პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს პოლიტიკურ თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატები გააცნო

25/11/2019

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 26-29 ნოემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხები განსაზღვრეს. სხდომის დასაწყისში პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს წევრებს პარლამენტში განხორციელებული გადაადგილებების შედეგად გამოთავისუფლებულ თანამდებობებზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი კანდიდატები გააცნო.

„პოლიტიკური კონსულტაციები საკადრო გადაადგილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით პრაქტიკულად დასრულდა. მას შემდეგ, რაც ჩვენმა თანაგუნდელებმა დატოვეს თანამდებობები, ჩვენ საზოგადოებას ვუთხარით, რომ საპარლამენტო გუნდი, უმრავლესობა სწრაფად გადაეწყობოდა ამ რეალობაზე და პარლამენტი გააგრძელებდა მუშაობას. მე მინდა საზოგადოებას გავაცნო ის საკადრო გადაწყვეტილებები, რომლებიც უმრავლესობამ მიიღო“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, პირველი ვიცესპიკერის პოზიციას გიორგი ვოლსკი დაიკავებს. ვიცესპიკერის თანამდებობაზე გუნდი მამუკა მდინარაძეს წარადგენს, რომელიც ასევე უხელმძღვანელებს უმრავლესობას. ვიცესპიკერებად დასახელებული არიან გიორგი კახიანი და კახა კუჭავა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ირაკლი ბერაია უხელმძღვანელებს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ დავით სონღულაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ ნინო წილოსანი და განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ გენადი მარგველაშვილი არიან წარდგენილნ,. ხოლო საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს გურამ მაჭარაშვილი უხელმძღვანელებს. ცვლილებები ძალაში რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების შემდეგ შევა. სხდომაზე ბიუროს წევრებმა პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხების რიგითობა განსაზღვრეს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მიმდინარე სასესიო კვირაში საკადრო გადაწყვეტილებებთან ერთად კანონმდებლები სარატიფიკაციო დოკუმენტებს, სხვადასხვა მოსმენით წარმოდგენილ კანონპროექტებს, პარლამენტის დადგენილების პროექტებს განიხილავენ და „მინისტრის საათის“ ფორმატში ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს მოუსმენენ. ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრეს. ბიუროს წევრები საორგანიზაციო საკითხებსაც გაეცნენ, მათ შორის, გარკვეული კანონპროექტების განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ და საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ მყოფი პოლიტიკური ჯგუფების მომართვებს საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობის არმიღების და პოლიტიკური ბოიკოტის გამოცხადების თაობაზე. საპარლამენტო ფრაქციების წევრებთან ერთად საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობის არმიღების შესახებ განცხადებები პარლამენტის წევრებმა: ნატო ჩხეიძემ, ეკა ბესელიამ და რამაზ ნიკოლაიშვილმაც წარმოადგინეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0