ოზურგეთში ფერმერები ციტრუსის კარგ მოსავალს ელოდებიან

02/10/2019

აზიური ფაროსანას მონიტორინგის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს, საკოორდინაციო მართვის ცენტრისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მერიასა და ნატანებში იმყოფებოდნენ, სადაც ციტრუსის ბაღები დაათვალიერეს და არსებულ მდგომარეობას ფერმერებთან ერთად გაეცნენ.
ადგილობრივი ფერმერები, მიმდინარე წელს ციტრუსის კარგ მოსავალს ელოდებიან და აცხადებენ, რომ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების შედეგად ციტრუსის ბაღებში, მავნებელი არ ფიქსირდება.
ფერმერებთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ღონისძიებებში, მნიშვნელოვანია მოსახლეობის აქტიური ჩართულობა და მექანიკური მეთოდებით ბრძოლა, რათა, მომდევნო წელს მავნებელი, სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე არ გავრცელდეს.
ამ პერიოდისთვის აზიური ფაროსანა მოზამთრე ფაზაშია და ტყის მასივებიდან შენობებისკენ მიგრირებს. ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი, საკარმიდამო ტერიტორიებზე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების დამონტაჟებაა. აღნიშნული საგდურები, დიდი რაოდენობით მავნებელს იზიდავს და ადგილზე ანადგურებს.
გურიის რეგიონში, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, საკარმიდამო ტერიტორები თერმული ნისლის ტექნოლოგიით, ხოლო სოფლებში, კონკრეტული ლოკაციები ცივი შესხურერების მეთოდით მუშავდება. ღონისძიებების ფარგლებში, საკოორდინაციო მართვის ცენტრის ფიტოსანიტარი სპეციალისტები, აქტიურ საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ ადგილობრივ მოსახლეობასთან და მავნებლის საწინააღმდეგო მექანიკურ მეთოდებს აცნობენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0