სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, საქართველოს ვიცე-პრემიერ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან მაია ცქიტიშვილთან და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი ქარსელაძესთან ერთად სამცხე-ჯავახეთში საგზაო ინფრასტრუქტურის დასრულებული და მიმდინარე პროექტები დაათვალიერა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წალკა–ნინოწმინდას საავტომობილო გზის 16 კმ-იან მონაკვეთზე. აღნიშნული მონაკვეთი დაზიანებული იყო და ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის სასწრაფოდ საჭიროებდა რეაბილიტაციას. რეაბილიტირდა გზა და ხელოვნური ნაგებობები. მოეწყო ტროტუარები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები. განხორციელდა საგზაო ნიშნების მოწყობის და გზის ჰორიზონტალური მოწყობის სამუშაოები. რეაბილიტირებული მონაკვეთი 5 სოფელს (ტბეთი, სამება, განთიადი, საყდრიონი, აიაზმა) მოიცავს. პროექტი სახელმწიფო 13 795 800 ლარით დაფინანსდა.
ასევე, დასრულდა საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდას (სომხეთის რესპუბლიკის საზღვართან მისასვლელ) საავტომობილო გზაზე 15 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები. რეაბილიტირებული მონაკვეთი გადის 2 სოფელს (გორელოვკა, ჟდანოვი) და საქართველო-სომხეთის საზღვართან სრულდება. აღნიშნული გზით სარგებლობს ადგილობრივი მოსახლეობა, სომხეთის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები და ხორციელდება აქტიური სატრანზიტო გადაზიდვები. ახალციხე-ნინოწმინდას გზაზე სამუშაოები ბოლო 10 წელია არ ჩატარებულა. არსებული საფარი ძალიან დაზიანებული იყო და ზოგიერთს მონაკვეთზე საერთოდ აღარ არსებობდა. პროექტის შესაბამისად, განხორციელდა დაზიანებული გზის სრული რეაბილიტაცია. გაფართოვდა გზის სიგანე, რეაბილიტირდა 3 რკინაბეტონის ხიდი და წყალგამტარი მილები. მოეწყო მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და ადგილობრივ გზებთან მიერთებები. საავტომობილო გზა აღიჭურვა საგზაო ნიშნებით. დღეისთვის ახალციხიდან ნინოწმინდის მიმართულებით სომხეთის საზღვრამდე გადაადგილება უსაფრთხოდ და კომფორტულად არის შესაძლებელი. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 14 მილიონამდე ლარით დაფინანსდა.
პირველმა პირებმა მოინახულეს ახალქალაქი-ნინოწმინდას დამაკავშირებელი 17 კილომეტრიანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო და 2020 წლის ზაფხულში დასრულდება. ამ მონაკვეთის დასრულებით მოწესრიგდება სამცხე-ჯავახეთის ძირითადი სატრანსპორტო მაგისტრალები. ჩატარებული საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამცხე-ჯავახეთის სატრანსპორტო და ტურისტული პოტენციალის ათვისებას.
ბესიკ ამირანაშვილმა, სამცხე-ჯავახეთში საგზაო ინფრასტრუქტურის დასრულებული და მიმდინარე პროექტები დაათვალიერა
02/12/2019