სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დაფინანსებული 3 212 პროექტი უკვე დასრულდა

24/10/2019

მოსახლეობის მიერ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით შერჩეული 4 808 პროექტიდან, ამ ეტაპზე, 3 212 უკვე დასრულებულია, მათი სავარაუდო ღირებულება 46 მილიონი ლარია. დანარჩენ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები მიმდინარეობს და წლის ბოლომდე დასრულდება. პროგრამით, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება. 10-დან 20 ათას ლარამდე თანხა კი დასახლებაში მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ნაწილდება. შერჩეული პროექტების თანადაფინანსება შესაძლებელია სხვა ფინანსური წყაროებიდან (საერთაშორისო ან დონორი ორგანიზაციებიდან, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ან კანონით ნებადართული სხვა სახსრებით). უკვე დასრულებულ პროექტებს შორისაა: სასმელი წყლის რეზერვუარისა და სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია; სპორტული დარბაზის კეთილმოწყობა; წყაროს მოპირკეთება; საბავშვო ბაღის ეზოს მოწესრიგება და ატრაქციონების დადგმა; ხიდის შეკეთება; გარე განათების მოწყობა; სასაფლაოს ჭიშკრის აღდგენა და წყლის შეყვანა; ბიბლიოთეკისა და მგზავრთა მოსაცდელის რეაბილიტაცია; გმირთა მემორიალის მოწესრიგება და კულტურის სახლის შეღებვა; საცალფეხო ხიდის შეკეთება და შიდა გზების მოხრეშვა; სავარჯიშო ადგილის მოწყობა და სხვა.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მიმდინარეობის და შესრულების საერთო კოორდინაციას და მონიტორინგს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0