ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს ნარდის ასოციაციის ორგანიზებით ბოლნისში პირველად ღია ტურნირი ჩატარდა ნარდში. 120-მა მონაწილემ გრძელ და მოკლე ნარდში იასპარეზა. ტურნირში მონაწილეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმაც მიიღო. გამარჯვებულები მერიის მიერ სხვადასხვა პრიზითა და ფულადი ჯილდოთი დაჯილდოვდნენ.
I ადგილის მფლობელს 200 ლარი, II ადგილზე გასულს 150, ხოლო III და IV ადგილის მფლობელებს 75 ლარი გადაეცათ.
ღონისძიებას ნარდის ასოციაციის პრეზიდენტი თეიმურაზ ქურციკიძე ესწრებოდა. ტურნირის მხარდამჭერები ბოლნისის ღვინის ქარხანა და არაოლიმპიურ სპორტის სახეობათა ოლიმპიური კომიტეტი იყო.
„მოხარული ვარ, რომ დღეს ბოლნისმა ნარდში ღია ტურნირს პირველად უმასპინძლა. ამ სპორტულმა აქტივობამ საშუალება მოგვცა ბოლნისის ცენტრში ყველა თაობის, ასაკისა და ეროვნების ბოლნისელი შევკრებილიყავით და ნარდის საშუალებით ერთი ლამაზი დღე გაგვეტარებინა. ნარდი გამორჩეული თამაშია, რადგან ის სპორტული ჟინის დაკმაყოფილების გარდა, ადამიანების დამეგობრებასა და დაახლოებას უწყობს ხელს. ბოლნისის ღია ტურნირის მიზანიც სწორედ ეს იყო, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი თანამოქალაქეების ჩვენს საზოგადოებაში ინტეგრაცია. ვფიქრობ, დღეს ამ მიზნების განხორციელებისთვის კიდევ ერთი ქმედითი ნაბიჯი გადავდგით. მინდა ტურნირის გამარჯვებულსა და პრიზიორებს კვლავ არაერთი წარმატება ვუსურვო“ , – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.