეტროში მძიმე მდგომარეობა გვაქვს და ამიტომ მისი მოწესრიგება, რეაბილიტაცია და ახალი ვაგონების შესყიდვა, ასევე, ვაგონების მოდერნიზება გვაქვს დაწყებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დედაქალაქის მერია მომავალშიც გეგმავს ახალი ავტობუსების შემოყვანას და ყვითელი ავტობუსების პარკის ჩანაცვლებასთან ერთად, ახალი მარშრუტების დამატებას ისეთ უბნებში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის.
„ჩვენ არა მარტო ჩავანაცვლებთ არსებული ყვითელი ავტობუსების პარკს, არამედ დამატებით შემოვიყვანთ ავტობუსებს, რომ იმ უბნებში, რაიონებში, სადაც დღეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობას, ეს საკითხი მოგვარდეს. არის ქუჩები, სადაც ადამიანებს დიდხნიანი ლოდინი უწევს – 30-40 წუთი, სანამ ავტობუსი გამოივლის. გპირდებით, რომ თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება ყველაზე გამართული და სწრაფი. ყველა პროექტში, რომელსაც ინფრასტრუქტურის მიმართულებით ვახორციელებთ, გათვალისწინებული გვაქვს შესაბამისი ავტობუსის ზოლები.
ასევე, დღეს არის შშმ პირთა საერთაშორისო დღე, რომელიც გაეროს მიერ არის აღიარებული. მინდა ყველას მივულოცო ეს დღე და გითხრათ, რომ ყველა ჩვენი ავტობუსი არის ადაპტირებული და ყველა პროექტის განხორციელების დროს, ამას ვითვალისწინებთ, რომ ყველაფერი ადაპტირებული იყოს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
ამასთან, კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში ჩართულია მუნიციპალიტეტის საქმიანობაში და სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში. ახალი ავტობუსები ეტაპობრივად, ერთი კვირის განმავლობაში, თბილისის სხვადასხვა მარშრუტზე გადანაწილდება. კერძოდ: N7 ავტობუსი – სოფელი დიღომი – მეტროსადგური „დიდუბე“; N12 – დიდი ლილო – მეტროსადგური „ისანი“; N13 – მეტროსადგური „დელისი“ – უნივერსიტეტის ქუჩა; N19 – ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონი – ზემო ფონიჭალა; N36 – ლოტკინის დასახლება – რკინიგზის გადასასვლელი ხიდი; N48 – ჟღენტის ქუჩა – რკინიგზის გადასასვლელი ხიდი; N54 – დიდი დიღომი, მე-4 მიკრორაიონი -უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი; N57 – სამგორის ქუჩა – კრწანისის ქუჩა; N65 – დოლიძის ქუჩა – რკინიგზის სადგური; N68 – ცხრა ძმის ქუჩა – სადგურის მოედანი; N75 – ზღვის უბნის მე-3 მიკრორაიონი – მეტროსადგური „სარაჯიშვილი“.
რაც შეეხება N77 ავტობუსს, მისი მოძრაობის მარშრუტი ტუბდისპანსერიდან რკინიგზის სადგურამდე იქნება, N80 – ორთაჭალის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩამდე იმოძრავებს, N110 – მახათას მთიდან რკინიგზის გადასასვლელ ხიდამდე, ხოლო N122 – მოძრაობას მუჯირიშვილის ქუჩიდან დაიწყებს და სადგურის მოედანზე დაასრულებს.
6 დეკემბერს, N37 სამარშრუტო ხაზზე (აეროპორტი – სადგურის მოედანი) MAN-ის მარკის 10-მეტრიანი ახალი ავტობუსები გავა. N37-ზე აქამდე მოძრავი MAN-ის მარკის 12-მეტრიანი ავტობუსები დიდი მოცულობის „ბოგდანის“ მარკის ძველ ავტობუსებს N15 მარშრუტზე ჩაანაცვლებს, რომელიც დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონიდან სადგურის მოედნამდე მოძრაობს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2019 წელს MAN-ის 90 ერთეული 10-მეტრიანი და ISUZU-ს მარკის 220 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსი შეიძინა. ოქტომბრის დასაწყისიდან დღემდე, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ავტოპარკი ISUZU-ს მარკის 83 ერთეული ავტობუსით შეივსო, რომლებიც უკვე 16 მარშრუტზე: N4, N5, N10, N28, N31, N34, N42, N56, N66, N78, N90, N103, N106, N108, N112 და N124-ზე მოძრაობს, ხოლო MAN-ის მარკის 58 ერთეული ავტობუსი N1, N50, N55 და N71 მარშრუტებს ემსახურება. ავტობუსები მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში იქნა შესყიდული. 220 ერთეული ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები, ისევე როგორც MAN-ის მარკის ავტობუსები მუშაობს euro 6 ემისიის სტანდარტის დიზელის ძრავზე. 8-მეტრიანი ავტობუსები გათვლილია 53 მგზავრზე, აქედან 21 დასაჯდომი ადგილით, ხოლო MAN-ის მარკის ავტობუსები კი სულ 82 მგზავრზე და აქედან 27 დასაჯდომი ადგილია. ორივე მარკის ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე და გააჩნია გადმოსაშლელი პანდუსი, ეტლით ავტობუსში ასვლის უზრუნველსაყოფად. ავტობუსში განთავსებულია როგორც wifi მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის wifi-ს სიგნალით დაფარვას, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდენცირების და ვენტილაციის სისტემები. ავტობუსს გააჩნია ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგისა და საინფორმაციო ხმოვანი შეტყობინებების სისტემები და usb-დამტენები.