პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში შავღელეში, ჭალადიდში, პატარა ფოთსა და ახალსოფელში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს. შეხვედრებზე მოსახლეობამ ძირითად პრიორიტეტებად შიდა გზების, სანიაღვრე არხების, ნაპირსამაგრების, გარე განათების და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია დაასახელა. შეხვედრაზე ადგილობრივებმა მათი საჭიროებების და პრობლემების შესახებ ისაუბრეს და სამთავრობო გუნდის წევრებისგან დასმულ შეკითხვებზე პასუხები მიიღეს. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, შეხვედრებზე დასახელებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება ეტაპობრივად და ადგილობრივების მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად მოხდება. საჭიროებების გაცნობის და პრობლემების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე მიაწოდეს ინფორმაცია და 2020 წლის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტები გააცნეს. დღეს გამართულ შეხვედრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ.
ხობში ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას ხვდებიან
18/11/2019