შესაბამისი უწყებები აქტიურად მუშაობენ, რათა 2019-2020 წლის ზამთრის ტურისტული სეზონი გუდაურში წარმატებული იყოს

25/11/2019

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, გუდაურში უწყებათაშორისი საკოორდინაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ყველა იმ სახელმწიფო უწყებისა და კერძო სექტორის წარმომადგენელი ესწრებოდა, რომელთა პასუხისმგებლობა ჩამოსული ტურისტების უსაფრთხო და კომფორტული დასვენების უზრუნველყოფაა. შეხვედრის მონაწილეებმა მათთვის აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს. ძირითად პრიორიტეტებად გამოიკვეთა საცობების განტვირთვა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების რაოდენობის გაზრდა და კურორტზე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების სათანადოდ დაცვა. მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, არსებული საჭიროებების უზრუნველყოფის გზები განიხილა. გუდაურში, ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნა დეკემბერში იგეგმება. კურორტზე ამ ეტაპზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. გრძელდება ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მონტაჟი (მეორე ეტაპი). პროექტის განხორციელების შედეგად, გუდაურში ჯამში 5კმ-იანი სათხილამურო გზა იქნება გათოვლიანებული. ასევე, დაგეგმილია კობი-გუდაურის სათხილამურო არეალის საზვავე უსაფრთხოების სისტემით აღჭურვა. სისტემა, ერთი მხრივ, უსაფრთხო სრიალს უზრუნველყოფს და მეორე მხრივ, სასრიალო პერიოდს გაახანგრძლივებს. სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარე წელს დაიწყება. გუდაურში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა წყალმომარაგებაც.

„გუდაურში სათხილამურო სეზონის გახსნისთვის სამზადისი მიმდინარეობს. პროცესებში ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება და კერძო სექტორია ჩართული. დღეს, სწორედ ამ უწყებების წარმომადგენლებს შევხვდი და მათთვის პრიორიტეტული საკითხები განვიხილეთ. არსებული საჭიროებების უზრუნველსაყოფად მუშაობა უკვე აქტიურად მიმდინარეობს. ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა 2019-2020 წლის ზამთრის ტურისტული სეზონი წარმატებული იყოს და კურორტმა ჩამოსულ დამსვენებლებს ტრადიციულად ღირსეული მასპინძლობა გაუწიოს“ – აღნიშნა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო შეხვედრა გუდაურში მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0