პარლამენტის ნდობის ჯგუფმა საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილა

02/10/2019

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის ნდობის ჯგუფს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საიდუმლო მუხლებზე და საიდუმლო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდა. დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ, მინისტრმა და ნდობის ჯგუფის წევრებმა მედიისთვის კომენტარები გააკეთეს. ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი: „საიდუმლო შესყიდვები, ზოგადად, წლების მიხედვით პროცენტულად შემცირებულია. ჩვენი ხელისუფლების საფინანსო პოლიტიკა არის, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალე ბიუჯეტი გვქონდეს. ის შესყიდვები, რომელიც შეეხება საიდუმლო ნაწილს არის მცირე ნაწილი საერთო ბიუჯეტის და შეეხება მხოლოდ ისეთ შესყიდვებს, სადაც კანონმდებლობა ითხოვს მის გასაიდუმლოებას. ეს შეეხება შეიარაღების შესყიდვას, სპეცტექნიკას და იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც შესყიდვის პროცესშია საიდუმლო, რათა პირი რომელიც განახორციელებს ასეთ შესყიდვას და მომსახურებას გაწევს მას ქონდეს დაშვება საიდუმლო ინფორმაციაზე. ჩვენ თითოეულ ასეთ შესყიდვასთან დაკავშირებით ვიღებთ როგორც წინასწარ ინფორმაციას, ასევე განხორციელებული შესყიდვის შემდგომ ვისმენთ შესაბამის ანგარიშს ყველა უწყებიდან და ვიღებთ ყველა დოკუმენტაციას. ამიტომ ნდობის ჯგუფისთვის საიდუმლო შესყიდვები არის აბსოლუტურად გამჭვირვალე და ძნელად წარმოსადგენია, რომ სახელმწიფო ან ხელისუფლების ინტერესებთან რაიმე კავშირი დავინახოთ, მაშინ როდესაც საუბარია ისეთ შესყიდვებზე, რომელიც უნდა მოხმარდეს ქვეყნის თავდაცვას და უსაფრთხოებას“.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი:„ნდობის ჯგუფის შეხვედრა ეს არის დახურული ფორმატი, ვინაიდან საქმე შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებულ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მთელ რიგ საკითხებს. დღეს შედგა ეს შეხვედრა და ჩვენ განვიხილეთ ბიუჯეტის ის საიდუმლო ნაწილი, რომელიც შეეხება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებს“.
ფრაქცია „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრი, ირაკლი აბესაძე: „ფინანსთა მინისტრს ნდობის ჯგუფის ფარგლებში არ მოუწოდებია ისეთი ინფორმაცია, რომელიც რაღაცა ტიპის შეფასების შესაძლებლობას მოგვცემდა. ძირითადად საუბარი იყო ბიუჯეტის იმ ღია ნაწილზე, რომელზედაც პოლიტიკური დებატი პარლამენტში ისედაც შედგება. სამწუხაროა, რომ არ მომეცა საშუალება შინაარსიანად შევაფასო თუ რა ტიპის საიდუმლო საბიუჯეტო ხარჯვას განახორციელებს სამართალდამცავი სისტემა და თავდაცვის სამინისტრო“.
ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი: „ნდობის ჯგუფთან განიხილება ის საიდუმლო მუხლები და საიდუმლო შესყიდვები, რაც საქართველოს ბიუჯეტით არის გათვალისწინებული. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა წარიმართა კონსტრუქციულ ვითარებაში და ზოგადად, ნდობის ჯგუფი ეს არის მაგალითი თუ როგორ უნდა ითანამშრომლოს ოპოზიციამ და ხელისუფლებამ სახელმწიფოებრივად“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0